logo_geo
თამარ გაბუნია: თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნა მოგვცემს რეალურად ხელშესახებ ეფექტს, იქნება შედარებით დაბალი ფასი
- +

24 იანვარი. 2022. 19:04

 

„ბიზნესი ამ მიმართულებით დიდი ხანია მუშაობს და მათი მხრიდან არაერთხელ იყო დაყენებული ეს საკითხი. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით მათი მზაობა არის საკმაოდ კარგი, მათ მოლოდინი ჩვენზე არანაკლები აქვთ,“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკას“ განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას - „რამდენად მზად არიან ფარმაცევტული კომპანიები შემოიტანონ იაფი მედიკამენტები, რამაც შესაძლოა სხვა მედიკამენტების გაიაფებაც გამოიწვიოს?“.

 

„ის, რომ გაიხსნა ეს შესაძლებლობა და ადმინისტრაციული ბარიერი გამარტივდა, ვფიქრობთ, რომ ორივე მხარისთვის, რაც მთავარია საქართველოს მოქალაქეებისთვისაც იქნება ის სიგნალი, რაც ჩვენ უკვე მოგვცემს რეალურად ხელშესახებ ეფექტს და ბაზარზე გამოჩნდება მრავალფეროვნება, უფრო მეტი კონკურენცია, ჯანსაღი კონკურენცია, შედარებით დაბალი ფასი, რაც იქნება რა თქმა უნდა ძალიან კარგი და სარგებლის მომტანი ჯანმრთელობის კუთხით. იმპორტიორები ამ მომენტისთვის ემზადებოდნენ, მათი წინასწარი შეფასებით, საუბარია დაახლოებით თვენახევარი, ორი თვე რაც ჩვენ წინასწარ კონსულტაციებში მოვისმინეთ და ამდენად ვფიქრობთ, რომ მიმდინარე პერიოდში უკვე რეალურად დაიწყება იმპორტირების პროცედურები, რაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ ადმინისტრაციულად, მნიშვნელოვნად გამარტივებულია და ეს შექმნის უკვე რეალურად ხელშესახებ ცვლილებას, რასაც იგრძნობს საქართველოს თითოეული მოქალაქე უკვე ბაზარზე შედარებით ნაკლები ფასის და ხარისხიანი მედიკამენტების გამოჩენასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გაბუნიამ.

 

პრემიერ-მინისტრმა 17 იანვარს განაცხადა, რომ თურქეთის ბაზარი გაიხსნა და საქართველოში მაღალი ხარისხის მედიკამენტების შემოტანა დაიწყება. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეს მნიშვნელოვნად და ძალიან სწრაფად დაწევს მედიკამენტების ფასებს საქართველოში.

 

 

big_banner
არქივი