logo_geo
ალეკო ელისაშვილი: ჩხუბიც ხშირად ხდებოდა და ცხვირიც ამიტომ მაქვს ასეთი
- +

16 მარტი. 2022. 12:26

 

 

პარლამენტის დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის ყველაზე დიდი ოცნება სამხედრო კარიერა იყო, მაგრამ არ გამოუვიდა, ჯერ ჟურნალისტიკაში აღმოჩნდა, შემდეგ კი პოლიტიკაში. რამდენიმე დღის წინ კი სამხედრო ფორმა ჩაიცვა და უკრაინაში გაემგზავრა. ადამიანების უმეტესობა მის გადაწყვეტილებას, უკრაინელების გვერდით ეომა, ცინიზმით შეხვდა.

 

ბავშვობის გატაცებას, ჰქონოდა სამხედრო კარიერა და ყოფილიყო მზვერავი, დღემდე მისტირის.

 

„საკუთარ თავს სასტიკ ექსპერიმენტებს ვუტარებდი. მაგალითად, ცხელ წყალში ხელს ვყოფდი, რომ გამეძლო. ბაბუაჩემის მამა იყო უშიშროების მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი. 14 წლის ვიყავი, ომში რომ გავიპარე, უფრო სწორად, რკინიგზის სადგურამდე მივედი, მაგრამ იქიდან ვეღარ წავედი. დედაჩემმა საბერტყით მცემა.

 

სამხედრო აკადემიაში უნდა ჩამებარებინა, მაგრამ ისტორიის ფაკულტეტზე შევიტანე საბუთები, პოლიტოლოგიის სპეციალობაზე. ისტორიას კარგად ვსწავლობდი. შეგიძლიათ ჰკითხოთ ჩემს ისტორიის პედაგოგს, ზაქრო ქუცნაშვილის დედას... თბილისში, პავლოვის ქუჩის დასაწყისში გავიზარდე. ჩემი უბნელები იყვნენ „კულინარიელები“. ვისთან ერთადაც ბავშვობაში ფეხბურთს ვთამაშობდი, უმეტესობა ცოცხალი არ არის, ვინც ცოცხალია, ან ციხეში ზის, ან უბედური ნარკომანია, ან გაქცეულია. არადა, მათგან ზოგი მაგარი მხატვარი გამოვიდოდა, ზოგს ექიმობა უნდოდა... პროტესტი მქონდა კრიმინალისადმი. ხომ იყო „წითელი“ და „შავი“ გაგება, მე „წითელს“ ვაწვებოდი, სამხედრო ფორმით დავდიოდი.

 

„კულინარიელები“ ჯერ დამცინოდნენ, მაგრამ მერე მოსწონდათ. იყო ორი კატეგორია, ერთნი კრიმინალები გახდნენ, მეორე კი პანკები და როკის მიმდევრები იყვნენ. ჩხუბიც ხშირად ხდებოდა და ცხვირიც ამიტომ მაქვს ასეთი“, - ამბობს ალეკო ელისაშვილი.

 

 

big_banner
არქივი