logo_geo
ნინო ჯღარკავა: საჭიროა კანონი ცილისწამების შესახებ, რომ სახელმწიფო სახელმწიფოს დაემსგავსოს და ჟურნალისტიკა – ჟურნალისტიკას!
- +

29 ივლისი. 2021. 18:29

 

 

„ასე თუ ისე, ყველა რაღაცას ვაშავებთ, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს, ისეთი დავაშავოთ, რასაც „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ და „კავკასია“ აშავებენ!“ - ამის შესახებ გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში ნინო ჯღარკავამ განაცხადა.

 

„თუ ვინმეა ბულინგის მსხვერპლი სოციალურ ქსელში – ვარ მე! ამ ცხრა წლის განმავლობაში არაერთი განცხადება, საჩივარი შევიტანე პროკურატურაში, გამოძიებაში, სასამართლოში – ჩემი, დაახლოებით, 16 განცხადება მაინც არის თაროზე შემოდებული! არც ერთს არ მოჰყვა რეაგირება, რადგან სისხლის სამართალში არ არსებობს კანონი ცილისწამების შესახებ! ადამიანს შეუძლია მხოლოდ სამოქალაქო სარჩელი შეიტანოს, რაც ნიშნავს იმას, რომ 3-4-5 წელი შეიძლება გავიდეს და საქმე არ განიხილონ. 5 წლის მერე კი რომ განიხილავენ, იმ დროისთვის შეიძლება არც ის კონკრეტული ჟურნალისტი აღარ მუშაობდეს, ვისაც უჩივი და არც მისი ბოდიში აღარ გჭირდებოდეს. აი, ეს არის ძალიან ცუდი! 2012 წლის მერე მე კამპანიაც დავიწყე – მივიღოთ კანონი ცილისწამებაზე-თქო, მივმართე დეპუტატებს, ეკა ბესელია იყო მაშინ და მასაც მივმართე... თითქოს, ყველა მეთანხმებოდა – კი, უნდა გაკეთდესო, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, არ აკეთებდნენ. მერე იყო და, სიტყვის გამოხატვის თავისუფლებააო და არ შეიძლებაო, დემოკრატიააო და არ შეიძლებაო... ჩვენზე დემოკრატიული სახელმწიფოა, მე მგონი, საფრანგეთი, მაგრამ ესეთი კანონი ცილისწამებაზე მათ მიიღეს და დეზინფორმაციის გავრცელება 5-6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება იქ!

 

ვინ ბლოკავს ამ კანონის მიღებას საქართველოში, მე დღემდე ვერ გავიგე! მართალი ბრძანდებით – ეკრანიდან წამოსული სიძულვილი, შეურაცხყოფა იქამდე მივიდა, რომ ხალხში აგრესია გაჩნდა მათ მიმართ და ზუსტად ამიტომ მოხდა 5 ივლისის ამბები! კი, ვგმობ ძალადობას, მაგრამ სწორედ ამ ყველაფერმა მიიყვანა ის ადამიანები აქამდე, რაც ვნახეთ!

 

ყველას ერთნაირი ფსიქიკა არ აქვს, ყველას ვერ მოვთხოვთ, რომ პოლიციაში წადი და საჩივარი წერე... ჰოდა, გაბრაზდება მერე ვიღაც და სამწუხაროდ, გააკეთებს იმას, რაც 5 ივლისს გააკეთა! თუ ეს დაუსჯელობის სინდრომი კიდევ იარსებებს, ისევ გაგრძელდება აგრესიული გამოვლინებები - ჟურნალისტების მიმართ და ეს არ გაჩერდება! სწორედ ამიტომაა საჭირო კანონი ცილისწამების შესახებ, რომ სახელმწიფო სახელმწიფოს დაემსგავსოს და ჟურნალისტიკა – ჟურნალისტიკას!

 

ასე თუ ისე, ყველა რაღაცას ვაშავებთ, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს, ისეთი დავაშავოთ, რასაც „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ და „კავკასია“ აშავებენ!“ - განაცხადა ნინო ჯღარკავამ.

 

გაზეთ „ქართული აზრის“ შეძენა შეგიძლიათ ნებისმიერ საგაზეთო ჯიხურში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი