logo_geo
გიორგი სუხიტაშვილი: სიყვარული ჩემთვის ეგოიზმია
- +

22 აპრილი. 2021. 15:15

სახელი: გიორგი.

 

გვარი: სუხიტაშვილი.

 

პროფესია: მომღერალი.

 

– მოგონება ბავშვობიდან...

 

– პირველი, რაც მახსენდება, არის ჩემი საყვარელი ცუგა, რომელიც მანქანამ გაიტანა. ინციდენტი ჩემ თვალწინ მოხდა და ისე იმოქმედა ჩემზე, რომ გონებაში ღრმად ჩამებეჭდა. ბავშვობის ემოციები ყველაფერშია და ამიტომ, რა ასაკშიც უნდა ვიყოთ, ჩვენი ყველა ქმედება ბავშვობასთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, ვისაც პატარებთან აქვს შეხება, მინდა, ვთხოვო, აუცილებლად მათი თვალიდან შეხედონ ყველაფერს, რადგან მნიშვნელოვანია, ისინი რას დაიმახსოვრებენ და რა ემოცია დარჩებათ.

 

– მშობლების როლი...

 

– ზოგადად, მშობლის როლი უდიდესია. ყველაზე დიდი განათლება, რაც შეიძლება, ადამიანმა მიიღოს, ეს არის სწორად აღზრდის მეთოდები და მუდმივი ინფორმირებულობა ბავშვებთან კომუნიკაციაზე. ეს ყველაფერი კი იქამდე უნდა იცოდეს, სანამ შვილები ეყოლება. გამოკვების ინსტინქტი ყველა ძუძუმწოვარს აქვს. ამით თავმოწონება არ შეიძლება. მშობლის ვალია, შვილის ადამიანად ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი, რაც ურთულესი პროცესია და კიდევ უფრო რთულია, როცა ეს ყველაფერი არ იცი.

 

– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...

 

– არჩევანი არც მქონია, რაც მახსოვს, სულ ვმღერი. რეალურად ის მინდოდა, რასაც ახლა ვაკეთებ. სხვა პროფესიაზე არც მიოცნებია, უბრალოდ, სპორტი მიყვარდა ძალიან და ახლაც ვთვლი, თუ რაიმე შეიძლება, ჩემგან გამოსულიყო, ეს იქნებოდა სპორტსმენი ან კიდევ ჯარისკაცი, რადგან ძალიან მიყვარს წესრიგი.

 

– ჩემი მეტსახელი...

 

– გვარიდან გამომდინარე, ყველა სუხიტას მეძახის. ბავშვობაში უამრავი სხვდასხვა სახელი მქონდა, მაგრამ ყველაზე ორგანული ჩემთვის სუხიტაა. ხანდახან მავიწყდება კიდეც, გიორგი რომ მქვია.

 

– ადამიანში ვაფასებ...

 

– პირველი – ეს არის ადამიანობა, რაც სამწუხაროდ, დეფიციტური გახდა. მასში გაერთიანებულია ღირსება. მიყვარს გულწრფელი ადამიანები, ოღონდ სხვის დასანახად გულწრფელები არა, მარტო, უკაცრიელ კუნძულზეც რომ ეს თვისება აქვთ, ისეთები. ასევე, ვაფასებ ადამიანებს, რომლებიც ისწრაფვიან პირადი განვითარებისკენ, რადგან თუ პირად განვითარებაზე ფიქრობ, ავტომატურად, ზრუნავ გარემოს განვითარებაზეც.

 

– წარმატებული ადამიანი არის...

 

– წარმატება არ არის კონკრეტული პოზიცია, რომელსაც უნდა მიაღწიო. წარმატება – თავად სიტყვა გვიჩვენებს, რომ რაღაცას უნდა წარემატოს, მიემატოს. ანუ, მე კონკრეტული სიმღერა ჩავწერე, რამაც მომიტანა წარმატება. შესაბამისად, ჩემს მდგომარეობას წარემატა კიდევ სხვა რაღაც. წარმატებული ადამიანი არის ის, ვინც ვითარდება და მისი არსებობის განმავლობაში საკუთარ შედეგებს აუმჯობესებს. თუმცა, ყველაზე დიდი წარმატება საკუთარ თავთან წარმატებაა და არა – ვინმეს თვალში. თავდაჯერებული ადამიანია წარმატებული.

 

– მწამს...

 

– ჩემს თავში სამყაროს სიყვარულის. საკუთარ თავში უნდა ვიპოვო კონკრეტული განცდა, რომ მწამდეს. ჩემი ქვეყანა მიყვარს, რადგან საკუთარ თავში ვაღიარე, რომ უნდა მიყვარდეს, ასე უნდა შევიყვაროთ ყველაფერი, მათ შორის, ღმერთიც, განურჩევლად აღმსარებლობისა.

 

– ღმერთის ჩემეული აღქმა...

 

– ღმერთი საკუთარ თავში თუ არ ვიპოვეთ, სხვაგან არ არსებობს: არც ხატში, არც ეკლესიასა და არც მოძღვარში. ქრისტე დღესაც რომ დაიბადოს, თუ ჩვენს თავში არ ვაღიარეთ, რომ ქრისტეა, ვერ ვიწამებთ. დასანახად, ფასადურად კი დავეცემით და პირჯვარსაც გადავიწერთ, მაგრამ საკუთარ თავში თუ ვერ შევუშვით, ეს არ იქნება გულწრფელი ქმედება.

 

– ვრისკავ...

 

– მაშინ, როცა მხოლოდ ჩემი დევს სასწორზე, როცა სხვისი – არა.

 

– მაკვირვებს...

 

– უფრო იმედს მიცრუებს ხოლმე, როცა მგონია, ადამიანი ფსკერზეა, მაგრამ ამ დროს თურმე, ეს ფსკერი არ არის და კიდევ არსებობს ფსკერის ფსკერი. სამწუხაროდ, ხშირია მსგავსი შემთხვევები და ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ეს დამღუპველია. ჩვენ წონა არ გვაქვს რომ ინერცია ავიღოთ და ინერციით ვიაროთ, პატარა ქარიც გვაჩერებს, ამიტომ ერთობა უნდა ვისწავლოთ. ამაში არ ვგულისხმობ, რომ ყველას ერთი და იგივე აზრი გვქონდეს ყველაფერზე. სამშობლოს რომ უნდა, აი, ამ ერთობაზე ვლაპარაკობ, მაგრამ ამ საკითხში ვერა და ვერ გავერთიანდით, ფარისევლები ვართ.

 

– ვერიდები...

 

– უსაგნო საუბარს, როცა ვერბალურად ვსაუბრობთ ერთ ენაზე, მაგრამ ინტელექტუალურად ერთმანეთის საერთოდ არ გვესმის.

 

– ბედისწერა...

 

– მგონია, რომ არსებობს დამთხვევები, გარდაუვალობები, მაგრამ არ ვიცი, თუ ჩვენი ბედი სადღაცაა დაწერილი. ამას, ალბათ, უფრო დიდი ასაკი და ანალიზი სჭირდება.

 

– სიყვარული ჩემთვის არის...

 

– ძალიან ბევრი რამეა, პირველ რიგში, ეგოიზმია. რეალურად ეგოიზმი ცუდი ნამდვილად არაა. „მე მიყვარხარ“ – ეს უკვე დიდი ეგოიზმია. როცა ამ გრძნობასთან ახლოს ვარ, სულ ვცდილობ, მისი თვალიდან დანახულ საკუთარ თავს შევხედო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ, შენც უნდა გამოიწვიო მასში ეგოიზმი და მასაც ეგოისტურად უნდა უყვარდე, ისიც არ უნდა გთმობდეს და შენც არ უნდა გეთმობოდეს. სხვანაირად ეს გრძნობა არ მესმის.

 

– როცა პირველად შემიყვარდა...

 

– კონკრეტულ შემთხვევას ვერ გავიხსენებ, მაგრამ შეგრძნებების დონეზე მახსოვს. საკმაოდ პატარა ასაკში მოდის გულის ფრიალები და ხშირად მიფიქრია, რატომ შეიძლება, საბავშვო ბაღში ან პირველ-მეორე კლასში გქონდეს განცდა, რომ მის დანახვაზე ნერვიულობ. თან როგორი გულწრფელი განცდაა, იმ დროს არ ფიქრობ არც სექსზე და არც სხვა მანკიერი რამ შემოდის შენში, არც მისი მშობლების ფული გაინტერესებს, მარტო გულწრფელი აღელვება გაქვს, განიცდი, როგორ გამოიყურები და ცდილობ, შეგამჩნიოს. გინდა, მასში გამოიწვიო ემოცია და აბრაზებ, ისეთ რამეს აკეთებ, რომ შენზე გაასწორებინო მზერა... ეს ძალიან საინტერესო პროცესია.

 

– ის, რაც ჩემთვის უპატიებელია...

 

– ძალიან ბევრი რამე მეგონა, რომ უპატიებელი იყო და ასე არ აღმოჩნდა. ბევრი აზრი შემეცვალა, ბევრი რამე გადავაფასე, ამიტომ ვერიდები ხოლმე მსგავსი პასუხების გაცემას.

 

– მეშინია...

 

– არის რაღაცები, რისიც ხან მეშინია, ხან – არა, გააჩნია, იმ დროს რა ფსიქოლოგიურ მდგომარებაში ვარ. სიკვდილის ხან მეშინია, ხან – არა, ხან მგონია, რომ დღესვე მზად ვარ, წავიდე ამქვეყნიდან. შეიძლება, უამრავი რამის გეშინოდეს, გააჩნია, იმ მომენტში როგორ აღიქვამ კონკრეტულ რამეს. ეს დილასავითაა, როგორ განწყობაზე გაიღვიძებ. დილით ზოგჯერ ისეთ ენერგიაზე ვარ, რომ მთებს გადავდგამ, ზოგჯერ, უბრალოდ, არ მინდა, რომ სახლიდან გავიდე.

 

– მაბრაზებს...

 

– ყველაზე მეტად მაბრაზებს, როცა ადამიანები უღირსად იქცევიან და ასევე, როცა მავნებლობენ. ძალიან მაბრაზებს მავნებელი ხალხი, რომელიც ავნებს გარემოს და ბუნებას.

 

– შემშურებია...

 

– რა თქმა უნდა, კი. ვინც იტყვის, რომ არ შემშურებიაო – ფარისეველია. ეს ადამიანური თვისებაა და ვიღაცამ, რომ თქვას, ტუალეტში არ შედის, დაახლოებით, ეგეთი ფარისევლობაა. შემშურებია კი და შემშურდება კიდეც, მაგრამ გააჩნია, ვისი და რისი გშურს. მე სხვისი მანქანისა და დიდი სახლის არ მშურს, თუმცა შეიძლება, შემშურდეს იმის, ვინც ჩემზე მეტი იცის. მშურს და მინდა, რომ მეც ისეთი ვიყო. ეს კი სტიმული და კონკურენციაა, რომელსაც სწორედ, შური ბადებს.

 

– სამაგიეროს გადახდა...

 

– არც მიცდია, თუმცა, ჩემს თავზე შემიძლია, რაღაცები გავატარო და ჩემთვის ძვირფას ადამიანებს თუ დაუშავებენ, არ ვიცი რას მოვიმოქმედებ.

 

– ბოდიშის მოხდა...

 

– მაშინვე მიჭირს, იმიტომ რომ უნდა გავიაზრო, რა დავაშავე. ტყუილად გამარჯობის თქმაც მეზარება და მოვალეობის მოხდის მიზნით არაფრის გაკეთება არ მიყვარს. ადამიანი არ უნდა მოიკითხო, თუ არ გაინტერესებს როგორ არის და გაუაზრებლად ბოდიშიც არ უნდა მოიხადო, მხოლოდ იმიტომ, რომ „ცეცხლი ჩააქრო“.

 

– ვნანობ...

 

– სიზარმაცეს. ბევრგან ვიზარმაცე და გულწრფელად ვნანობ. უფრო მეტი განათლება უნდა მქონდეს, ვიდრე ახლა მაქვს, მაგრამ გვიან არასოდეს არის. გააზრებულ ასაკში ახალი ინფორმაციის მიღება უფრო სასიამოვნოა.

 

– ვაგროვებ...

 

– ყველაფერს, რაც გროვდება (იცინის). მონეტები მიყვარს და ბევრი მაქვს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი საუკუნისაა, უბრალოდ, მომწონს და ვაგროვებ. თავისით მომიგროვდა სასმელები. რეალურად, ამ ყველაფერს ემოციისთვის ვაგროვებ. თუ სიბერე მეღირსა, ყველაზე კარგი და სასიამოვნო კარგი მოგონებების გახსენებაა.

 

– თავისუფლება არის...

 

– ჯერ ვიტყვი, რა არ არის თავისუფლება. თავისუფლება არ არის დამტკიცება, რომ თავისუფალი ხარ. მე არ ვარ პირსინგის წინააღმდეგი, არც ტატუსი, არც სხვადასხვა ტიპის სამოსის და არც არაფრის, მაგრამ თუ ამ ყველაფერს ვიკეთებ იმის გამო, რომ მზღუდავენ და ამით ვამტკიცებ ჩემს თავისუფლებას, მაშინ გეტყვით, რომ ეს არის ყველაზე დიდი შებოჭილობა. თავისუფლება არის ის, როცა არავის აღარაფერს უმტკიცებ. ამის მიღწევა კი ძალიან რთულია.

 

– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

 

– ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა გზრდის და ეს შეიძლება, ცვლილებას ნიშნავდეს. ცხოვრებაში ბევრი ეტაპი გავიარე, რამაც შემცვალა და გამზარდა.

 

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...

 

– არ ვიცი, ეს რჩევაა, თუ შეძახილი, მაგრამ კარგად მახსოვს სიტყვა „შეგიძლია“. ეს ხშირად ძალიან მაგარია, ხშირად – ცუდი. უნდა ვიცოდეთ, როდის უნდა მოვუსმინოთ ამ სიტყვას.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი