logo_geo
გიგი ჭიპაშვილი (პიანომენი): ამერიკაში ერთ-ერთ კონცერტზე რეზო ლაღიძის საფორტეპიანო პიესა დავუკარი და მსმენელი გადაირია
- +

11 მარტი. 2022. 18:46

 

 

სოციალური ქსელები დაიპყრო ამბავმა, პიანომენმა რუს მსმენელს 100-დოლარიანი როგორ დაუბრუნა. ეს კი ასე მოხდა: რუსმა მსმენელმა რუსული სიმღერის დაკვრა შეუკვეთა და 100 დოლარი დაუდო. პიანომენმა უკრაინული სიმღერა დაუკრა, მერე კი რუსებთან მივიდა, ფული დაუბრუნა და უთხრა, ეს თანხა უკრაინაში გარდაცვლილი ბავშვის მშობლებს გადაუგზავნეთ იმისთვის, რაც მათ გაუკეთეთო.

 

მუსიკოსი გიგი ჭიპაშვილი ფართო საზოგადოებამ წლების წინ გიგი უანდერის სახელით გაიცნო. ის დამწყები პიანისტებისთვის სამაგალითო იყო. ინტერნეტსივრცეში კი პიანომენის სახელით იცნობენ.

 

პიანისტმა წარმატებამდე დიდი გზა გაიარა. სასწავლებლად ამერიკაშიც იყო წასული. იქიდან დაბრუნებული ამერიკული მუსიკის ქართველი მსმენელისთვის შეთავაზებას გეგმავდა, მაგრამ მისი კომპოზიცია ქართული კინომუსიკიდან მსმენელმა ისე აიტაცა, რომ მუსიკოსს ბიძგი მისცა, სხვა კომპოზიციებიც შეექმნა.

 

„ამერიკაში ერთ-ერთ კონცერტზე რეზო ლაღიძის საფორტეპიანო პიესა დავუკარი და მსმენელი გადაირია. სიმართლე რომ ვთქვათ, ქართული ფოლკლორი მათთვის  გაუგებარია. აღიარებენ, რომ ქართული მრავალხმიანობა უნიკალური მოვლენაა, მაგრამ ბოლომდე არ ესმით.

 

ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებების კარგი ორკესტრირება რომ გააკეთო, ოსკაროსანი კომპოზიტორების ნამუშევრებისგან ვერ გაარჩევს მსმენელი. გია ყანჩელი, რეზო ლაღიძე, გოგი ცაბაძე - მსოფლიო დონის მუსიკოსები არიან.

 

სასიმღერო ჟანრში დიდი პრეტენზიები არ უნდა გვქონდეს. ამერიკაში შავკანიანი ბავშვები მყავს ნანახი, გაგიკვირდებათ, ისეთი ხმა და  ვოკალური მონაცემები აქვთ. ეს მათი სფეროა და კონკურენცია გაგვიჭირდება“, - ამბობს გიგი ჭიპაშვილი.

 

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, პიანისტის თქმით, ის ქორწინებაში არასდროს ყოფილა და არც ისეთი ადამიანი ჰყოლია, რომლის სახელსა და გვარს გაახმაურებდა და იტყოდა, რომ მასზეა შეყვარებული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი