logo_geo
ჯანეტ ქერდიყოშვილის დედა: ჩემს შვილებს თბილი და კარგი გული აქვთ
- +

16 იანვარი. 2022. 13:33

 

 

„უზომოდ მიყვარხარ, დე“, – ხშირად წერს მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი დედაზე, ემა (ნინო) ხაჟომიაზე სოციალურ ქსელებში და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს. დედა-შვილს უმეტესად თითქმის ერთნაირად, ერთ ფერსა და სტილში აცვიათ.

 

ემა ხაჟომიას და ჯემალ ქერდიყოშვილს სამი შვილის ყოლის ბედნიერება ხვდათ წილად, მაგრამ ნაბოლარა, პატარა ანეტა, უბედური შემთხვევის შედეგად გამოეცალათ ხელიდან. ეს ტრაგედია მაშინ დაატყდათ თავს, როცა ოჯახი ჯანეტის სილამაზის კონკურსში გამარჯვებას ზეიმობდა… ბედნიერებასა და დიდ ტკივილზე ქალბატონი ემა „სარკეს“ უამბობდა:

 

- შვილებთან მკაცრი არ ვარ. პროფესიით გინეკოლოგი ვიყავი, მაგრამ არ ვმუშაობდი. სულ ბავშვებს დავყვებოდი სკოლაში, ცეკვაზე, სიმღერაზე. სხვათა შორის, როცა ჯანეტზე მეუბნებოდნენ, რა ლამაზი ბავშვიაო, ამას ვერც ვამჩნევდი. ალბათ მშობელი ვერ ამჩნევს. ჩემი შვილების შინაგან სილამაზეს უფრო ვხედავდი, ვიდრე გარეგნულს. მათ თბილი და კარგი გული აქვთ.

 

- თქვენი პატარა გოგონას დაღუპვის ამბავი მეხივით გავარდა, ყველამ განიცადა…

 

– ანეტა 2001 წელს შეგვეძინა. მას და ჯანეტს შორის 10 წელია სხვაობა. 9 წლის იყო, როცა ტრაგედია მოხდა. ანეტა საყვარელი, თბილი შვილი იყო. და-ძმა ძალიან ანებივრებდნენ, მასზე არც ეჭვიანობდნენ. არადა, სულ მეუბნებოდნენ, ის უფრო გიყვარსო.

 

ამ ყველაფრის დაძლევაში ის დაგვეხმარა, რომ მთელი ოჯახი ერთად ვიყავით შეკრული. ყოველ ახალ წელს მის საფლავთან ვატარებთ. ჯანეტს მის საფლავზე წასვლა არ უყვარს. სახლში, პიანინოსთან ანეტას პატარა კუთხე გვაქვს. მისი ფოტოები გვიკიდია. ანეტას ძალიან უყვარდა, როცა ჯანეტი პიანინოზე უკრავდა, მივიდოდა და უსმენდა. ჯანეტი ახლაც პიანინოსთან დაჯდება ხოლმე, უკრავს, თან დის სურათებს უყურებს…

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი