logo_geo
ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული „ნიჭიერის“ ფინალშია
- +

14 დეკემბერი. 2021. 22:55

 

ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული „ნიჭიერის“ ფინალშია. ფინალი 18 დეკემბერს გაიმართება და ამ დღეს თითოეულ ჩვენგანს შეგვეძლება მის გამარჯვებაში წვლილის შეტანა. ამის შესახებ ის ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

 

 

ამერიკაში რომ ჩამოვედი, ძალიან ბევრი სირთულის წინაშე აღმოვჩნდი, მაგრამ ღმერთის წყალობით, ყველაფერს გავუმკლავდი. მჯერა, რომ ყველა სიძნელეს თავისი დანიშნულება აქვს და თუ ადამიანს წარმატება გიწერია, მისი მიღწევა გარდაუვალია. იმ სირთულეების გამო, რომელიც მე შემხვდა, დიდი შემოქმედებითი პაუზა ავიღე, არც კონკურსში გამოვჩენილვარ და არც სხვა რომელიმე პროექტში. მინდოდა, საკუთარ თავთან მარტო დავრჩენილიყავი და ახალი ალექსანდრე მეპოვა. როგორც იცით, გარდატეხის ასაკში ბიჭის ხმა ძალიან იცვლება. იგივე პრობლემა გოგონებსაც აქვთ, მაგრამ ბიჭებს – განსაკუთრებულად და ხმა რომ შემეცვალა, თავიდან ძალიან ვინერვიულე. სიმღერებს, ადრინდელთან შედარებით, სულ სხვა ჟღერადობით რომ ვასრულებდი, ძალიან განვიცდიდი, მაგრამ კარგი ადამიანების, ჩემი გულშემატკივრებისა და განსაკუთრებით, არაჩვეულებრივი პედაგოგის – შეროლ პორტერის დახმარებით, მივედი იმ დასკვნამდე, რომ ყველაფერს თავის მიზეზი აქვს. მთავარია, საკუთარი თავი ისეთად მიიღო, როგორიც ხარ. მე ვფიქრობდი, რომ ხმა შემეცვალა და წინსვლის ნაცვლად, უკან-უკან მივდიოდი, მაგრამ მისი დახმარებით საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ ახალ ხმაზე ბევრი უნდა მემუშავა, მიმეღო ის და გამომეყენებინა. აბსოლუტურად ყველა სიმღერა, რომელიც მანამდე მქონდა, ნაგავში გადავყარე და დავიწყე სრულიად ახალი კარიერა – ახალი ოცნებებითა და მიზნებით.

 

რაც შეეხება ამერიკულ „ნიჭიერში“ მოხვედრას, ესეც შეროლ პორტერის დამსახურებაა. არსებობს „იუთუბ არხი“, რომელსაც კონტრაქტი აქვს გაფორმებული არაერთ სატელევიზიო პროექტთან და მას ცხრა მილიონამდე გამომწერი ჰყავს. შეროლს შესთავაზეს, ამ არხზე გაეკეთებინა საკუთარი გადაცემა, სადაც მოიწვევდა მომღერლებს, რომლებიც თავიანთ დაწერილ სიმღერებს თვითონ შეასრულებდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ მან იცოდა ჩემი ახალი ჰობის შესახებ, რომელიც ძალიან მინდა, პროფესიად ვაქციო – ვგულისხმობ სიმღერების წერას და რადგან ძალიან მოეწონა ჩემი დაწერილი სიმღერა, შემომთავაზა, რომ მეც მივსულიყავი ამ გადაცემაში. მივედი და იმდენად მოეწონა ამ არხის კრეატიულ დირექტორს ჩემი სიმღერები და მეც, როგორც მომღერალი, გადაწყვიტა, კონექტიკუტის „ნიჭიერში“ მივეწვიე. კონექტიკუტის „ნიჭიერი“ ისეთივე პროექტია, როგორიც ამერიკის „ნიჭიერი“, მაგრამ კონკრეტულ შტატში იმართება. მასში ძალიან ბევრი ადამიანი იღებს მონაწილეობას. როგორც კი სიმღერა დავამთავრე, ჟიურის პირველივე წევრმა, რომელიც ფეხზე ადგა, ოქროს ღილაკზე დაარტყა ხელი და პირდაპირ ფინალში გადავედი.“- ამბობს მომღერალი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი