logo_geo
შოთა არველაძე: მე და აჩიმაც გადავწყვიტეთ, ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი გავაციფრულოთ და NFT აქტივად ვაქციოთ
- +

19 ოქტომბერი. 2021. 10:08

 

შოთა არველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ ისაუბრა ძმები არველაძეების მაისურების კრიპტოვალუტის ავთენტიფიკაციაზე. ვეტერანი ფეხბურთელი ახალგაზრდა ბიზნესმენ პავლე მგელაძის ამ ინიციატივას ტყუპისცალ არჩილ აველაძესთან ერთად დათანხმდა.

 

საქმე ისაა, რომ მაისურები, რომლითაც მათ 1997 წელს ნიდერლანდების ჩემპიონატში ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშეს (შოთიმ -„აიაქსში“, აჩიმ – „ბრედაში“), საქართველოში სპორტული ტოკენიზაციის პიონერია.

 

საქართველოს ნაკრების ყველა დროის ყველაზე შედეგიანმა თავდამსხმელმა იმ მოტივაციაზე ილაპარაკა, რის გამოც გადაწყვიტა ტყუპისცალთან ერთად, რომ ქართველ სპორტსმენებს შორის ყოფილიყო პირველი, რომელიც ციფრულ ბაზარზე შევიდა და ბევრისთვსი უცხო სიახლეს დათანხმდა.

 

„ამ ამბავს საინტერესო ისტორია აქვს. 15-16 წლის წინ, ჩემი მეგობარი კოკა კანდელაკი ამსტერდამში ამერიკიდან ჩამოვიდა და მიხსნიდა ამ კრიპტოვალუტის არსს, მიზანს, თუ რა ხდება ამ კუთხით ამერიკაში. მიხსნიდა, რომ ამას დიდი ამბები მოყვებოდა – ეს ყველაფერი ტელეფონში აქვს ჩამოტვირთული. ფული გაქვს, მაგრამ არ გაქვს. საფულე გაქვს, მაგრამ არ ჩანს. ვეკითხები, ფული თუ მაქვს, რატომ არ მაქვს ან რატომ არ ჩანს და ა.შ. გულახდილად რომ ვთქვა, ვერაფერიც ვერ გავიგე. მაშინ ბიტკოინი მართლა არავინ არ იცოდა და შესაბამისად, მისი ფასიც ძალიან დაბალი იყო. შეიძლება ითქვას, მაშინ შევცდით“, – გაიხსენა შოთა არველაძემ.

 

 

 

მისი თქმით, ახლა ნფტ (NFT) ტოკენი ბევრად უფრო მარტივად გასაგები და მისაღები აღმოჩნდა:

 

„ამას ბევრად მეტი დატვირთვა აქვს, რადგან ძალიან ბევრ ემოციასთანაა დაკავშირებული. ის მონაგარია, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები ვერ შეიძენენ. შეგიძლია ამის მესაკუთრე გახდე, ციფრულია, მაგრამ სრულ ემოციას გადმოსცემს. მართალია, ამით ადამიანების მცირე პროცენტია დაინტერესებული, მაგრამ მზარდია, დიდი ინტერესია და ეკონომიკური დატვირთვა აქვს. სხვათა შორის, ეს იყო პირველი მატჩი, რომელზეც მთელი ჩვენი ოჯახი ჩამოვიდა“.

 

შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში წერილი გამოქვეყნა, სადაც ამ ნოვაციის მნიშვნელობაზე წერს.

 

„ძნელი დასაჯერებელია, რომ 15 წლის წინ Tesla, Twitter, Airbnb, Instagram და სხვა ბევრი ინოვაციური პროდუქტი, მათ შორის iPhone-ც კი არ არსებობდა. ტექნოლოგიური რევოლუცია დაჩქარებულია და ერთ-ერთი ბოლო ინოვაცია, სხვადასხვა ბლოკჩეინ პლატფორმებზე დაბეჭდილი NFT (Non-Fungible Token) აქტივებია. NFT-ის გამოგონებამ, შესაძლებელი გახადა ნებისმიერი რამ (მატერიალური თუ არამატერიალური) ციფრულ აქტივად აქციო და გასაყიდად მსოფლიო ბაზარზე გაიტანო. ამის მაგალითებია, Jack Dorsey-ის (Twitter-ის CEO) პირველი ტვიტი რომელიც მან NFT აქტივად აქცია და $2.9 მილიონად გაყიდა; 40 წლის არტისტის Beeple (Mike Winkelman) შექმნილი NFT, რომელიც ნიუ იორკში Christie’s-ს აუქციონზე $69 მილიონად გაიყიდა. მე და აჩიმაც გადავწყვიტეთ, ჩვენს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი და 1997 წელს, „ბრედასა“ და „აიაქსის“ მატჩის შემდეგ გაცვლილი მაისურები გავაციფრულოთ და ჩვენი ქომაგებისთვის (და არამარტო) NFT აქტივად ვაქციოთ, ციფრული ვერსია კი ხელმისაწვდომი გავხადოთ. ეს იქნება პირველი და ერთადერთი NFT, რომელსაც მე და აჩი ამ თემაზე გავაკეთებთ და შესაბამისად მყიდველს ექნება უნიკალური შანსი, რომ ამ მომენტის ციფრული ვერსიის მფლობელი გახდეს. ეს NFT-ი Ethereum-ის ბლოკჩეინზე დავიტანეთ და გაყიდვა აუქციონის წესით შემდეგი 30 დღის განმავლობაში მოხდება. მადლობა პავლე მგელაძეს ამ ახალი ტექნოლოგიების გაცნობისა და ჩვენთვის დაუვიწყარი მომენტის გაციფრულებაში დახმარებისთვის“, – წერს შოთა არველაძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი