logo_geo
ნინო ქურციკიძე: ისრაელში ყველა დედისთვის დიდი სიამაყეა, როცა ბავშვი ჯარში მიდის - ჩემი გოგოც 2 წელიწადში წავა ჯარში
- +

19 მაისი. 2021. 02:14

 

 

ისრაელში მცხოვრები ქართველი ნინო ქურციკიძე ქვეყანაში მიმდინარე კრიზისულ სიტუაციაზე "ღამის კურიერთან" საუბრობს.

 

" არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქალაქში ცხოვრობ, დღევანდელი მდგომარეობა ძალიან დაძაბულია. ისრაელი პატარა ქვეყანაა და ერთი ბომბის გასროლაც კი მთელ ისრაელს ესმის. რასაკვირველია ღაზას სექტორთან მდებარე ქალაქებში გაცილებით რთული მდგომარეობაა.

 

თავშესაფრების კარები მთლიანად ღიაა. სასწავლო პროცესი და საბავშვო ბაღების ფუნქციონირება შეწყვეტილია. გადაადგილებაც ნაკლებადაა, საცობებიც არაა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს განრიგით და არა ჩვეული წესით," - აცხადებს ნინო ბუცხრიკიძე.

 

აღსანიშნავია, რომ მისი უფროსი შვილი 19 წლის ავთანდილ ნემსაძე ისრაელის ჯარში, ღაზას სექტორთან ახლოს მსახურობდა, როდესაც დაპირისპირება დაიწყო. ამჟამად ის კონფლიქტის ეპიცენტრშია.

 

ქართველი ემიგრანტის თქმით, ის შვილზე ძალიან ღელავს, თუმცა ეამაყება, რომ მისი შვილი ისრაელისთვის იბრძვის.

 

"ჩემი შვილი თითქმის 1 წელია რაც მსახურობს. გაიარა სავალდებულო წვრთნა, მიანიჭეს მწვანე ბერეტი და გადაანაწილეს საბრძოლო ქვედანაყოფში. მოუწია ერთ-ერთ წინა ფრონტზე ყოფნა და როდესაც დაიწყო ეს შეტაკება, იქ იმყოფებოდა. საუბარს მასთან თითქმის ყოველ დღე ვახერხებ. თუ საუბარს ვერ ვახერხებთ, მაშინ შეტყობინებას გზავნის, რომ კარგად არის. გვაწყნარებს, რომ საშიში არაფერია, მაგრამ აქედან ძალიან ვღელავთ. ყველაზე ხშირად მიყვება, რომ სახლში უნდა ძალიან მოსვლა. ენატრება სახლის საჭმელი და მისი დები.

 

ძალიან ბევრი ქართველია აქ ჯარში, ვინც 18 წელს არის გადაცილებული გოგო ან ბიჭი, ყველა ჯარშია წასული.

 

აქ ყველა დედისთვის დიდი სიამაყეა, როცა ბავშვი ჯარში მიდის. ბავშვობიდან იზრდებიან ისე, რომ აუცილებლად ისრაელის ჯარი უნდა მოიხადონ და მხოლოდ შემდეგ შეუძლიათ მომავალი დაგეგმონ. ჩემი გოგოც 2 წელიწადში წავა ჯარში და მზად არის, რომ ემსახუროს ისრაელს," - ამბობს ბუცხრიკიძე.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი