logo_geo
ზურა ნიჟარაძე: ძალიან რთული ცხოვრების გზა მაქვს გავლილი...
- +

25 მაისი. 2021. 14:13

 

 

მსახიობი ზურა ნიჟარაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში თავის განვლილ ცხოვრებას იხსენებს.

 

„ძალიან რთული ცხოვრების გზა მაქვს გავლილი. არცერთი როლი არ არის მორგებული ჩემს ცხოვრებაზე. ბევრჯერ წავქცეულვარ, თუმცა, ავმდგარვარ და გამიგრძელებია ცხოვრება. როცა ქუთაისიდან ჩამოვედი, 17 წლის ვიყავი. მეორე კურსზე, 18 წლისას კი, მამა გარდამეცვალა, გული გაუსკდა. იმ დღეს დავბერდი, რომ გავიაზრე, რა მოხდა, როგორ დამემხო თავზე ყველაფერი. მეგონა, მეორე დღეს მზე აღარ ამოვიდოდა. სანამ მამა მყავდა, ლაღი ვიყავი, ყველგან დავდიოდი, არაფერი მანაღვლებდა. ბევრი ჩემი მეგობარი გზას ასცდა, ვერ შედგა როგორც არტისტი, ზოგი განარკომანდა, ზოგი გალოთდა, ზოგიც ციხეში აღმოჩნდა. მე ამას, ყველაფერს, გადავრჩი და ამის მიზეზი სწორედ ის პასუხისმგებლობა იყო, რასაც მამის გარდაცვალების მერე ოჯახისა და მეგობრების მიმართ ვგრძნობდი. ბევრი მეგობარი ჩემი გვერდით დგომით, დაღუპვასაც გადავარჩინე. ჩემს ოჯახში მარტო მამა მუშაობდა და ფინანსურად მასზე ვიყავით დამოკიდებული. ეს იყო ცხოვრებისგან პირველი და ყველაზე დიდი დარტყმა. დედა ახალგაზრდა იყო, ჩემი ძმა - 9წლის, მე - სტუდენტი, ბებია - ლოგინად ჩავარდნილი, ბაბუა - მოხუცი... მამა იყო ყველაფერი და 44 წლის ასაკში გამოგვეცალა ხელიდან. ფაქტობრივად, სწავლისთვის თავი უნდა დამენებებინა. არც ჯიბის ფული მქონდა და არც სწავლის. მამის დაკარგვის გარდა, პროფესიასაც ვკარგავდი, რაც მთელი ბავშვობა მინდოდა. თუმცა, კეთილი ადამიანები არსებობენ და გოგი ქავთარაძის, გურამ საღარაძის და ჩემი მეგობრების წყალობით, უნივერსიტეტში დავრჩი. მამის დაკრძალვიდან მესამე დღეს, სასაფლაოზე რომ უნდა გავსულიყავი, თბილისში წამოვედი და სპექტაკლი ვითამაშე. არ დამავიწყდება გოგი ქავთარაძის სიტყვები, გიგა ლორთქიფანიძის კაბინეტში რომ შემიყვანა: არ შეიძლება ამ ბავშვის დაკარგვაო. უფასოზე გადამიყვანეს და სწავლა გავაგრძელე. გოგიმ, ფაქტობრივად, ჩემი მამობა იკისრა, თავისთან ცხოვრებაც შემომთავაზა, მაგრამ ბიძაჩემთან ვამჯობინე. გაჭირვებით, მაგრამ სწავლაც დავამთავრე, სარდაფის თეატრში ვთამაშობდი, სხვა თეატრებშიც დამაკავეს, გორის თეატრის დირექტორიც ვიყავი და აქამდე მოვედი. ასე რომ, დალხენილი ცხოვრება ნამდვილად არ მქონია და რომ არა ჩემი სამეგობრო, არც კი ვიცი, დღეს სად და ვინ ვიქნებოდი. არცერთი ადამიანი არ დამვიწყებია, ვინც იმ რთულ დროს თავზე ხელი გადამისვა, გვერდით დამიდგა და დამაიმედა. ამ ტრაგედიამ ცხოვრება დამანახვა და ურთიერთობაში ბევრი რამ მასწავლა. ვიღაცამ შეიძლება, ფული გაჩუქოს, ვიღაცამ კი თავზე ხელი გადაგისვას, ვიღაცამ გაგიღიმოს - ეს ყველაფერი უნდა დაიმახსოვრო და სიკეთით გადაუხადო. მე მართლა ყველა ადამიანი მახსოვს. არც ის სიტყვები დამავიწყდება: ნუ გეშინია, ზურიკელა, ყველაფერი კარგად იქნებაო. არც ის დამავიწყდება, როცა მეგობრები პირდაპირ ფულს ვერ მაძლევდნენ და დივანზე მიტოვებდნენ, ვითომ ჯიბიდან ამოუვარდათ. ამას, არასდროს დავუვიწყებ“, - ამბობს ზურა ნიჟარაძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი