logo_geo
ხათუნა ხოფერია: მეორე ტურში კახა კალაძე დამაჯერებლად გაიმარჯვებს
- +

8 ოქტომბერი. 2021. 02:21

 

ხათუნა ხოფერია: ჩემს ქვეყანაში „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, არასდროს არ შეიქმნება კოალიციური მთავრობა

 

„ვფიქრობ, მეორე ტურში კახა კალაძე დამაჯერებლად გაიმარჯვებს, ამაში ორი აზრი არ არსებობს“, - ამის შესახებ საქართველოს მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრმა, ხათუნა ხოფერიამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

„ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებმაც ვნახეთ საკრებულოში, მერიაში მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა მერად, ვნახეთ თბილისის მერიის საკრებულოს სხდომები პოლიტიკურ ტრიბუნებად გადაქცეული, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ფული მოიპარეს და 50 მილიონი არჩევნებში ჩადეს. იმ ადამიანებმა, ვინც ახლა სხვანაირად ფიქრობს, ერთი ფაქტი დამისახელონ, 4 წლის განმავლობაში კახა კალაძემ როდის გამოიყენა თავისი პოლიტიკური კარიერისთვის, ან პარტიული გადაწყვეტილებისთვის თავისი სტატუსი და ქალაქის მერის ტრიბუნა? ეს არის შინაგანი კულტურა, რომ გამიჯნო შენი კარიერა, პიროვნული წინსვლა და ა.შ. პარტიული და პოლიტიკური ცხოვრებისგან“, - განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

 

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად არასდროს არ შეიქმნება კოალიციური მთავრობა.

 

„ძალიან ვნერვიულობ ბათუმზე, რადგან იქ საკრებულოში არის ასეთი ვითარება შექმნილი, მაგრამ თუ ჩვენ ეს ქვეყანა გვჭირდება და ეს ქვეყანა ჩვენი სამშობლოა, უნდა დავფიქრდეთ. მათი მხრიდან მუდმივად ხდება აპელირება იმაზე, რომ იქნება კოალიციური მთავრობა და რომ ეს ხელისუფლება გახდება იძულებული, მათთან შექმნას კოალიციური მმართველობა, თვითმმართველობის დონეზე. მინდა ვუთხრა მათ, კოალიციური მთავრობა არ იქნება. საქართველოში იქნება თუ არა კოალიციური მთავრობა, ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი. ჩემს ქვეყანაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად არასდროს არ შეიქმნება კოალიციური მთავრობა“, - აღნიშნა ხათუნა ხოფერიამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი