logo_geo
რა ტრაგედია გადაიტანა მერიკო კარტოზიას ოჯახმა და როდის იყო მისი სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ
- +

22 იანვარი. 2022. 12:47

 

 

გადაცემა „სიკეთე მარტივია“, რომლის წამყვანიც ჟურნალისტი მერიკო კარტოზიაა, არაერთ ადამიანს დახმარებია ჯანმრთელობისა და უფრო მეტიც – სიცოცხლის შენარჩუნებაში. სირთულეები და სიცოცხლისთვის ბრძოლა მისი წამყვანისთვისაც უცხო არ არის, თუმცა მისგან ყოველთვის დადებითი განწყობა მოდის და ცოტა ხნის წინ მაყურებელს თავი ახალი ამპლუითაც გააცნო.

 

მერიკო კარტოზია: განსხვავებულ ამპლუაში პირველად მიხილა მაყურებელმა. აქამდე საჯაროდ არ მიმღერია, თუმცა, ბავშვობაში მეგობრების წრეში, მე და ჩემი ტყუპისცალი და ვღიღინებდით ხოლმე. ახლა ალექსანდრე ბასილაიას, მისი შემოქმედებისა და ოჯახის განსაკუთრებულმა სიყვარულმა გადამაწყვეტინა, საკუთარი თავისთვის საჯაროდ სიმღერის უფლება მიმეცა. სიყვარულის დღეს ქალბატონი ლუიზა კობალაძე ჩავწერე და გადაცემის გასალამაზებლად მათი სიმღერები გამოვიყენე. ძალიან მომინდა, ოდესმე მეც მემღერა ეს სიმღერები. ალექსანდრე ბასილაიას იუბილეზე ისევ დავპატიჟე ქალბატონი ლუიზა ჩემთან გადაცემაში. სიურპრიზი დავგეგმე – სპეციალურად მისთვის უნდა მიმეძღვნა მათი სიმღერა – „მერე“. გადავწყვიტე, ეს სიმღერა ხვიჩა ხოჯავასთან ერთად შემესრულებინა და ხვიჩაც სიამოვნებით დამთანხმდა. სიმღერის შერჩევაზე რომ მიდგა საქმე, მისტიკური ამბავი მოხდა: სანამ მე ვეტყოდი, რომელი სიმღერის ჩაწერა მინდოდა, ხვიჩამ დამასწრო და იგივე სიმღერა შემომთავაზა. არანჟირება არაჩვეულებრივმა დათო ფორჩხიძემ გაგვიკეთა და ქალბატონი ლუიზა სტუდიის ნაცვლად ახმეტელის თეატრში მივიპატიჟე. მინდოდა, გარემოც სიურპრიზის შესაბამისი ყოფილიყო. მაყურებელმა ნახა მისი საოცარი ემოციები, ეს ჩემთვისაც დიდი ბედნიერება იყო.

 

– გადაცემაში „სიკეთე მარტივია“ არაერთი მძიმე ისტორია მოგვისმენია სტუმრებისგან. როგორც ვიცი, მერიკოს თვითონაც ბევრი სირთულე აქვს გამოვლილი...

 

– ეს ამბავი აქამდე არ მომიყოლია. ახლა პირველად შევეხები ჩემი ოჯახისთვის ძალიან მტკივნეულ თემას. მე პატარა ანგელოზი გოგო გარდამეცვალა – ლიზა, ჩემი ტყუპისცალი დისშვილი. ჩემი და ჩემი მეორე ნახევარია, ამ სიტყვის ზუსტი გაგებით. ტყუპები განსაკუთრებულად ვგრძნობთ ერთმანეთის ტკივილსა და სიხარულს. ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა. დღემდე არ ვიცით მიზეზი. ბავშვი სრულიად ჯანმრთელი დაიბადა, მაგრამ მოულოდნელად დამძიმდა. გვითხრეს, რომ კრიზისული მდგომარეობა იყო. მესამე, მეშვიდე და მეცამეტე დღეები აღმოჩნდა განსაკუთრებით მძიმე. მესამე დღეს, როცა ბავშვი დამძიმდა, სრულიად მარტოს ექთანმა ისე მომახალა, მგონი, უკვე გარდაიცვალაო, ძალიან ცუდად გავხდი. გამთიშეს, დამაძინეს და ცოტა ხანში გამომაფხიზლეს. მეცამეტე დღეს გარდაიცვალა... საბედნიეროდ, მისი მონათვლა მოვასწარით. ყველაზე რთულად მახსენდება დღე, როცა ექიმებმა მთხოვეს, მივსულიყავი ჩემს დასთან და მოსალოდნელი ტრაგედიისთვის შემემზადებინა. პალატაში რომ ავედი, სიტყვებს ვეძებდი, არ ვიცოდი, როგორ უნდა შემემზადებინა ამ ამბისთვის. სახარებიდან გავიხსენე მაგალითები, ვეუბნებოდი, რა კარგია, რომ ამ ანგელოზის მონათვლა მოვასწარით-მეთქი, ვცდილობდი, გამემხნევებინა, მაგრამ იმ წუთას მე უფრო ცუდად ვიყავი. ჩემი დის ტკივილი ჩემი ტკივილია და ძალიან რთული იყო პატარა ანგელოზთან გამოთხოვება. საბედნიეროდ, მე არ მინახავს პატარა ლიზა. მითხრეს, რომ ნამდვილი ანგელოზი იყო. ანგელოზი, რომელიც სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. მე ვფიქრობ, რაღაც სწორად არ გაკეთდა ექიმების მხრიდან, რამაც პატარას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია. ამის შემდეგ მე და ჩემმა დამ ყველაფერი სხვანაირად დავაფასეთ. ლიზასთან დღემდე მაქვს კონტაქტი, დღემდე ვსაუბრობ მასთან და მჯერა, რომ ის არის ჩვენი ოჯახის მფარველი ანგელოზი. თუ მე და ჩემს დას რამე პრობლემა გვაქვს, დახმარებისთვის მას მივმართავ. ჩემთვის ის წმიდანივითა, რომელიც არ მინახავს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ იქიდან გვმფარველობს.

 

– გადაცემაში ხშირად ეხმარებით ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს. მსგავსი პრობლემები თავადაც გამოიარეთ?

 

– ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა და სასწრაფო ოპერაცია დამჭირდა. საოპერაციოში ვიწექი და არ ვიცოდი, იქიდან ცოცხალი გამოვიდოდი თუ არა. იმ წამებში მთელ ჩემს ცხოვრებას ვიხსენებდი და მეცინებოდა. ხანდახან ისე ვირთულებთ ცხოვრებას, ისეთ სისულელეებზე ვნერვიულობთ... თურმე, არ ღირს, მაგრამ ამას გვიან ვაცნობიერებთ – მაშინ, როცა იძინებ და არ იცი, გაგეღვიძება თუ არა.

 

– ასე რთულად იყო საქმე?

 

– კი, ამის შანსიც იყო, დიაგნოზი ბოლომდე არ იყო გარკვეული და ქირურგიული ჩარევის შემდეგ გახდებოდა ცნობილი. კითხვის ნიშნები იყო და ყველაფრისთვის მზად ვიყავით. ძალიან რთულია, მაგრამ მიფიქრია, რომ შეიძლებოდა, ჩემი ამქვეყნიური ცხოვრება დასრულებულიყო. ამ დროს ერთადერთი, რასაც განვიცდიდი, ჩემი საყვარელი ადამიანების მონატრება იყო. მათ გარეშე რა უნდა ვქნა-მეთქი, ვფიქრობდი, თუმცა, უფალთან შესახვედრად მზად ვიყავი. ასეთ მომენტებში ხვდები, მართლა ვინ და რა არის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი. თუმცა, საოპერაციოშიც არ შევსულვარ დამძიმებული, ჩემი ცხოვრებიდან ბევრი რამ მახსენდებოდა კარგად. რაღაცებს ვნანობდი, რაღაცების არიდების სურვილი მქონდა, შეცდომებიც იყო, მაგრამ ყველას ყველაფერი მივუტევე, მათ შორის საკუთარ თავსაც და აბსოლუტურად მივენდე უფალს. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დამთავრდა. მადლობა იმისთვისაც, რომ ძალიან ძლიერი ვარ. მიყვარს აქტიური ცხოვრება. ვცეკვავდი, იოგათიც ვიყავი დაკავებული. ფეხით სიარული, ცურვა – ყველანაირი ფიზიკური აქტივობა მიყვარს. ალბათ, ამის დამსახურება იყო, საავადმყოფოდან რომ გამოვედი, იმდენად სწრაფად დავდექი ფეხზე, რომ ოპერაციიდან მეათე დღეს სრული დატვირთვით ვმუშაობდი. დილის ათიდან ღამის ათ საათამდე სამსახურში ვიყავი. ჩემი გინეკოლოგი შოკში იყო. მეხუმრებოდა, შენი სურათი უნდა გავადიდო და აქ ჩამოვკიდოო. ამიტომაა, რომ დღეს ძალიან ვამხნევებ ჩემს რესპონდენტებს, რომლებიც სხვადასხვა საწუხარით მირეკავენ. სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი