logo_geo
ერეკლე გეწაძე: ღვთის წყალობაა, ამდენჯერ რომ გადავრჩი
- +

22 სექტემბერი. 2021. 18:25

 

 

მსახიობი და მუსიკოსი ერეკლე გეწაძე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში თავის ცხოვრების იმ ეტაპებზე საუბრობს, როცა სიკვდილს გადაურჩა. ერეკლე სამჯერ ურთულესი დაზიანებებით საავადმყოფოში მოხვდა, მაგრამ მისი აზრით, კიდევ ბევრჯერ გადარჩება და ეს ყველაფერი ღვთის წყალობით ხდება.

 

„მე და ჩემი მეგობრები კვარიათში დასასვენებლად წავედით. წყლის კატერით გართობა მოვინდომეთ. პარაშუტი შემაბეს, კატერი დაიქოქა და ავფრინდი. სანამ ჩემი კატერი ნაპირთან ჩამომსვამდა, მივხვდი, რომ საქმე რაღაცაში იყო, ქვემოდან ხალხი ხელს მიქნევდა, პანიკა იყო. აღმოჩნდა, რომ თოკი, რომლითაც ჩემი პარაშუტი იყო მიბმული, აღარ იყო და ხმელეთისკენ უთოკო პარაშუტით დიდი სიჩქარით ვეშვებოდი. ხმელეთზე დაცემას გადავრჩი, მაგრამ გზის მეორე მხარეს ძალიან მაღალი ალვის ხის ტოტებში გავეჩხირე.

 

ტოტების მტვრევა დავიწყე, პარაშუტი გავხიე და ძირს დავეცი, კეფა დავარტყი და გავითიშე. ტვინის ძლიერი შერყევა მივიღე. დაახლოებით 18 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვვარდი. ხელის, ფეხის მოტეხილობა მქონდა, მთელი სახე დაგლეჯილი იყო...“ - იხსენებს გეწაძე.

 

ამის შემდეგ იყო ავარია:

 

„მე და ჩემი მეგობრები ლისის ტბაზე ვიყავით, ახალი წლის პერიოდი იყო. ცოტა დავლიეთ, ლუდით ნასვამები ვიყავით. ჩაგვეძინა. ავტომობილში ჩემ გარდა კიდევ ორი მეგობარი იყო, საჭესთან ვიჯექი. უცებ საშინელმა ხმაურმა გამაღვიძა. მანქანის შუშას თავით ვასკდებოდი, სისხლი მდიოდა. გვერდით ვინც მეჯდა, იდაყვის არეში ხელი მოიტეხა, მესამე მეგობარი უვნებელი გადარჩა, მე კი ტვინის შერყევით კარგა ხანს ვიწექი, გარეთ ვერ გავდიოდი“,

 

ბოლოს მსახიობს ავტობუსი დაეჯახა:

 

„ჭავჭავაძის გამზირზე გადავდიოდი. ავტობუსი შემასკდა  და მინებს ბზარები გაუჩნდა. ავტობუსის დაჯახების სიჩქარე ისეთი  ძლიერი იყო, რომ ჰაერში 8 მეტრი ამაფრინა.

 

ძირს რომ დავეცი, მერე გავითიშე. ტვინის შერყევა მივიღე, მხარი ამოვარდნილი  და მოტეხილი მქონდა. მუცლის ღრუში ორგანოები გახეული იყო, სახეზეც დავშავდი. საავადმყოფოში თვე-ნახევარი გავატარე. თითქმის ერთი თვე ვერაფერს ვფიქრობდი, ვერაფერს ვაკეთებდი, სულ მეძინა, ნემსებს, გადასხმებს მიკეთებდნენ, რაღაც აპარატზე ვიყავი შეერთებული. ექიმები ცდილობდნენ, არ შეემჩნიათ, თუ რამდენად მძიმე იყო სიტუაცია. ალბათ კიდევ ბევრჯერ გადავრჩები, ყოველ შემთხვევაში, ამას ვაპირებ. ღვთის წყალობაა, ამდენჯერ რომ გადავრჩი“, - იხსენებს მსახიობი და მუსიკოსო ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი