logo_geo
შალვა პაპუაშვილი 5 ივლისის მოვლენებზე: ჟურნალისტებზე ძალადობა ყველასთვის მოულოდნელი იყო, რადგან წინა დღეებში აგრესია მეორე მხარისკენ იყო მიმართული
- +

11 ივლისი. 2021. 01:28

 

 

„5 ივლისს მობილიზებული იყო 3 000 პოლიციელი. იყო მზადება 17:00 საათზე დაგეგმილი აქციისთვის, მოხდა სპონტანური ძალადობა 6 საათით ადრე ჟურნალისტებზე, რასაც არავინ მოელოდა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„წინა დღეებში აგრესია მიდიოდა მეორე მხრის და არა ჟურნალისტების მიმართ. როდესაც ინციდენტი დაიწყო, პოლიცია ჩაერია. ორ პოლიციელს ოპერაცია დასჭირდა, ვინაიდან ჟურნალისტების დაცვის და მათი გაყვანის დროს თავად მიიღეს დაზიანებები. 1-ელ ივლისს დაიწყო პროცესი და სანამ ვნებათაღელვა იქნებოდა და 5 ივლისს განვითარებული მოვლენები, მანამდე ყველაფერმა კარგად ჩაიარა და პოლიციამაც რომ შესაბამისად შეძლო პროცესების მართვა, ეს თითქოს დავიწყებულია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

მისი თქმით, გასულ კვირას განვითარებული მოვლენები სრულად უნდა შეფასდეს, ამიტომ  აშშ-ის ელჩის კრიტიკულ განწყობას, რომ 5 ივლისს პრემიერ-მინისტრმა მოვლენების მართვა ვერ შეძლო, არ ეთანხმება.

 

„ამიტომ უნდა შევხედოთ მთლიან პროცესს და სწორედ აქაა პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის და უწყების მთლიანად დამსახურება, მათ შეძლეს პროცესის მართვა. 1-ელ და 3 ივლისს იყო კონკრეტულ ლოკაციაზე ღონისძიება, მათ შორის იყო დაანონსებული კონტრაქცია. პოლიციამ იქ უზრუნველყო დაშორიშორება ამ ჯგუფების და ის ღონისძიებები ჩატარდა. მათ შორის, 6 ივლისს პოლიციამ შეძლო იმ ინსტრუმენტების და მეთოდების გამოყენება, ამ ორი ჯგუფის ერთმანეთისგან გაყოფა, ისე, რომ ინციდენტებს არ ჰქონდა ადგილი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

მაშინ რა მოხდა 5 ივლისს? პაპუაშვილი აცხადებს, რომ ჟურნალისტებზე ძალადობა ყველასთვის მოულოდნელი იყო.

 

„ამ დღესაც იყო დაანონსებული „თბილისი პრაიდის“ ღონისძიება, ოღონდ საღამოს 17:00 საათზე... როდის მოხდა ინციდენტი? დილის 11:00 საათზე. ამ დღეებში სულ არსებობდა რისკი, რომ იქნებოდა შეტაკება, ან ძალადობა. 5 ივლისს დილის 11:00 საათზე შეკრებილი იყო მოწინააღმდეგეთა აქცია, პოლიცია იქ იყო იმდენი, რამდენიც საჭიროა ხოლმე, როცა ერთი მხარეა შეკრებილი და იქ რისკი არის დაბალი, რომ რამე ინციდენტი მოხდება. მოხდა ძალადობა ჟურნალისტებზე, ეს იმდენად მოულოდნელი იყო... ერთადერთი ეს ტელევიზია მახსენდება, სადაც ჟურნალისტებზე სახელმწიფოს მხრიდან მასობრივი ძალადობა მოხდა 2007 წელს. აქციაზე მედიის წარმომადგენლებზე ასეთი მასობრივი ძალადობა რომ ყოფილიყო, ჩვენ ისტორიაში არ გვახსოვს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი