logo_geo
„ვფიქრობ, ეს ვერიკოს ერთ-ერთი ცუდი ნამუშევარია, შეიძლება ერთადერთიც კი“ - ვერიკო ანჯაფარიძის აქამდე უცნობი როლი
- +

13 დეკემბერი. 2021. 15:58

 

 

„ქართული კინოს მშვენება“ ვერიკო... კადრები ფილმიდან „მძიმე ბედნიერება“. ამ მეტად საინტერესო ფილმში ვერიკო ანჯაფარიძე შვილიშვილებზე მზრუნველ ბებიას განასახიერებს, ბოშა ქალს, რომელიც ცდილობს დაიცვას შვილიშვილები განსაცდელისგან და მათ დაცვას შეეწირება. ნახეთ ფილმი და თავად დარწმუნდებით! რეჟისორი ალექსანდრე სტოლპერი, 1958 წელი, დღეს 6 ოქტომბერს მსახიობის დაბადებიდან 121 წელი გავიდა“ - წერს ვერიკო ანჯაფარიძის შესახებ სოციალურ ქსელში ისტორიკოსი სერგი ცენტერაძე... ქართულ კინოსა და თეატრალურ სამყაროში ამ ფილმის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. პირველად გაიგო ვერიკო ანჯაფარიძის შთამომავალმა ნიკუშა შენგელაიამაც...

 

სერგი ცენტერაძე: - ვერიკო ანჯაფარიძის იუბილესთან დაკავშირებით მასალას ქართული ინტერნეტსივრცის პარალელურად რუსულ საიტებზეც ვეძებდი. მუშაობისას ყურადღება მიიპყრო ერთმა ფოტოსურათმა. გულდასმით გადავხედე ვერიკოს ფილმოგრაფიას რუსულ ვიკიპედიაში და აღმოვაჩინე ფილმი. ეს ჩემთვის, როგორც კინომოყვარულისა და ვერიკოს ხელოვნების თაყვანისმცემლისთვის, მეტად მნიშვნელოვანი იყო და ინტერნეტგვერდზე სიამოვნებით გავუზიარე ქართველ კინომოყვარულებს.

 

 

 

 

ლელა ოჩიაური, კინომცოდნე: - კინოსურათი ტიპური საბჭოთა პროდუქტია, მაგრამ ვერიკო ანჯაფარიძის როლი ბევრ კითხვას ბადებს. საინტერესოა, როგორ აღმოჩნდა ფილმში, რომელიც მის შემოქმედებას ბევრს არაფერს მატებს. ფილმი დაახლოებით იმ პერიოდშია გადაღებული, როდესაც მიხეილ ჭიაურელი სტალინის სიკვდილის შემდეგ სვერდლოვსკში, ასევ ვთქვათ, გადასახლებული იყო და კინოს თითქმის აღარ აკარებდნენ. შესაძლოა N#1 საბჭოთა რეჟისორის, ყველაზე გავლენიანი კინემატოგრაფისტის მოკვეთა ვერიკოზეც გავრცელდა.

 

ყველამ ვიცით, რა იყო სტალინის ეპოქაში კინოს მთავარი თემატიკა იდეოლოგიიდან, ცენზურიდან, სოციალისტური რეალიზმის ნორმებიდან გამომდინარე და ეს გენერალური ხაზი შემდგომ წლებშიც გაგრძელდა: გასაბჭოება, კულაკები, მავნებლები და მათთან დაპირისპირებული „ახალი ადამიანები“, კომკავშირელები, კომუნისტები, კოლმეურნეები... ბოშებსაც კი, რომლებიც დღემდე თავისუფალი ცხოვრებით ცხოვრობენ, კომუნისტები დევნიდნენ, მათი გასაბჭოება პროპაგანდის ერთ-ერთი­ მიზანი იყო. ეს ის პერიოდია, ახალ მხატვრულ ფილმებს მთელ საბჭოთა კავშირში ჯერ კიდევ კანტიკუნტად რომ იღებდნენ. თუმცა 50-60-იანელთა წყალობით „ქართული კინოს“ ფენომენის ეპოქა დგება. ამ დროს ჩნდებიან დიდი რეჟისორები, თუნდაც რუსეთში მოღვაწე ჩვენი მარლენ ხუციევი, საქართველოში თენგიზ აბულაძე, რეზო ჩხეიძე...

 

- ვერიკოს როლი რამდენად შთამბეჭდავია?

 

- იმ წლებში ვერიკო ნამდვილად არ იყო ისეთი მოხუცი, როგორიც ფილმში ჩანს. ბევრად უფრო გვიანაც, შესანიშნავად გამოიყურებოდა და მუშაობდა, უმაღლესი ხარისხის როლებს ასრულებდა თეატრში თუ კინოში... ამ ფილმში ვერიკო საგანგებოდ დაბერებულია როლისთვის, თან აშკარად ცუდი გრიმი აქვს - ხელოვნური, ამიტომაც არაბუნებრივად გამოიყურება. ხმაც მისი არაა, ფაქტია, ვიღაც სხვა ახმოვანებს. გაუგებარია, რატომ, ნამდვილად არ უჭირდა რუსულად საუბარი. რატომღაც მგონია, რომ ვერიკოსთვისაც ეს როლი მნიშვნელოვანი არ იყო. ალბათ, რიგით როლად თვლიდა და თავისი შესაძლებლობები მთლიანად არც გამოუყენებია, თან როლი ეპიზოდურია - სულ სამი და თან მოკლე სცენაა, რომლებშიც მისი პერსონაჟი ჩანს. ერთგან ხმასაც არ იღებს. ზის მკაცრი, პირქუში გამომეტყველებით და შვილისა და სხვა ბოშების დაბრუნებას ელოდება. შემდეგ ეპიზოდში გმირის უტეხი და მებრძოლი ხასიათის ჩვენებას ცდილობს (ასეთი კატეგორიის როლები არის კიდეც მთავარი მის შემოქმედებაში) და ბოლოს სიკვდილისწინა და სიკვდილის სცენაა, რომელშიც ასევე ბევრი არაფერი აქვს გამოხატული.

 

ვფიქრობ, ეს ვერიკო ანჯაფარიძის ერთ-ერთი ცუდი ნამუშევარია, შეიძლება ერთადერთიც კი.

 

- ალბათ, ვერიკოც არ მიიჩნევდა ფილმს აღნიშვნის ღირსად.

 

- ფილმი ნამდვილად არაფრით გამოირჩევა და არ გამოვრიცხავ, ვერიკოსაც მაინცდამაინც არ სურდა საზოგადოებას, მისი ხელოვნების თაყვანისმცემლებს მასზე სცოდნოდათ. თუმცა დღეს ხომ ყველაფერს სხვანაირად ვუყურებთ, ვაფასებთ და აღვიქვამთ. სხვა დამოკიდებულება გვაქვს ისტორიისადმი და ეს ფილმი უკვე ისტორიის ნაწილია, დროის დოკუმენტი, კინოსა და ქვეყნის ისტორიის ამსახველი მასალა, იმ ეპოქის მეტყველი პორტრეტი. კინოს მკვლევრებისთვის, მათთვის, ვინც საბჭოთა წარსულს, ცენზურის, იდეოლოგიის მკაცრ ჩარჩოებში მოქცეული ხელოვნების არსს სწავლობენ, კარგი შესაძლებლობაა ახალი აღმოჩენების გასაკეთებლად. მოხარული ვარ, რომ მომეცა ამ ფილმის ნახვის საშუალება. რამდენიმე წელია ეროვნული კინოცენტრის ინიციატივითა და სახელმწიფოს ხელშეწყობით დაწყებულია რუსეთის კინოფონდიდან ქართული კინომემკვიდრეობის, ძველი, ნაცნობი და უცნობი ფილმების დაბრუნების, გაწმენდის, ციფრულ მატარებლებზე გადატანის, არქივში შენახვისა და ჩვენების პროცესი. უკვე რამდენიმე ათეული ფილმი დაგვიბრუნდა. ნახევარზე მეტი არათუ გვინახავს, მათ შესახებ არაფერი გვსმენია. ვფიქრობ, წინ კიდევ ბევრი ასეთი და შეიძლება უკეთესი აღმოჩენები გველის.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი