logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: იძულებითი ვაქცინაცია არ მოხდება - ეს იქნება ნებაყოფლობითი
- +

24 ნოემბერი. 2021. 03:00

 

 

„მე მივეცი დავალება, რომ როგორც პოლიტიკური კამპანია იწარმოებოდა, ასეთ რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ ვაქცინაციის კამპანია. იძულებით ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ერთმნიშვნელოვნად ვთქვი და უნდა გავიმეორო - იძულებითი ვაქცინაცია არ მოხდება ეს იქნება ნებაყოფლობითი - ადამიანს არჩევანის უფლება არ უნდა ჩამოვართვათ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ის უშუალოდ იყო ჩართული მწვანე პასპორტების შედგენის პროცესში, რათა მორგებულიყო მოსახლეობის მოთხოვნებს და არსებულ რეალობას.

 

„თუ ვნახავთ რაც ხდება ევროპაში, ამერიკაში და წამყვან განვითარებულ ქვეყნებში, ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა რიცხვი საკმაოდ შთამბეჭდავია, მაგრამ, ის, რომ ყველა ქვეყანაში ასეთი ადამიანები არსებობენ და მათი რიცხვი საკმაოდ დიდია, მიუთითებს იმაზე, რომ ზოგადი სკეპტიციზმი არსებობს მსოფლიოში. ამირან გამყრელიძეს და მთავრობას ნუ დააბრალებთ ამ საკითხ ძალიან გთხოვთ, იმიტომ, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის არჩევანი შეგვეთავაზებინა. ჩემი განწყობა არის ის, რომ აქ ზედმეტი ჩარევა არ არის საჭირო ჩვენს მოსახლეობასთან ჩემი პოლიტიკა ასეთი იყო.

 

როცა მოვედი პრემიერად, არც ვაქცინები გვქონდა და რთული ვითარება იყო. რეგულაციებიც მაშინ მოვხსენით, ეს ჩემი გააზრებული გადაწყვეტილება იყო, რათა ეკონომიკისთვის ხელი არ შეგვეშალა. ჩვენ 5 მილიონამდე ვაქცინა ჩამოვიტანეთ. დღეის მდგომარეობით ყველა სახის ვაქცინაა ხელმისაწვდომი. მე ვფიქრობ, არ დაგვიანდა, ძალიან აქტიური და აგრესიული კამპანიაც ჩაატარა მთავრობამ. თითქმის ყოველდღიურად ჩვენ ამ კამპანიაში ჩართულები ვიყავით. მე პირადადაც ჩართული ვიყავი და პირადი მაგალითი მივეცი, ჩემმა ოჯახის წევრებმაც მისცეს პირადი მაგალითი ჩვენს მოსახლეობას. ბევრი ცნობადი სახეც ჩავრთეთ ამ პროცესში. ავედით რაღაც ზღვრამდე. დღეში 30 000-მდე აცრაზე ავედით მაგრამ ახლა ჩამოსულია. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს 60 წელს გადაცილებულთა აცრა, იმიტომ, რომ ყველაზე მეტი რისკის მატარებელი არის 60 წელს გადაცილებული ადამიანი, რადგან მათი დაინფიცირების შემთხვევა შეიძლება ფატალურად დასრულდეს.

 

ამიტომ, პენსიონერთათვის სპეციალური პროგრამა გავაკეთეთ და დაინტერესება გაიზარდა და უფრო მეტი პენსიონერი იცრება დღეს. ლატარიაც ვცადეთ. თითქმის ყველაფერი ვცადეთ, რაც  აპრობირებული იყო მთელ მსოფლიოში და ავედით რაღაც დონემდე. მე მივეცი დავალება, რომ როგორც პოლიტიკური კამპანია იწარმოებოდა, ასეთ რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ ვაქცინაციის კამპანია. იძულებით ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. მე ეს ერთმნიშვნელოვნად ვთქვი და უნდა გავიმეორო - იძულებითი ვაქცინაცია არ მოხდება ეს იქნება ნებაყოფლობითი. ადამიანს არჩევანის უფლება არ უნდა ჩამოვართვათ. რაც შეეხება მწვანე პასპორტებს, მთელ მსოფლიოში შემოღებულია კოვიდ-პასპორტები. მე წარმომიდგინეს  გეგმა, სადაც უფრო რთული ვარიანტები იყო წარმოდგენილი და მე შევამსუბუქე და მოვარგე არსებულ რეალობას და მოსახლეობის განწყობებს, რათა დაბალანსებული მიდგომა ყოფილიყო და ვფიქრობ, საკმაოდ დაბალანსებული მიდგომა გვაქვს “, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი