logo_geo
,,დამანახეთ გზა, რომელსაც გავყვები, გამაგონეთ ხმა, რომელსაც ავყვები”
- +

23 ივლისი. 2021. 10:34

 

ბეგი მამალაძემ ცხოვრების ბილიკებზე სულ 18 წელი იარა, მაგრამ ბევრი რამის თქმა და ბევრი ადამიანის შემოკრება შეძლო თავის გარშემო. ის ცივი იარაღით გამოასალმეს სიცოცხლეს თბილისში, საკუთარ უბანში, 2015 წლის 25 მაისს. ტრაგედია წინა ღამით მომხდარ დაპირისპირებას მოჰყვა. გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ბეგისთვის სკოლის ბოლო ზარი დაირეკა.

 

,,3 ივლისს, გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს, დილის 9 საათზე აბიტურიენტთა დარბაზში გამოცდა შეფერხდა აბიტურიენტის გამოუცხადებლობის გამო. წაიკითხეს სია და როდესაც ამოიკითხეს ბეგის სახელი და გვარი, ირინა სარიშვილის შუათანა შვილმა, რომელიც ბეგის არ იცნობდა, თქვა: ,,ბეგი ვერ მოვა, ის მოკლეს”. იმ დღეს ბეგი ყველაზე მთავარ გამოცდას უფალთან აბარებდა”, _ იხსენებს ბეგის დედა, მარიკა ზედელაშვილი.

 

უამრავი ტრავმა და გასაჭირი, რაც გამოიარა, მისი ცხოვრების წესზეც აისახა და მის შემოქმედებაზეც. ბეგი თითქოს გრძნობდა, რომ სიცოცხლეს ნაადრევად დაასრულებდა. ერთ-ერთ ლექსში წერს:

 

,,სიკვდილის შიში სულაც არ მთრგუნავს,

 

და არც დედას ვთხოვ, ჩემზე იტიროს,

 

და სიკვდილის წინ სულ ერთს ვთხოვ უფალს,

 

სახეზე სიომ გადამირბინოს”.

 

ბეგის დედა: მისთვის ყველაზე დიდი პრობლემა გახდა შეძენილი სიელმე. იმ პერიოდში ოპერაციის გაკეთება ვერ შევძელით. სკოლაში ამის გამო ხშირად დასცინოდნენ. იგივე გრძელდებოდა მუსიკალურ სკოლაშიც. მოკლედ, ბევრი ფაქტორი იყო.  გარშემომყოფები სწორად ვერ აღიქვამდნენ. ფიქრობდა, რომ მისი შინაგანი სამყარო სხვებისთვის მისაღები არ იქნებოდა.

 

,,განსხვავებულს შეშლილებად და გიჟებად აკურთხებთ,

 

თქვენ თუ ნერწყვი მოგდგომიათ, სხვას სულში ნუ აფურთხებთ…”.

 

აქვე წერდა: ,,დამანახეთ გზა, რომელსაც გავყვები, გამაგონეთ ხმა, რომელსაც ავყვები”. გარდაცვალების წინა დღეს, წერდა: ,,თბილისი წვიმას ისევ ვერ უძლებს და ქართლის დედამ ისევ იტირა”. უბან-უბან სიარული უყვარდა.

 

მის პანაშვიდებზეც დამტკიცდა, რამდენ ადამიანს უყვარდა. იმ საშინელ დღეს სავსე იყო ჩემი სახლის ეზო ახალგაზრდებით. ბევრი ადამიანი შეარიგა კიდეც ამ ეზოში. ჩემმა შვილმა იქიდანაც ბევრი შეძლო.

 

მილიონობით ნახვა აქვს მის სიმღერებსა და ლექსებს. გულწრფელობით მივიდა თავისი თაობის გონებამდე და გულამდე. მის წიგნს თუ წაიკითხავ, მიხვდები, რომ ბეგი ჩვეულებრივი სალოსია. ის ახალგაზრდა თაობას გასაგებ ენაზე ესაუბრებოდა…ერთ ლექსში ამბობს: ,,გაგიბახეს ქვეყანა, შენ, ჭავჭავაძე ილიკო”.

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი