logo_geo
რამ შეუშალა ხელი ბექა წივწივაძეს დიდი წარმატების მიღწევაში და როგორ ინარჩუნებენ ის და მანიკა ასათიანი ოჯახურ ცხოვრებას
- +

14 იანვარი. 2022. 16:04

 

 

კალათბურთელ ბექა წივწივაძისა და ტელეწამყვან მანიკა ასათიანის ოჯახური ცხოვრება უკვე 11 წელს ითვლის. საკმაოდ პატარები დაქორწინდნენ და იმის მიუხედავად, რომ საკუთარ კარიერაში ორივე ძალიან აქტიური და წარმატებულია, ოჯახური ცხოვრება მათთვის პირველ ადგილზე დგას.

 

ბექა წივწივაძე: ექვსი წლის ვიყავი, როდესაც კალათბურთის თამაში დავიწყე. თბილისის ვაკის საკალათბურთო აკადემიაში მიმიყვანეს, სადაც ჩემი მწვრთნელი მიხეილ კობეშავიძე იყო. ჩემი ოჯახის წევრები ფეხბურთელები იყვნენ და სპორტის ამ სახეობაზეც დავდიოდი, მაგრამ კალათბურთი უფრო შემიყვარდა და არჩევანი მასზე გავაკეთე.

 

– ოჯახის ღალატი გამოვიდა...

 

– მეორე ბაბუა მყავდა კალათბურთელი, ნათლიები მყავდნენ კალათბურთელები და მათი გვერდში დგომით აღმოვჩნდი ამ სპორტში. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ყველა ფეხბურთელი იყო, ბავშვობიდან მოყოლებული, ჩემთვის კალათბურთიც ძალიან ახლობელი გახდა. ბევრმა დეტალმა შეუშალა ხელი იმას, რომ უფრო მეტად წარმატებული ვყოფილიყავი. არ მიყვარს ჩემს თავზე ლაპარაკი, მაგრამ არის განცდა, დარდი, მონატრება და რომ არა ბევრი გაუმართლებლობა, შესაძლებელი იყო, ბევრად მაღალ დონეზე მეთამაშა.

 

– რაზე გწყდებათ გული?

 

– ბევრი კარგი თამაში შემეძლო ჩამეტარებინა საქართველოს ნაკრებში. თუმცა, წარმატება ჩემთვის ჩემი ოჯახია და ამით ვიმშვიდებ თავს. სპორტიც – თავისთავად, მაგრამ ოჯახი ყველაფერია და ჩემი მეუღლე და შვილი მამშვიდებენ. კარიერის ბოლოს ისეთი ტრავმა მივიღე, რომ გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა და ამიტომაც მომიწია აქტიური სპორტისთვის თავის დანებება. ძალიან გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება. გულის სიღრმეში ვიმედოვნებდი, რომ ბოლომდე არ გადამიწყვეტია დასრულება. თუმცა, ისე მოხდა, რომ მწვრთნელობა დავიწყე და გუნდს შვილივით ვზრდი.

 

– ოჯახს უშლის ხელს აქტიური კარიერა?

 

– როცა მაღალ დონეზე თამაშობ და ევროპაში სერიოზულ გუნდებში თამაში გიწევს, რა თქმა უნდა, უნდა ითამაშო, მაგრამ როცა უკვე საქართველოში ხარ და უკვე ასაკშიც, ცოტა დაფიქრება არის საჭირო. სპორტი დიდ დროს, ენერგიას, დასვენებას მოითხოვს და სხვა რამისთვის დრო აღარ გრჩება. როცა ეს სხვა ოჯახია, არჩევანს ბუნებრივად აკეთებ მის სასარგებლოდ.

 

– აქტიური სპორტის გარეშე არ არის რთული?

 

– რა თქმა უნდა, ის ემოციები მაკლია, მაგრამ როგორც მწვრთნელი, ვინაზღაურებ. ამ პროცესში საკუთარ თავს ვაკვირდებოდი, რამდენად მომანიჭებდა ეს ამპლუა სიამოვნებას და აღმოჩნდა, რომ ძალიან სასიამოვნოა. ჩემთვის სპორტის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. თუმცა, პარალელურად, სხვა საქმეებითაც ვარ დაკავებული.

 

 

– რას ნიშნავს ბექასთვის ოჯახი?

 

– ოჯახი ჩემთვის სიცოცხლის არსი და სიყვარულია. ყველაფერი დადებითი და კარგი მასთან ასოცირდება.

 

– თქვენი ოჯახის ისტორია საკმაოდ პატარა ასაკში და აქტიური კარიერის ფონზე დაიწყო.

 

– ასეა. მე და მანიკა მაშინ ბავშვები ვიყავით და ერთი წელი, ბავშვური სიყვარულით გვიყვარდა ერთმანეთი. მე მაშინ 23 წლის ვიყავი. 12 წელია ერთმანეთს ვიცნობთ. 11 წელია, ოჯახი გვაქვს. დღევანდელი გადმოსახედიდან, მაშინ შეიძლება, მთელი სერიოზულობით ვერ აღვიქვამდით ოჯახის მნიშვნელობას, მაგრამ ჩემი და მანიკას ოჯახები იყო ჩვენი სიძლიერე. მათ აზრს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდით. ჩვენი ოჯახები ტრადიციებითა და კულტურით ძალიან ჰგავს ერთმანეთს, რაც ასევე დაგვეხმარა. ორივეს აქტიური კარიერა გვქონდა, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობდით, ერთმანეთს გვერდში დავდგომოდით. სპორტსმენის მეუღლეობა ძალიან რთულია, მისი რეჟიმისთვის ფეხის აწყობა ჭირს, ბევრჯერ ყოფილა მონატრება, როცა ერთმანეთის გარეშე გვიწევდა ყოფნა, თუმცა, ის მონატრებაც კარგად გვახსენდება. ყველაფერს თავისი დადებითი მხარე აქვს. როდესაც წარმატებული მეუღლე გყავს, გსიამოვნებს მისი წარმატება და ბავშვობიდან მოყოლებული, გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს, აბსოლუტურად ყველაფერში. მე და მანიკას ძალიან კარგად გვესმის ერთმანეთის. ჩვენი ძლიერი მხარე ურთიერთობა და კომუნიკაციაა.

 

– როგორი გოგოა მანიკა ოჯახში?

 

– ისეთი, როგორიც უნდა იყოს ქართველი ქალი, ეს ყველაფერს კარგს მოიაზრებს. ჩვენს ოჯახში არ არის ჩარჩოები. ყველა ვაკეთებთ ოჯახისთვის აუცილებელ საქმეს, რა დროსაც რა არის საჭირო. მანიკა რეალურად ისეთია, როგორსაც ეკრანზე ხედავთ. მისი პოზიტიური ხასიათი, ყველაფერი, რაც კი დადებითი აქვს, ძალიან გადამდებია გარშემო მყოფებისათვის, რაც მგონია, რომ ძალიან მძიმე გარემოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

– ბექა როგორია?

 

– მაქსიმალურად ვცდილობ, ყველა დეტალში ვიყო ჩართული, ისე, როგორც ყველა ნორმალურ ოჯახშია. მეც და მანიკასაც ჩვენ-ჩვენი საქმე გვაქვს, ორივე ძალიან დატვირთულები ვართ, მაგრამ ოჯახში ქალის საქმე იქნება თუ კაცის, ვისაც რა შეგვიძლია, ორივე ყველაფერს ვაკეთებთ. მარტივად ვუგებთ ერთმანეთს, მარტივად გვესმის ერთმანეთის. წაგებული თამაშის შემდეგ ძალიან რთული იყო ჩემთან კომუნიკაცია, მაგრამ მანიკას ისე ვყავარ შესწავლილი და მეც ისე მყავს მანიკა შესწავლილი, რომ ვიცით, როდის რა არის საჭირო.

 

– პატარა ასაკში შექმნილი ოჯახი ხშირად იშლება, თქვენს ურთიერთობას არ ახლდა რთული პერიოდები?

 

– მგონია, რომ კონფლიქტი ყველა ოჯახშია, მაგრამ სადაც სიყვარულია, იქ ყველაფრის გადატანაა შესაძლებელი. ჩვენ კრიზისული პერიოდი ნამდვილად არ გვქონია, მაგრამ პატარ-პატარა პრობლემები იყო. თუმცა, კომუნიკაციით, ერთმანეთის მოსმენითა და სიყვარულით ყველაფერი დავძლიეთ.

 

– რომელი უფრო დამთმობია?

 

– ალბათ, უფრო მამაკაცი უნდა იყოს ის, ვინც პირველ ნაბიჯს გადადგამს.

 

– რომანტიკულობის თვალსაზრისით რომელი უფრო გამოირჩევით?

 

– გამორჩეულად რომანტიკული არცერთი არ ვართ. ჩვენი სიყვარული ყოველდღიურ ზრუნვაში გამოიხატება, არ არის აუცილებელი განსაკუთრებული ფოიერვერკები, ვახშამი ან სადმე წასვლა. თუმცა, როცა განსაკუთრებული დღეებია, ვცდილობთ, ერთმანეთს ისე ვასიამოვნოთ, როგორც ზუსტად ვიცით, რომ გაუხარდება, ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და გამოგვდის კიდეც.

 

– რა არის საჭირო ამდენი წლის განმავლობაში მყარი ოჯახის შესანარჩუნებლად?

 

– ჩვენ ერთად გავიზარდეთ, მე ბევრი რამ ვისწავლე მანიკასგან და მან – ჩემგან. მე ვფიქრობ, როცა ოჯახსა და ადამიანებში რაღაც სწორად არ ხდება, ეს ურთიერთობის არცოდნის ბრალია, მოსმენის პრობლემაა. როდესაც ადამიანებმა ერთმანეთის მოსმენა იციან და მშვიდად საუბარი შეუძლიათ, ყველანაირი პრობლემა გადაჭრილი იქნება, თუ, რა თქმა უნდა, რამე კატასტროფული არ ხდება.

 

– მანიკაზე გიჟდება მთელი ქვეყანა, ბექა ამაზე არ ეჭვიანობს?

 

– ერთი წამიც კი არ მქონია ეჭვიანობის ფაქტი. პირიქით, სასიამოვნოა, როცა გვერდით ისეთი მეუღლე გყავს, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს. არც თვითონაა ეჭვიანი. მე და მანიკა ბევრ რამეში ძალიან ვგავართ ერთმანეთს. ჩვენთვის პირველ ადგილზე ოჯახის სიწმინდე და რწმენა დგას. დავდივართ ეკლესიაში, ერთმანეთს პატივს ვცემთ, უფროს-უმცროსის ადგილი ვიცით და მგონია, რომ ყველაფერი სიკეთისკენაა.

 

– რას ნიშნავს ოჯახის სიწმინდე?

 

– იმასაც, რასაც ყველაზე მეტად ებრძვიან. არ ჩავუღრმავდები, გამგები გაიგებს.

 

– შვილი ვის უფრო ჰგავს და როგორია სპორტის მიმართ მისი დამოკიდებულება?

 

– ორივეს ძალიან გვგავს. ყველა მშობელს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს თავის შვილის მიმართ და ფიქრობს, რომ გამორჩეულია, ჩვენც ასე ვართ. სპორტი უყვარს. მე მისთვის არაფერი დამიძალებია, თუმცა, რა თქმა უნდა, მინდოდა, კალათბურთში ყოფილიყო. ფეხბურთსაც თამაშობდა, მაგრამ ახლა ისევ კალათბურთს დაუბრუნდა. სრული თავისუფლება მივეცი, სადაც მოისურვა, იქ იყო და ბოლოს კალათბურთი აირჩია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი