logo_geo
ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული „ნიჭიერის“" ფინალში იმღერებს
- +

13 დეკემბერი. 2021. 15:06

 

 

ალექსანდრე ზაზარაშვილი - ბიჭი, რომელიც ძალიან უყვართ და ბევრი ბავშვისთვის სტიმულია, კიდევ ერთ დიდ წარმატებას აღწევს ამერიკაში. როგორც ყოველთვის, ახლაც საქართველოს სახელით გამოდის. „სცენაზე გასვლის წინ ყოველთვის პირჯვარს ვიწერ, ღმერთს დახმარებას ვთხოვ და ასეც ხდება, მის წყალობას ყოველთვის ვგრძნობ“, - მითხრა ალექსანდრემ და თავის ამერიკულ ოცნებებსა და რთულ გზაზე გვესაუბრა.

 

- გაიხსენე პირველი ემოცია, როდესაც ამერიკაში ჩახვედი...

 

- საოცარი განცდა დამეუფლა. იმდენად მომეწონა ამერიკა, რომ მიზნად დავისახე, აქ გამეგრძელებინა მუსიკალური კარიერა. მართალია, ამ მიზნისთვის ბევრი ვიშრომე, მაგრამ შედეგმაც არ დააყოვნა. როდესაც მეორედ ჩამოვედი ამერიკაში, უკვე პანდემია იყო და აქ დარჩენა მომიხდა.

 

- ალექსანდრე, მახსოვს, ცოტა განაწყენებულიც იყავი იმის გამო, რომ საქართველოში შენი ნიჭი დაუფასებელი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ყველა კონკურსზე საქართველოს სახელით მონაწილეობ.

 

- დიახ, ასე იყო, განაწყენებული ვიყავი და ვარ კიდეც, მაგრამ ნაწყენი გახლდით კონკრეტულ ადამიანებზე და არა ჩემს ქვეყანაზე. ყველა კონკურსზე გამოვდივარ საქართველოს სახელით და ვცდილობ, ჩვენი ქვეყანა ყველას გავაცნო.

 

- როგორ ფიქრობ, საქართველოში რომ დარჩენილიყავი, იქნებოდი ის, ვინც ხარ?

 

- არ ვიცი, თუმცა მინდა, საქართველოში დასრულდეს ვინმეს შვილობა, მეგობრობა და სხვადასხვა სტატუსით ადამიანების ნიჭის აღიარება. მინდა, მხოლოდ ნიჭი იმარჯვებდეს ყველგან და არა სხვა ფასეულობები.

 

- ხშირად მონაწილეობ საქველმოქმედო ღონისძიებებში, სტუმრობ ბავშვთა სახლებსაც...

 

- ალბათ იცით, რომ ჩემი თხოვნით, ჩემმა ოჯახმა აიყვანა 4 ბავშვი და ისინი დღემდე ჩვენთან იზრდებიან. ამით მათ სხვა, უკეთესი მომავალი შევთავაზეთ. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, ხშირად „ჟურნალისტობანას“ ვთამაშობდით ხოლმე. ერთხელ მათთან ჩავწერე ინტერვიუ და ისეთი რაღაცები მიამბეს თავიანთ ცხოვრებაზე, მას შემდეგ ყოველთვის მაქვს სურვილი, როგორც შევძლებ, ისე დავეხმარო სხვებსაც. განსხვავებული ბავშვი არ არსებობს, ზოგს გაუმართლა, ზოგს არა, თუმცა ეს არ ცვლის მათ უფლებებს და არც იმას, რომ მათაც უნდა ჰქონდეთ ბედნიერი ბავშვობა. ყოველთვის ვცდილობ და შეძლებისდაგვარად შევეცდები, რომ ყველა ბავშვს თუნდაც ერთი დღე გავულამაზო, ეს ყველა ჩვენგანის ვალდებულებაა.

 

- მაშინ, როდესაც მშობლებს სთხოვე ბავშვის აყვანა, ძალიან პატარა იყავი. რა გახდა ამის მიზეზი? არ ფიქრობდი, რომ ისინი მშობლების ყურადღებასა და სიყვარულს „მოგპარავდნენ“?

 

- ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში ხშირად დავდიოდი, იქ ერთი პატარა ბიჭი იზრდებოდა, მამაოებს ჰყავდათ მიბარებული, ხშირად მიმქონდა მისთვის საჩუქრები და ერთხელ ვკითხე, რა უნდოდა საახალწლოდ? მითხრა, რომ მეც კი ვერ შევუსრულებდი იმას, რაც სურდა. თავი არ დავანებე, სანამ არ გავარკვიე, ასეთი რა უნდოდა. მითხრა, ის მინდა, რაც შენ გაქვს - თბილი ოჯახური გარემო. მინდა, ახალ წელს ჩემს ოჯახთან ერთად შევხვდეო. ძალიან განვიცადე მისი სიტყვები და სახლში რომ დავბრუნდი, დედას ვუამბე. რადგან ეკლესიიდან მისი წამოყვანა არ შეგვეძლო, დედამ სოციალურ სამსახურში შეიტანა განაცხადი ბავშვის აყვანაზე, მალე დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ოთხი ბავშვი გამოჩნდა. მათი დაშორებაც იყო შესაძლებელი და შეგვეძლო, ერთ-ერთი მათგანი წამოგვეყვანა. დედამ უარი უთხრა, ამით ბავშვებს კი არ დავეხმარებით, პირიქით, მათთვის ძალიან დიდი სტრესი იქნება, თუ ერთმანეთს დაშორდებიანო. მე ვთხოვე, წავსულიყავით მათ გასაცნობად და საჩუქრები მაინც მიგვეტანა. რომ ვნახეთ, იმდენად შეგვიყვარდა და მოგვეწონა ოთხივე, წამოვიყვანეთ. არასდროს მქონია ეგოისტური გრძნობა, ყოველთვის ჩემს და-ძმებად ვთვლი მათ და ჩემი დისგან არასოდეს ვასხვავებ. მე ისინი ისევე მიყვარს, როგორც ჩემი და და მინდა, ყველა ბავშვს მიეცეს უკეთესი მომავლის შანსი.

 

- ახლა შენს წარმატებებზე ვისაუბროთ. ამერიკულ „ნიჭიერში“ საკონკურსო ტურიდან ოქროს ღილაკით პირდაპირ ფინალში გადახვედი, ეს იყო პირველი კონკურსი ხმის მუტაციის შემდეგ.

 

- დიახ, ასეა და ამის გამო ძალიან ვნერვიულობდი. რამდენიმე დღე ვფიქრობდი, მიმეღო თუ არა მონაწილეობა და ბოლოს გადავწყვიტე ბედი მეცადა. საოცარი შეგრძნება გახლდათ, როდესაც ოქროს ღილაკის მფლობელი გავხდი. გამიჭირდება იმ გრძნობების გადმოცემა. როდესაც დავასრულე სიმღერა და გამოვედი, მამა უკვე დედას ესაუბრებოდა და ტელეფონი ხელიდან გამოვგლიჯე (იცინის). სწორედ დედაა ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და მთელი ჩემი ოჯახი, ყოველთვის მაქვს მათი უდიდესი მხარდაჭერა.

 

- ვის მიუძღვის ყველაზე დიდი წვლილი შენს წარმატებაში?

 

- ჩემს ოჯახს და შემდეგ უამრავ ადამიანს - ნანა სამხარაძეს, გორის მუსიკალური სკოლიდან, დავით ღვინიანიძეს, ანა ბოჭორიშვილს, რომელიც ყოველთვის გვერდით მიდგას და მეხმარება.

 

- სიმღერას, რომელიც „ნიჭიერის“ სცენაზე შეასრულე, ჰქვია „მარტოხელა“. რატომ შეარჩიე ეს სიმღერა?

 

- ეს სიმღერა ძალიან მიყვარს. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ახალი ჩამოსული ვიყავი ამერიკაში, ხშირად ვუსმენდი და თითქოს ჩემს თავს ვხედავდი.

 

- როგორც ვიცი, ახლა გჭირდება ჩვენი, მაყურებლის მხარდაჭერა. ყველა ქართველი უნდა გავერთიანდეთ და ფინალში მხარი დაგიჭიროთ. როგორ უნდა შეძლონ ეს?

 

- ყველას მინდა ვთხოვო მხარდაჭერა. 18 დეკემბერს მთელი დღის განმავლობაში შეუძლიათ მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ხმა მომცენ. უნდა გაააქტიურონ აპლიკაცია Vote Frenzy, რომლის საშუალებითაც შეძლებენ ჩემს მხარდაჭერას. მადლობა ყველას წინასწარ. უამრავი ქართველი მწერს და მილოცავს, ყოველთვის ვგრძნობ მათ სიყვარულს.

 

- რა ან ვინ გენატრება ყველაზე მეტად საქართველოში?

 

- ჩემი ოჯახი, მათთან განშორება ჩემთვის ძალიან რთული იყო. ამბობენ, ხშირად რაც გესიზმრება, ის ძალიან გენატრება და გინდაო. მე ხშირად ჩემი სოფლის გზები მესიზმრება. აი, ის ქუჩებიც კი, სადაც ძალიან იშვიათად დავდიოდი.

 

- შენს უახლოეს გეგმებზე რას გვეტყვი? ხომ არ გეგმავ საქართველოში დაბრუნებას?

 

- ჟიურის წევრმა გადამიღო ვიდეო და ერთ-ერთი ცნობილი, დიდი კომპანიისგან ველოდები შემოთავაზებას. ჯერ მნიშვნელოვანი „ნიჭიერის“ ფინალია. რაც შეეხება საქართველოში დაბრუნებას, ჯერჯერობით ეს არ განიხილება, წინ კიდევ ბევრი გეგმა მაქვს.

 

- როგორ ფიქრობ, რა უფრო მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად - ნიჭი თუ იღბალი?

 

- ორივე ერთად, ერთი მეორეს გარეშე ვერაფრის მომცემი ვერ იქნება. ძალიან ბევრს ვშრომობ და ვიდრე მიზანს არ მივაღწევ, არ ვჩერდები, ფარ-ხმალს არასდროს ვყრი. ღმერთის წყალობასაც ყოველთვის ვგრძნობ და ვფიქრობ, იღბალიც არ მაკლია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი