logo_geo
ალექსანდრე ჯეჯელავა: ესეც თქვენი რუსული პროპაგანდა…
- +

28 ნოემბერი. 2016. 19:29



„ვინ უნდა შეცვალოს ძველი ზღაპრები ­ ახლით, გადაიღოს სერიალები... როდესაც მასწავლებელთა უმრავლესობა კვალიფიკაციის გამოცდებზე მინიმალურ ბარიერს ვერ სძლევს, განათლების დონე კი დასავლურს კატასტროფულად ჩამორჩება, პირველ საკითხად ზღაპრები რატომ დააყენეთ?" - „კვირის პალიტრის" ჟურნალისტის შეკითხვას განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა პასუხობს:


„უამრავი ნიჭიერი ადამიანი არსებობს, ფანტაზიაში კი ვერავინ შეგვედრება. დეტალებს კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებით საზოგადოებასთან ერთად მოვიფიქრებთ. მულტფილმს რომ გადავიღებთ, არ იქნება სავალდებულო სკოლაში, მის ყურებას ვერავის დავაძალებთ. „მაშა და დათვი" არავის გაურეკლამებია, მაგრამ საქართველოში პოპულარულია - ესეც თქვენი რუსული პროპაგანდა. კარგი თავისთავად იპოვის გზას და საზოგადოებაც აიტაცებს, თუ არ აიტაცებს, არც ყოფილა ასატაცებელი.

 

რაც შეეხება მასწავლებლების საკითხს, გამოცდის სისტემა არასწორად იყო შედგენილი. პროგრამაც გადატვირთული და არაადეკვატურია, რომლის ბაზაზეც გამოცდების სისტემა შეიქმნა, თანაც, როგორც კი შეიცვალა პროგრამა, შეიცვალა ტესტებიც და მასწავლებელს ვეუბნებით: შენ რომ ოცი წლის წინ დაამთავრე პედაგოგიური, სულ სხვა საკითხი ისწავლე, ახლა მე შენ ცოდნას შარშანდელი სტანდარტით გთხოვ. ამ პრინციპით მინისტრებიც შემიძლია გამოცდებზე ჩავჭრა. ამ ვითარების გამოსასწორებლად უკვე შექმნილია სისტემა, სადაც აქცენტი იქნება ქულების, ანუ კრედიტების დაგროვებაზე. მასწავლებელს შემდეგი დონის მისაღწევად 20 კრედიტის დაგროვება დასჭირდება. კერძოდ, 5 კრედიტი - პედაგოგიკის კუთხით, 5 - კონკრეტულ საგანში, 5 - სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისა და მშობლებთან კომუნიკაციისთვის. პიროვნების ფაქტორს გამოცდა აქამდე არ ითვალისწინებდა ვინც გინდა, ის იყავი, მთელი კლასი რომ შენზე გიჟდებოდეს, თუ ქიმიის ერთი ფორმულა შეგეშლება, სახლში გაგიშვებენ. ძიძა რომ მოგყავთ სახლში, ნიშნების ფურცელს ხომ არ უმოწმებთ, ეკითხებით, როგორი ადამიანია", - განაცხადა ჯეჯელავამ.

 

 

 




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი