logo_geo
მიხეილ დუნდუა: პრემიერის ინიციატივა ნამდვილად დროულია
- +

1 დეკემბერი. 2021. 00:43

 

 

„აზარტულ თამაშებზე რეგულაციების გამკაცრება არის საზოგადოების დაკვეთა“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

 

მისი თქმით, უკვე შესაძლებელია აზარტულ თამაშებზე ​რეგულაციების დაწესება და შესაბამისი გაკონტროლება.

 

„პრემიერის ინიციატივა ნამდვილად დროულია, კარგია და სწორი გადაწყვეტილებაა. ერთია, პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც პრემიერმა სწორად მიიღო და მეორე, გარკვეული საკითხები, რომელიც ჯერ, მოწესრიგებას ექვემდებარებოდა. იმისთვის, რომ გარკვეული აკრძალვები შემოვიღოთ, აუცილებელია მისი კონტროლის მექანიზმები გვქონდეს. რამე ავკრძალოთ, შევზღუდოთ, მაგრამ ვერ ვაკონტროლებდეთ, შეუძლებელს ხდის მის აღსრულებას. მოკლედ, ამ პროცესმა გრძელი გზა გაიარა და ჩვენ უკვე შეგვიძლია ამ აკრძალვების და შეზღუდვების დაწესება და გაკონტროლება“, – განაცხადა დუნდუამ.

 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა მოგვარდეს ის პრობლემა, როცა არასრულწლოვნები სრულწლოვანი მეგობრების, ოჯახის წევრების, თუ სხვათა საიდენტიფიკაციო საშუალებებს იყენებდნენ, რათა აზარტული თამაშები ეთამაშათ, მიხეილ დუნდუამ განაცხადა, რომ ვერიფიკაცია-იდენტიფიკაციის წესი განსაზღვრულია და ამასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის ბრძანებაც არსებობს.

 

„რეგისტრაცია ხდება ადამიანის უშუალო ჩართვით, ასე ვთქვათ, ონლაინ, ღია ეთერში დამოწმებით, მისი პირადობის მოწმობის, თუ სხვა საიდენტიფიკაციო მახასიათებლის დეკლარირებით, განთავსებით და მისი კონტროლით. ახლა, თუ არასრულწლოვანი კოლაბორაციაში არ შევიდა მისი ოჯახის უფროს, 25 წელს ზევით წევრთან, რომ მამა, ბაბუა, ან ბებია თვითონ დარეგისტრირდეს და თავისი ე.წ. ექაუნთით არასრულწლოვანი ათამაშოს, კონსპირაცია ასეთ დონეზე თუ არ წავიდა, შეუძლებელი გახდება, არასრულწლოვანმა ითამაშოს. ასეთ შემთხვევაში, ეს უკვე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და სხვაგვარი მიდგომის საგანი გახდება. აქვე უნდა ითქვას, რომ თუ ოჯახის შიგნით ასეთი თანამშრომლობა შედგა, ეს ინციდენტების დონეზე შეიძლება, მოხდეს, მაგრამ მასობრივად ვერ მოხდება“, – განაცხადა დუნდუამ.

 

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ამ პროცესში შეიძლება, მილიონზე მეტი ადამიანი მოხვდეს, ვისაც სისტემაში წვდომა აეკრძალება, ან შეეზღუდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი