logo_geo
ქართველმა ქალმა ადამიანი სიკვდილს ჯერ საქართველოში გადაარჩინა და შემდეგ ამერიკაში
- +

30 მარტი. 2022. 20:47

 

 

ნათია ჩაჩავა უამრავმა ადამიანმა მას შემდეგ გაიცნო, რაც ნიუ ჯერსიში ამერიკელი ქალი დახრჩობას გადაარჩინა - მაშველების მისვლამდე ცივ, უზარმაზარ მდინარეში ჩავარდნილი ქალი ხელით ეჭირა.

 

ნათია ამერიკაში ორი წლის წინ წავიდა. საქართველოში აქტიური ჟურნალისტური კარიერა ჰქონდა, მაგრამ ეს არ აკმაყოფილებდა, ამიტომ გადაწყვიტა, ამერიკული განათლებაც მიეღო. მან თავისი გმირობის ამბავი ,,სარკეს” უამბო.

 

„განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. ასე მოიქცეოდა ყველა, ვინც მსგავს სიტუაციას შეესწრებოდა. ნიუ ჯერსიში მდინარის პირას ვცხოვრობ. საღამოს, დაახლოებით 5 საათი იყო, როცა ხმა გავიგონეთ, ვიღაც შველას ითხოვდა. გავედი გარეთ და ისევ ისმოდა ხმა, წყალში ვარ და მიშველეთო.

 

შტორმი და წვიმა ახლოვდებოდა. იმ ქალს თავისი ნავი წესრიგში მოჰყავდა, როცა ჩავარდა წყალში ნავებსა და ნავსადგომებს შორის, რამდენიმე მეტრის მოშორებით კი იყო ჯებირი, რომელსაც ეს წყალი მთელი ძალით ასკდებოდა. რაღაც ჯოხივით ვნახე, რომ ორივეს მოგვეკიდა ხელი და ასე დამეჭირა, რათა დინებას არ წაეღო. გადავედი მის ნავში, ვნახე სამაშველო ჟილეტები და ჩავუგდე, თან ხელით მეჭირა. გადავწექი და ორი ხელით ჩავეჭიდე, რომ არ წაეღო მდინარეს. პოლიცია მოვიდა და ამოვიყვანეთ. ძალიან ბევრმა მედიასაშუალებამ დაწერა ამ ამბავზე“, - ჰყვება ნათია ჩაჩავა.

 

ერთი შემთხვევა საქართველოშიც მოხდა, როდესაც ნათია მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ იყო.

 

„ძალიან ბნელოდა და მაშინ დავინახე, მგონი, ადამიანი გდია-მეთქი. მეგობრებმა ხუმრობა დაიწყეს, მოგელანდაო. დავიჟინე, მივბრუნდეთ-მეთქი. მივედით და ვნახეთ, ადამიანი ეგდო, რომელსაც მანქანამ დაარტყა, მიატოვა და სისხლისგან იცლებოდა. სპორტსმენი იყო. სამწუხაროდ, ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. სისხლისგან იცლებოდა, ბეწვზე მივუსწარით. ორი შვილის მამა იყო“, - იხსენებს ნათია ჩაჩავა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი