logo_geo
ხათუნა ზახაშვილი: „მწვანე საშვების“ შემოღება ნამდვილად იქნება ხსნა
- +

4 ნოემბერი. 2021. 23:43

 

„არ მგონია, ვინმე ეწინააღმდეგებოდეს „მწვანე საშვების“ შემოღებას, რადგან ეს ნამდვილად იქნება ხსნა“, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, ვინ ეწინააღმდეგება ხელისუფლებიდან „მწვანე საშვების“ ამოქმედებას, რომელიც უკვე ბევრ ქვეყანაში მოქმედებს.

 

„ეს იქნება ხსნა ყველა იმ ობიექტის სრულფასოვანი მუშაობისთვის, რომელიც თავის ტერიტორიაზე „მწვანე საშვების“ სისტემას აამოქმედებს და დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი სფერო და ბიზნესი დაინტერესებულია ამგვარი ქმედებით. უბრალოდ, ეს არის ტექნიკურ ასპექტებთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც კარგად ჩამოყალიბებას საჭიროებს“, – განაცხადა ზახაშვილმა.

 

შეკითხვაზე, რა დაწესებულებებს შეიძლება, შეეხოს „მწვანე საშვების“ სისტემა, თუ ეს უნდა იყოს ყველა ობიექტში საჭირო, ზახაშვილმა აღნიშნა, რომ „მწვანე საშვების“ სისტემა, პირველ ეტაპზე, არაფრით არ შეიძლება, შეეხოს ესენციური საჭიროების ბიზნესებს – სურსათის მაღაზიებს, აფთიაქებს, ან რომელიმე მსგავსი გადაუდებელი საჭიროების მქონე ობიექტს.

 

შეკითხვაზე, როგორ ესახება მსგავსი სისტემების ამოქმედება იმ ვითარებაში, როდესაც ვაქცინაციას ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, რომლებიც აცხადებენ, რომ სავალდებულობა იქნება სახელმწიფოს მიერ ომის გამოცხადება და ასეთ შემთხვევაში ისინი იძულებული იქნებიან, რადიკალურ ზომებს მიმართონ, ზახაშვილმა განაცხადა, რომ კოვიდიდან ქვეყანა გამარჯვებული ვეღარ გამოვა, რადგან პანდემიას უკვე 10 000 ადამიანი შეეწირა, მაგრამ თუ გვინდა, უბრალოდ, ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ და ცოცხლები დავრჩეთ, დღეს ომი კოვიდს უნდა გამოვუცხადოთ და არა სახელმწიფოს.

 

ხათუნა ზახაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიმართვა იყო ძალიან დროული და სწორი.

 

„ვთვლი, რომ პრეზიდენტის მიმართვა იყო ძალიან დროული, სწორი, საოცრად სწორად და ლაკონურად იყო გადმოცემული ყველა ის საჭიროება, რაც დღეს გვიდგას“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი