logo_geo
ინგა ბიწაძე: კობა დავითაშვილმა ბოლოს ყველას აპატია, მიშას გარდა
- +

30 მარტი. 2022. 19:59

 

 

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, კობა დავითაშვილი, 49 წლის ასაკში 2020 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. მას 2017 წელს დაუდგინეს ბეხტერევის დაავადება, რომელიც რთულად მიმდინარეობის შემთხვევაში ხერხემლის სრული უძრაობით ხასიათდება.

 

მისი ქვრივი, ინგა ბიწაძე „სარკესთან“ ამბობს, რომ არა კოვიდპანდემია, მისი ქმარი კიდევ იცოცხლებდა.

 

„კობას დაავადების მაპროვოცირებელი ის საბედისწერო 7 ნოემბერი იყო, როდესაც სასტიკად გაუსწორდნენ. თავში ურტყეს. მარტო 7 ნოემბერს კი არ სცემეს, 2003 წელს აჭარაშიც სცემა ასლანის რეჟიმმა. იყო პერიოდი, როდესაც კობას ხელითაც ვერ ვეხებოდი. ახლა გამოაცხადეს, სააკაშვილს ხელების ტრემორი აქვს და შეიძლება ცუდი რამ დაემართოს, კლინიკაში გადავიყვანოთო. ხელების ტრემორი კი არა, საერთოდ ვერ ვეხებოდი კობას, შეხებაზე ისეთი მწვავე რეაქცია ჰქონდა“, - ამბობს ინგა ბიწაძე.

 

მისი თქმით, კობა დავითაშვილი არ ელოდა, რომ მისი ცემის საქმეში ბრძანების გამცემი ზურაბ ადეიშვილი იქნებოდა.

 

„კობას საქმეზე ზურაბ ადეიშვილს დაუმძიმეს ბრალი. ეწყინა, არ ელოდა, რომ ზურაბ ადეიშვილი იქნებოდა მისი ცემის საქმეში ბრძანების გამცემი, რადგან დიდ პატივს სცემდა. მიშასგან ყველაფერს ელოდა, მაგრამ ზურასგან - არა. მახსოვს, რომ გაიგო, როგორ შეხტა. ბოლოს ყველას აპატია, მიშას გარდა. ამბობდა, რომ მას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა ქვეყნის წინაშე და არ ეპატიებოდა. ამბობდა, მე არაფერი მინდა, მაგრამ ნეტავ, თავის ზურგზე გამოსცადოს თავის ციხეში ყოფნა, თავისი სასამართლო და თავისი მიღებული კანონებიო. როგორ აუხდა კობას წინასწარმეტყველება და როგორ მართლა ცდის თავის თავზე იმას, რასაც სხვებს უკეთებდა.

 

რომ მოათრევდნენ, კობას სახლიდან საავადმყოფოში გადაყვანა გამახსენა, როცა ათმა კაცმა ძლივს გამოიყვანა. ძალიან ცუდი საყურებელია სააკაშვილის ამბები და, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ბოროტება აქვს ჩადენილი, მაინც არ მინდა, ცუდი ვუსურვო. მაინც მინდა, კარგად იყოს და კანონის წინაშე აგოს პასუხი იმ დონეზე, რაც ნამდვილად ეკუთვნის“, - ამბობს კობა დავითაშვილის ქვრივი.

 

მისი თქმით, კობამ ღირსეულად იცხოვრა და ამაყობს, რომ მისი მეორე ნახევარი ერქვა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი