logo_geo
გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ტკივილიანი ცხოვრება
- +

30 მარტი. 2022. 19:35

 

 

მძიმეა ექთან მეგი ბაქრაძის ოჯახის მდგომარეობა, რომელიც „ასტრა-ზენეკის“ ვაქცინის შეყვანიდან რამდენიმე წუთში ცუდად გახდა და მეორე დღეს გარდაიცვალა. 27 წლის იყო. ახალციხეში, სოფელ ქვემო ენთელში ცხოვრობდა. ჰყავდა მეუღლე, მანუჩარ კობახიძე და 2 მცირეწლოვანი შვილი.

 

„კატასტროფა ხდება ჩემი ძმის სახლში, მტერს არ ვუსურვებ, ისეთი ამბავია. ჩემი ძმა დილით გადის, ღამე მოდის და მაშინაც არ უნდა სახლში შესვლა. ყველა ცრემლიანია.

 

შიგნით რა მოხდა, ვიდეოჩანაწერი არსებობს, მაგრამ არავინ გვაჩვენებს. ჩემი ძმები და მამიდაშვილი შევიდნენ კლინიკაში, მეგიზე რომ უთხრეს, ცუდადააო, სადაც ფაქტობრივად არავინ დახვდათ. პირდაპირ დაადგნენ თურმე მეგის თავზე. ჩემი მამიდაშვილი ამბობს, რაც იქ ვნახეთ, ის მანუჩარს არ უნდა დაენახაო. მეგი ვერ ვიცანით, იმხელაზე იყო გასიებული, თვალები დაქაჩული ჰქონდა და შიშველს კისრამდე გადაფარებული ჰქონდა ზეწარიო. არც სუნთქვის აპარატი, არც გადასხმა, არაფერი ჰქონია შეერთებული.

 

მთელი ის სცენა ხომ ჩემი ძმის თვალებიდან არასოდეს ამოვა. ერთ წუთში თუ კარგადაა, მეორე წუთში ცუდად ხდება. ადის სასაფლაოზე და ახლოს ვერ მიდის, ვერ ეკარება, შორს დგას. ოთახში შედის და უაზროდ ტირის, მისჩერებია სურათებს და... ერთ წუთში ამბობს, რომ აღარ უნდა ცხოვრება, მეორე წუთში ბავშვებზე ფიქრობს.

 

მეგის ოთახი დღემდე ისეა, როგორც იმ დღეს იყო, როცა უკანასკნელად გავიდა სახლიდან. ჩემმა ძმამ მუზეუმივით აქცია ის ოთახი. დედაჩემი ყველაფერს ისე დებს ადგილზე, როგორც მეგის ედო. ისე კიდია ტანსაცმელი, როგორც მანამდე“, - ჰყვება „სარკესთან“ მეგი ბაქრაძის მული, თამარ კობახიძე.

 

მისი თქმით, გამორიცხულია ფეხმძიმობაც და აბორტიც. ჭორებს ავრცელებენ. მეგის ვაქცინაციამდე რომელიღაც ექიმმა ორი გაურკვეველი აბი მისცა და უთხრა, ერთი დილით დალიე და მეორე - საღამოსო.

 

„მეგი სახლში ამბობდა, რა წამალი მომცა, თავი მისკდებაო. დღემდე ვერ დავადგინეთ, ვინ მისცა ის წამლები და რა წამალი იყო. ვითომ პროტრომბინის წამალი მისცესო. თუ წინა დღეს პროტრომბინი მაღალი ჰქონდა, ორი აბი უშველიდა?!“- ამბობს თამარ კობახიძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი