logo_geo
ეკა ჩხეიძე: ლევანი ჩემს ცხოვრებაში მთავარი ადამიანია
- +

23 სექტემბერი. 2021. 16:09

 

მსახიობი ეკა ჩხეიძე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში თავის ცხოვრების ერთადერთ სიყვარულზე საუბრობს და ამბობს, რომ მის ცხოვრებაში მთავარი ადამიანი სწორედ მისი ყოფილი მეუღლეა.

 

ჩემი მეუღლე ლევან მუშკუდიანი არის საუკეთესო ადამიანი მათ შორის, ვისაც ვიცნობ. ნიჭიერი შემოქმედი, მართა ლი კაცი, მზრუნველი მეუღლე და მამა. ჩვენი ურთიერთობა ძალიან ახალგაზრდა ასაკში მეგობრობით დაიწყო, შემდეგ მოვიდა დიდი სიყვარული და დავქორწინდით. 20 წელი ვიცხოვრეთ, როგორც შეყვარებულმა წყვილმა, ყოველი დღე იყო ურთიერთტკბობის, მზრუნველობის, აღმოჩენების. მიუხედავად იმისა, რომ ორივენი დაკავებულები ვიყავით და გვიანობამდე ვმუშაობდით, აბსოლუტურად ვენდობოდით ერთმანეთს, არასდროს გვქონია ეჭვიანობის საბაბი. ანანო რომ გავაჩინე, საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი. 35 წლის ასაკში გაჩნდა დათა და უცებ გავაცნობიერე, რომ ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა მამაკაცი, რომელსაც მთელი ჩემი ყურადღება და მზრუნველობა სჭირდებოდა.

 

მთლიანად გადავერთე შვილზე, სულ მასთან ვიყავი, ძიძაც არ ამიყვანია. ლევანს ამ პერიოდში ჩემი სიყვარული დააკლდა. მოკლედ გეტყვით, თითქოს ჩვენი ურთიერთობა გაუფერულდა, ყოველდღიურ რუტინად გადაიქცა, შეყვარებულობიდან ისევ მეგობრები გავხდით, ამიტომ დავსხედით, ვისაუბრეთ და მშვიდად გადავწყვიტეთ, ერთმანეთისთვის თავისუფლება მიგვეცა. ცალ-ცალკე დავიწყეთ ცხოვრება. ეს ცალკე ცხოვრება, 10 წელია, გრძელდება.

 

ლევანი ჩვენს ცხოვრებაში მთავარი ადამიანია. მან გაგვიკეთა ეს სახლი, შეგვიქმნა ულამაზესი გარემო. ეს არის კაცი, რომელსაც დღემდე ვუყვარვარ, დღემდე ზრუნავს და არ უნდა სხვა ცოლი. ჩვენ ოფიციალურად არ ვართ გაყრილები, გვაქვს ძალიან ახლო, მეგობრული, ცივილიზებული ურთიერთობა.

 

როგორ შეიძლება ადამიანს, რომელიც შენი ცხოვრების მოზიარე იყო, სკანდალებით დაცილდე? ერთად დავდივართ ბევრ ადგილს და ამ ზაფხულსაც ოთხივენი დასასვენებლად ვიყავით რაჭაში. შეიძლება ეს ბევრისთვის გაუგებარია, მაგრამ ნამდვილად ასეა. მირჩევნია, ცალ-ცალკე ვიცხოვროთ და მეგობრები ვიყოთ, ვიდრე ერთად ვცხოვრობდეთ, არ გვიყვარდეს ერთმანეთი, ვჩხუბობდეთ და ხალხის დასანახად ქორწილ-ქელეხებში დავდიოდეთ გაღიმებულები“, - ამბობს ეკა ჩხეიძე.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი