logo_geo
13 წლის ლუკა ხიდაშელი ესპანეთის ჩემპიონი გახდა
- +

28 ნოემბერი. 2021. 02:49

 

 

რამდენიმე თვის წინ ძალიან ემოციური კადრები გავრცელდა – როგორ გადასცემენ ქართველ ბიჭს  ესპანეთის ჩემპიონის თასს მაგიდის ჩოგბურთში. ეს ლუკა ხიდაშელია, რომელიც მხოლოდ 13 წლის არის, მაგრამ მის სპორტულ ანგარიშზე უკვე ბევრი წარმატებაა. ეს ტიტული კი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

 

ლუკას მშობლები, ნინო კუთხაშვილი და გიორგი ხიდაშელი, ესპანეთში წლების წინ წავიდნენ. ლუკა იქ დაიბადა და ახლა მშობლებთან და უმცროს დასთან, ერთი წლის ლილესთან, ერთად ბარსელონასთან ახლოს, საბადელში ცხოვრობს. მაგიდის ჩოგბურთი მამამ შეაყვარა და დღეს უკვე ესპანეთში მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.

 

,,სარკე” ჩემპიონს და დედამისს, ქალბატონ ნინოს, ესპანეთში დაუკავშირდა. აღსანიშნავია, რომ, მიუხედავად იმისა, ლუკა უცხოეთში დაიბადა და გაიზარდა, თავის მშობლიურ ენაზე, ქართულად გვესაუბრა.

 

ლუკა: ეს იყო ბედნიერი და დაუვიწყარი წუთები ჩემთვის. ეს ჩემი პირველი დიდი გამარჯვებაა. მანამდე ხშირად ვმონაწილეობდი ესპანეთის სხვადასხვა ჩემპიონატებში, მაგრამ ეს გამარჯვება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.  ჩემთვის ყველაზე ემოციურია, როდესაც ძალიან ბევრ მილოცვას ვიღებ საქართველოდან. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია და ვეცდები, ჩემს საყვარელ ხალხს იმედები არ გავუცრუო.

 

– ქალბატონო ნინო, ესპანეთში რას საქმიანობთ და როგორ მოხვდით უცხო მიწაზე?

 

ნინო: მე ფინანსურ კომპანიაში ვმუშაობ, ჩემი მეუღლე – მშენებლობაზე. გერმანიაში ვცხოვრობდით, მე იქ ვსწავლობდი. იქიდან წამოვედით ესპანეთში და ჩავრჩით. ლუკას ჩოგბურთის სიყვარული მამამ ჩაუნერგა, ისიც თამაშობს, კლუბშიც ერთად დადიან, მაგრამ ლუკასავით დიდ წარმატებას ვერ მიაღწია.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი