logo_geo
თამუნა მუსერიძე: სასტიკი ტყუილის მსხვერპლნი არიან, მათ ეუბნებოდნენ, რომ ბავშვი გარდაიცვალა...
- +

3 ივნისი. 2021. 13:29

 

ტელე და რადიოწამყვანი, თამუნა მუსერიძე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში, ორგანიზაციაზე საუბრობს, რომელიც უკანონო გაშვილების ფაქტებს იძიებს.

 

„თავდაპირველად ეს ორგანიზაცია სულ სხვა მიზნით შეიქმნა. ვფიქრობდი, გაშვილებული პირების უფლებების დაცვაზე გვემუშავა. ეს უფლებები დღემდე ბუნდოვანია და ათასი ბარიერი არსებობს, რომ ბოლომდე სიმართლე არ შეიტყონ. გაშვილებული ადამიანი ვერ დაიწყებს ბიოლოგიური მშობლების მოძიებას კანონიერად, თუ მას აღმზრდელი მშობლების ნებართვა არ ექნება. ამ ნებართვის შემდეგ კი ვერ შეხვდება ბიოლოგიურ მშობლებს, თუ ისინიც არ იქნებიან თანახმა შეხვედრა ზე. ყველაფერი ხელმოწერით უნდა იყოს დადასტურებული.

 

დიდი ხანია, ვეძებ ჩემს ბიოლოგიურ დედას. ამისთვის დამჭირდა ბევრი დრო, ბევრ ინსტანციაში მისვლა და უამრავი განცხადების დაწერა. ამ პერიოდში შევხვდი ადამიანებს, რომლებსაც მსგავსი პრობლემები აწუხებდათ, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ჯგუფი, რომლის წევრები ერთმანეთსაც დავეხმარებოდით და სხვებსაც დავაკვალიანებდით. ვერც კი წარმომედგინა, თუ ასეთი აქტუალური იქნებოდა ეს საკითხი. სამი თვეა, რაც ჯგუფი შეიქმნა და უკვე 120 ათასი წევრია, ხოლო ნახვებს თუ შევაჯერებთ, 3 140 000 ნახვა აქვს.

 

ჩვენ დავდექით შემაშფოთებელი ფაქტების წინაშე. ჯგუფმა რეალურად სახე იცვალა და უკვე აღარ ვართ მრჩევლების სტატუსით, არამედ ჩამოვყალიბდით, როგორც გამომძიებელი ჟურნალისტები. აღმოჩნდა, რომ არიან დედები, რომლებმაც სხვადასხვა სამშობიაროში იმშობიარეს, სასტიკი ტყუილის მსხვერპლნი არიან. მათ ეუბნებოდნენ, რომ ბავშვი გარდაიცვალა და მაშინვე დაიკრძალა სამშობიაროს სასაფლაოზე.

 

სინამდვილეში კი ჩვილები სრულიად საიდუმლოდ გაყიდეს და გააშვილეს. ამას ადასტურებს ის, რომ არც ერთ სამშობიაროს საკუთარი სასაფლაო არ გააჩნია და თუ მართლა გარდაიცვლება ახალშობილი, ისინი ვალდებულები არიან, დასაკრძალად გადასცენ მშობლებს. გარდაცვლილი ბავშვი რომ არც ერთ მშობელს არ უნახავს, ამას ხსნიდნენ სხვადასხვა მიზეზით. პირველ რიგში, ვითომ უფრთხილდებოდნენ ახალნამშობიარები დედის ფსიქიკას. ასეთი მოტყუებული დედები ათასობით არიან და ბევრ მათგანს დაჯერებაც არ უნდა, რომ მისი შვილი ცოცხალია და სხვაგან იზრდება, რადგან ასეთ მძიმე დანაშაულში ძირითადად ახლობლები მონაწილეობდნენ, რა თქმა უნდა, ექიმებთან შეთანხმებით. ჩვენ უამრავი ასეთი ფაქტი მოვიპოვეთ. დიდ წინააღმდეგობასაც ვაწყდები სახლების პერსონალის მხრიდან, რომელთაც არ აწყობთ ავტორიტეტის შერყევა. შეიძლება თავად არც იყვნენ გარეული ასეთ მაქინაციაში, მაგრამ მაინც დიდ დებოშს ტეხენ ჩვენ დანახვაზე. იძახებენ პატრულს, გვლანძღავენ და ზოგჯერ ფიზიკურ დაპირისპირებაზეც გადადიან“, - ამბობს თამუნა მუსერიძე.

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი