logo_geo
„მთელი გზა მეგონა, ბასაევი მანქანას სადმე გააჩერებდა და დამხვრეტდაო, მაგრამ... “
- +

14 დეკემბერი. 2021. 15:54

 

18 წლამდე აფხაზეთში იცხოვრა. სოხუმის დაცემის შემდეგ კახა კვაშილავას მამა და ბებია-ბაბუა სოფელ მერხეულში დარჩნენ იმ იმედით, რომ მალე მშვიდობა დაისადგურებდა. მარტოდ დარჩენილ მოხუცებს ჩეჩნური დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი შეეჩვია, რომელმაც ჩვენი რესპონდენტის მამა სამშვიდობოს გამოიყვანა - ის სისასტიკით ცნობილი არძინბას მარჯვენა ხელი, შემდეგ აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე შამილ ბასაევი იყო. ისტორიკოსი, ასოცირებული პროფესორი კახა კვაშილავა კონფლიქტის მძიმე დღეებს იხსენებს:

 

- 1988 წელს ანტიქართული ორგანიზაციები ძალიან გააქტიურდნენ. სოხუმის მე-6 სკოლაში ვსწავლობდი. გვერდით, ტურბაზაში, წიგნების ძალიან კარგი მაღაზია იყო და ხშირად შევდიოდი. გამყიდველი სომეხი ქალი იყო. ერთხელაც გავიგონე, ვიღაცას ეუბნებოდა, აფხაზეთი საქართველო კი არ არის, აფხაზურ-სომხური მიწააო. მას შემდეგ 32 წელი გავიდა, ის სიტყვები კი არა, მისი სახეც მახსოვს. ამის შემდეგ იყო 1989 წლის მოვლენები, „ლიხნის შეკრება“, სადაც აფხაზეთის საქართველოდან გასვლას და რუსეთთან ავტონომიური რესპუბლიკის ერთეულად შეერთებას ითხოვდნენ. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მივედით ომამდე.

ახლობელ აფხაზებში გაუცხოება და აგრესია არ იგრძნობოდა. ჩემს მეზობლად ახალგაზრდა აფხაზები თავიანთი ბაბუის სახლში დასახლდნენ. ერთხელაც ბიძაჩემს სთხოვეს, თხა უნდა დავკლათ და დაგვეხმარეთო. შემდეგ უთქვამთ, ჩვენი გამარჯვების სადღეგრძელოც დაგვილიეთო. ბიძაჩემი გაოცებული კითხულობდა, რომელ „ზა ნაშუ პაბედუ“-ზე ლაპარაკობენ ესენიო. მაშინ ჩვენ ვერაფერს ვხვდებოდით, მათ კი დიდი „გეგმები“ ჰქონიათ...

 

 

1992 წელს სოხუმის ინსტიტუტში პირველ კურსს ვხურავდი, როცა რუსი ჟურნალისტი გურნოვი დნესტრისპირეთის ამბებს მიმოიხილავდა და მოლდოვაში რუსული ჯარების შეყვანაზე ლაპარაკობდა. უცებ დასძინა, დაძაბულობის კერა შეიძლება საქართველოშიც შეიქმნას, ბოლო დროს აფხაზეთში უკონტროლოდ შეაქვთ დიდი რაოდენობით იარაღიო. მაშინ ვერ გავიგე, დნესტრისპირეთთან საქართველო, მით უფრო აფხაზეთი რა შუაში იყო, მაგრამ ორ კვირაში აფხაზეთში პირველი ტყვია გავარდა და პირველი ქართველის სისხლიც დაიღვარა.

 

- სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობდით?

 

- ბიძაჩემი მონაწილეობდა. პირველ ეტაპზე სოხუმელ ქართველებს იარაღი არ დაურიგეს, მალე მოვაგვარებთ ყველაფერს, ეს ამბები რომ ჩაივლის, ისევ ერთად უნდა იცხოვროთ და თუ იარაღს აიღებთ, ცუდად დაამახსოვრდებათო. ამიტომაც ცალკეული შემთხვევების გარდა, აფხაზეთის ქართველობას 1993 წლის დასაწყისამდე არ უბრძოლია.

 

2 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც გაგრა დაეცა, იმედი, რომ ოდესმე ყველაფერი დალაგდებოდა, აღარ არსებობდა. აფხაზეთის ქართველობამ შეიარაღებული რაზმების შექმნა დაიწყო, ბევრმა სანადირო თოფს წამოავლო ხელი და დაიწყეს თავისი უბნების, ქუჩებისა და რაიონების დაცვა. შემდეგ სოხუმიც დაიბომბა და უკვე ყველაფერი ნათელი იყო - ომი მალე არ დასრულდებოდა და მეც ომში წავედი. ჩემი ნაწილი სამხედრო-საარტილერიო აღდგენით ბატალიონში ირიცხებოდა, ძირითადად, ზურგის სამსახურში გვიწევდა ყოფნა, მძიმე არტილერიას ვემსახურებოდით...

 

ჩემმა მეზობლებმა „მხედრიონისგან“ ის სომხები გადაარჩინეს, რომელთა შვილებიც გუდაუთაში აფხაზურ-სომხურ ბატალიონში ქართველებს ებრძოდნენ. ეს სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე გავიგეთ მათი ბებიისგან, რომელსაც წამოსცდა შვილიშვილების ამბავი.

 

უამრავი ასეთი ფაქტი ტყვიის გარეშე გვკლავდა.

 

- რა შეიცვალა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ?

 

- ბიძაჩემი გვიყვებოდა, გუმისთის პირას აფხაზები გადმოვიდნენ, ქართველებთან ერთად იქეიფეს, ფეხბურთი ითამაშეს და მეგობრულად დაიშალნენო. ამან თითქოს ყველაფრის მშვიდობიანად დასრულების მცირედი იმედი მოგვცა, მაგრამ ბოლომდე მაინც არ გვჯეროდა. იმ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ქართულ მხარეს დაევალა, იარაღი და მძიმე ტექნიკა საბრძოლო მოქმედებებიდან 100 კილომეტრის მოშორებით გაეტანა. თვალის ასახვევად მცირე ნაწილი ჩავაბარეთ, მაგრამ არსენალის დიდი ნაწილი გადავმალეთ. ყოველღამე ნაწილ-ნაწილ მიგვქონდა სამალავში. იმ იარაღითა და ტყვია-წამლით გავიტანეთ ის 10 დღე, უამრავმა სოხუმელმა რომ მოასწრო ქალაქის დატოვება.

 

 

26 სექტემბერს ნაწილიდან გავეთავისუფლე და სოხუმში წავედი. მეორე დღეს მშობლებთან ერთად მერხეულისკენ გავეშურეთ, სადაც დედაჩემის მშობლები ცხოვრობდნენ. საღამოს მამა და ბიძაჩემი მოვიდნენ. ხალხი ქალაქიდან დატვირთული გადიოდა, ფეხით თუ ავტომანქანით. მაშინ შემეშინდა, ბარგით რატომ მიდის ეს ხალხი, აქაურობას სამუდამოდ ხომ არ ვტოვებთ-მეთქი. ბაბუამ რადიო ჩართო, ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პატიებას სთხოვდა, რომ სოხუმის დაცვა ვერ შეძლო. მაშინ გავაცნობიერე, რომ სამუდამოდ თუ არა, დიდი ხნით მაინც გვიწევდა ჩვენი სამოთხის დატოვება.

 

- ბებია-ბაბუა მერხეულში დარჩნენ?..

 

- მამაც დარჩა, არ გამოგვყვა, მოხუცი სიდედრ-სიმამრი არ დატოვა. აფხაზებმა, სომხებმა, ჩრდილოკავკასიელებმა რის გატანაც შეიძლებოდა, ყველაფერი გაზიდეს ჩვენი სახლიდან. ერთი რეიდის დროს ჩეჩნები ჩემებს მიადგნენ. მამაჩემი ხან ციტრუსის პლანტაციაში, ხანაც ბეღელში იმალებოდა. მაშინ 45 წლის იყო და ახალგაზრდა კაცის იქ პოვნა საშიში იყო. ერთი სიტყვით, ბებიას და ბაბუას სხვა გზა არ ჰქონდათ და ჩეჩნებს გაუმასპინძლდნენ. ბებიაჩემი ყუბანელი კაზაკი იყო, კრასნოდარის ერთ-ერთ სტანიცაში დაიბადა. მეორე მსოფლიო ომის დროს ოჯახთან ერთად საქართველოში, გულრიფშის რაიონის სოფელ განახლებაში ჩამოსულან საცხოვრებლად. მერე ბაბუაჩემი შოთა გაიცნო და კი გაქართველდა ჩვენი მშვენიერი რაისა. ნათლობის სახელი ნინო ერქვა. ბებიამ ძალიან სწრაფად ისწავლა ქართული და მეგრულიც... ბაბუა შოთა გიორგაძე საოცრად განათლებული ადამიანი იყო.

 

ჩეჩნები ძალიან შემოეჩვივნენ ბებია-ბაბუას. ბაბუა ცოტა რომ გაუშინაურდა, პირდაპირ უთქვამს, ჩემი სიძე აქ არის, არ მიგვატოვა, იმ იმედით, რომ მალე ყველაფერი შეიცვლებოდა, იქნებ მის სამშვიდობოს გაყვანაში დაგვეხმაროთო... ზამთარი მოდიოდა და მამა გარეთ, სიცივეში დიდხანს ვერ დაიმალებოდა. თუ არ უომია, გავიყვანთ, გადავამოწმებთო, უთქვამთ.... მამას ძმა იბრძოდა, მამა - არა. მამაჩემს ჩეჩენი რომ დაუნახავს, სახტად დარჩენილა - ჩეჩენში შამილ ბასაევი ამოუცვნია, მოხუცებმა კი ვერ იცნეს. ბასაევი სამშვიდობოს გაყვანას დაჰპირდა, მაგრამ იქამდე მამას უთქვამს, იქნებ სოხუმში ჩემს სახლში მივიდეთო. წაუყვანია ბასაევს, იქ კი ახალ „მეპატრონეს“ ოჯახის ფოტოებით ამოვუცვნივარ და ბასაევისთვის უთქვამს, ამის შვილი ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდაო - ანუ ჩვენი ოჯახის შესახებ ყველაფერი იცოდნენ. მე კი წლების შემდეგ ვეტერანის მოწმობის ასაღებად ექვსთვიანი წვალება დამჭირდა, რომ დამემტკიცებინა, ვინ ვიყავი და ომის პერიოდში რას ვაკეთებდი. მოკლედ, ბასაევმა მამა მანქანაში ჩასვა. მამა მერე ჰყვებოდა - მთელი გზა მეგონა, სადმე გააჩერებდა და დამხვრეტდაო, მაგრამ მერხეულში ბებია-ბაბუასთან მიუყვანია. მეორე დღეს კი მამა ენგურის ხიდამდე მიუცილებია.

 

მაშინ ბათუმის პორტის მუშაკთა საერთო საცხოვრებელში ვიყავი შეფარებული, 6 კვადრატულ მეტრ ოთახში, დედასა და დასთან ერთად. ღამე იმდენად ციოდა, ჩაცმულებს გვეძინა. ერთ დღესაც მეზობელი შემოვარდა, მამაშენი ჩამოვიდაო. ხუმრობა მეგონა, მაგრამ კარში ძალზე გამხდარი უცნობი კაცი შემოვიდა. ეს საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოქცეულს დამსგავსებული კაცი ჩამეხუტა და ატირდა. მაშინ მამას ცრემლები პირველად ვნახე. ეს იყო 1994 წლის თებერვალი.

 

2000-იანი წლების დასაწყისში დედამ გარისკა და ომის შემდეგ პირველად მშობლების მოსანახულებლად აფხაზეთში წავიდა. მოხუცები დარდისგან, ასაკისა და გადატანილი უბედურებისგან ხშირად ავადმყოფობდნენ და შემდეგ თავადაც დაიწყეს გადმოსვლა, თუმცა სახლს არ ტოვებდნენ იმ იმედით, რომ ოდესმე მათი შვილები და შვილიშვილები დაბრუნდებოდნენ. 1995 წელს პირველად გადმოვიდა ბაბუა, მე, ბიძაჩემი და ბიძაშვილი დავხვდით ენგურზე, მახსოვს, გულისტკივილით გაიოცა, გაზაფხულია და მიწები დახნული არააო.. წლების უნახავი ვყავდით. თავის შეკავებას ცდილობდა, არ უნდოდა ცრემლი ეჩვენებინა... მას შემდეგ ბაბუა აღარ მინახავს, 2003 წელს გარდაიცვალა. არც ამის შემდეგ დატოვა ბებიამ სახლ-კარი, ძროხა ჰყავდა, ყველი ამოჰყავდა და სოხუმის ბაზარში ყიდდა, თავი ხომ უნდა ერჩინა. მარტო იყო, მაგრამ იმედი არ დაუკარგავს, რომ მისი შვილები და შვილიშვილები აფხაზეთში დავბრუნდებოდით.

 

ბებია გვიყვებოდა, ერთხელ ვიღაცას ქართულად გადავულაპარაკე ავტობუსში და აფხაზი წამოენთო, ძაღლების ენაზე ნუ საუბრობთ, რუსულად ილაპარაკეთო, ბებიას უპასუხია, ამ ენაზე ჩემი შვილები და შვილიშვილები ლაპარაკობენ და სიკვდილამდე მეც ამ ენაზე ვისაუბრებო...

 

2008 წელს გარდაიცვალა. ბაბუას დაკრძალვაზე დედა იყო ჩასული, ბებო რომ გარდაიცვალა, უფროსმა ბიჭმაც მოახერხა მისვლა დედის სამძიმარზე. იქაურებმა უჭირისუფლეს, მათ, ვისაც სანამ ძალა შესწევდა, კარი არ გამოკეტეს. მერე იქაურობა თანდათან დაიცალა, ზოგი გარდაიცვალა, ზოგი ჩამოვიდა... ბებია-ბაბუის სახლი ერთ აფხაზ სიძეს მიაბარეს ჩემებმა, თუ ჩამოვედით, ხომ კარგი, თუ არა და, შენი იყოსო. ხანდახან ინტერნეტით ვნახულობ იქაურობას, საშინელი გრძნობაა, შეუძლებელია, ადამიანი ფესვების მოწყვეტას შეეგუოს.

 

 

big_banner
არქივი