logo_geo
გიორგი ყიფშიძის თვალით დანახული ყველაზე გემოვნებიანი ქართველები
- +

8 ივლისი. 2022. 16:59

...პოლიტიკოსების გემოვნება საერთოდ არ არსებობს! ცხოვრებაზე შეხედულება აქვთ იმდენად უგემოვნო, რომ მაგათზე საუბარი საერთოდ არ მინდა! რაც შეეხება ტელეწამყვანებს, ცოტა არ იყოს, ინდივიდუალურობა აკლიათ... ასევე, არის კატეგორია, რომლებსაც ზრდილობა აკლიათ, ეთიკა და უფროს-უმცროსი არ იციან... ეს თავისუფლება აღარ არის, უზრდელობაა და გემოვნებიანი უზრდელობა მე არ გამიგონია!“ - ამბობს გიორგი ყიფშიძე, რომელმაც ჟურნალ „გზის“ მკითხველს საკუთარი შეხედულებები გულახდილად გაუზიარა:

 

- ადამიანს რომ დახვეწილი გემოვნება ჩამოუყალიბდეს, ამაზე დიდ გავლენას ალბათ, ბევრი წიგნის წაკითხვა ახდენს... ცოდნა საშუალებას იძლევა, საკუთარ თავში რაღაცები დაალაგო. რაც უფრო შეზღუდული ხარ, შენი არეალიც უფრო შეზღუდულია და ნაკლებია ალბათობა, კარგი გემოვნება ჩამოგიყალიბდეს... მე ასე ვფიქრობ და შეიძლება, ვცდები კიდეც. ისე, იშვიათი გამონაკლისებიც არსებობენ, რომლებსაც თანდაყოლილი აქვთ ეს ნიჭი...

 

- მოგზაურობას სად ამჯობინებთ?

 

- მე და ჩემი მეუღლე ვნატრობთ, როგორმე მოვახერხოთ და ორი კვირით რომში წავიდეთ... ორი კვირა არ გვეყოფა, მაგრამ მეტი დრო არ გვექნება. ვერ წარმომიდგენია, რომელიმე სხვა ქალაქში ჩახვიდე და იმდენი საინტერესო რამე ნახო, რამდენიც რომშია...

 

რამდენიმე ქვეყანაში ვიყავი: საბერძნეთში, შოტლანდიაში, გერმანიის ქალაქებსა და სოფლებშიც, ამერიკაში, ისრაელში... აი, რომსა და პარიზში არ ვყოფილვარ. ძალიან ძვირი სიამოვნებაა რომის დათვალიერება, მაგრამ ღირს იმად, რომ თანხა მოაგროვო და ოცნება აიხდინო; მით უმეტეს, როცა ცოლ-ქმრის სურვილი ერთმანეთს ემთხვევა... დედაჩემი და მამაჩემი რომში ნამყოფები არიან და მოყოლილი აქვთ ზუსტად იმ კუთხით, რაც მე მაინტერესებს...

 

- ევროპულ ქვეყნებში რა იყო ყველაზე შთამბეჭდავი შენთვის?

 

- ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში, 13 წლის ასაკში ბებიაჩემმა ტალინში წამიყვანა... იქ ვნახე, რომ თურმე არსებობს კიდევ სხვანაირი ცხოვრება; ბევრად საინტერესო რაღაცები, ვიდრე ჩვენთან იყო. ტალინში ხალხიც განსხვავებული მომეჩვენა... შემდეგ ერთი კვირით, დედაჩემთან ერთად, სტამბოლში აღმოვჩნდი და გადავირიე, იქ იმდენად დიდი სილამაზე ვნახე. იმის მერე სულ მინდოდა ამ „კუბიკებიდან“ და ასანთის კოლოფებიდან გაქცევა.

 

დედ-მამამ ყველაფერი გააკეთა, ბებიის სახლი გაყიდეს, მე რომ აქაურობას, ქუჩას გავრიდებოდი. რაღაც შეაკოწიწეს და კვიპროსზე გამიშვეს. ყველაზე იაფი მანდ წასვლა იყო... თან ვმუშაობდი და მუშაობის დროს ინგლისური უფრო კარგად ვისწავლე, ვიდრე სხვაგან მასწავლიდნენ... მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად საინტერესო ადგილად ითვლება, იქაურობა ჩემთვის უინტერესო იყო. ყველაფერი მოსაწყენი მეჩვენა...

 

ამის მერე ერთი თვით შოტლანდიაში ვიმყოფებოდით თეატრიდან, გასტროლით და ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი, არაჩვეულებრივი მოგზაურობა... იქ ყველაფერი იყო: ხავსმოკიდებული სიძველე, რაღაცნაირი, შოტლანდიური სურნელი ირგვლივ, სრულიად სხვანაირი ხალხი... მკვეთრად იგრძნობა, რა დიდ პატივს სცემენ თავიანთ ისტორიას, როგორ უდგებიან წარსულს თანამედროვე ჰიპებიც კი; იმათშიც იმდენად გამჯდარია საკუთარის სიყვარული, რომ სხვანაირად არც შეუძლიათ.

 

ჩემთვის შოტლანდია ძალიან შთამბეჭდავი იყო და ვფიქრობ, ასეთი იქნება იაპონიაში მოგზაურობაც, თუ ეს მეღირსება, რა თქმა უნდა. იქ იმდენად შერწყმულია მათი ისტორიული წარსული და თანამედროვე ყოფა, რომ ძალიან საინტერესო იქნება! როგორც ვიცით, აქაც საოცარი მოწიწებით ექცევიან საკუთარ ისტორიას, კულტურას... მშურს მათი...

 

აი, წარმოიდგინეთ, ჩვენც რომ უფრო მეტად ვცეთ პატივი საკუთარ წარსულს; ჩვენმა თანამედროვე ბიჭებმა ჩოხა დისკოთეკაზე ჩაიცვან, ეს კულტურა, ტრადიციული სამოსი რომ გვეამაყებოდეს, ხომ კარგი იქნება?.. არადა, გვაქვს ამის რეალური შანსი. ასეთ რამეებზე უნდა ვიფიქროთ, მაგრამ... არა, ჩვენ ერთმანეთი პოლიტიკის გამო უნდა დავჭამოთ! პოლიტიკით ვართ შეპყრობილი, რაზეც უკვე ცუდად ვხდები და საერთოდ, პოლიტიკის გაგონებაც არ მინდა!

 

- ყველაზე გემოვნებიანი ხალხი რომელ ქვეყანაშია, თქვენი აზრით?

 

- ამერიკაში, ნიუ-იორკში! ძალიან მრავალფეროვანია ეს ქალაქი და იქ ყველანაირი ხალხია... დიდი თავისუფლებაა და ყველაფერს ნახავ, რაც კი შენს თვალს გაუხარდება და რაც არ გაუხარდება, იმასაც!.. ანუ როგორც ისრაელში. ისრაელშიც გასტროლით ვიყავი და იქაც ძალიან მრავალფეროვანი მეჩვენა ყველაფერი, სრული დემოკრატიაა...

 

- ცნობილი ქართველებიდან ვინ გახსენდებათ განსაკუთრებულად გემოვნებიანი?

 

- მამაჩემის ძმაკაცი გახლდათ ბასგიტარისტი ანრი ბასილაია... ბავშვობიდან მახსოვს, როცა სტუმრად მოდიოდა, გამორჩეული სუნამო ესხა და ხავერდის შარვალი ეცვა... რომ იცინოდა, კბილებს შორის ღარი ჰქონდა - აი, რამდენი ხანი გავიდა ჩემი ბავშვობიდან და მისი სტუმრობა, გამორჩეულობა, დეტალები დღემდე მახსოვს... როცა გემოვნებაზე საუბარი მიდგება, ვიტყოდი, რომ ასეთი იყო ანრი ბასილაია!

 

გემოვნებიან მამაკაცებს შორის დავასახელებ ილიკო სუხიშვილს! მას რომ ვუყურებ, პირდაპირ ვგიჟდები, იმდენად მიყვარს თავის ჩაცმულობით ან როგორ ცეკვებს დგამს, როგორი შეხედულებები აქვს... ძალიან ცოტას, სულ სამ წინადადებას ამბობს და სამ მილიონ რამეს გულისხმობს. ვენაცვალე სულში! თავის გვარს და წარმომავლობას ასე ადამიანი ამართლებდეს, მეორე არ მინახავს! გემოვნებას, იუმორს, ნიჭს ადამიანი ასე იცავდეს, ასე სწორად აკეთებდეს ყველაფერს, თან ამდენად განვითარებული, თანამედროვე კუთხით, თან ყველაფერი შეინარჩუნო, რაზეც წინაპრებმა ამდენი იწვალეს, უკაცრავად, მაგრამ თამამად ვიტყვი - ძალიან დიდი ერთი ადგილი უნდა!

 

- ქალბატონებიდან ვის გამოარჩევდით?

 

- ყველანაირად მომწონს, მან თვითონ გადაწყვიტა საკუთარი თავის საინტერესოდ პერფორმანსი და ეს გახლავთ მანიკა ასათიანი! ყოველთვის ძალიან ესთეტიკურად აცვია და აბსოლუტურად განსხვავებულია! ეს გოგო ნამდვილად გამორჩეულია სილამაზით და ორიგინალურობით!

 

- ამბობენ, რომ ბატონი ზურა და მისი თანამედროვეები ახალგაზრდობაში ბევრად საინტერესოდ და თამამად იმოსებოდნენ, ვიდრე თუნდაც დღევანდელი ახალგაზრდა თაობა...

 

- ვერ ვიტყოდი! მე ისეთ გარემოში აღმოვჩნდი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ძალიან მრავალფეროვანია ეს თაობა.. ჩემი შვილის თაობას რომ გადავხედე, ძალიან საინტერესოები არიან! ჩავავლებ, ვერაფერს მომატყუებენ, ყველაფერი მეცოდინება-თქო, ვამბობდი, მაგრამ იმდენად სხვანაირი „სასტავი“ დამხვდა, რომ ხელები ავწიე! ამას არ ველოდი და გაოგნებული ვარ, ოღონდ კარგი მხრიდან! იმდენად უცნაურად კარგი თაობაა, არც კი ვიცი, მათ რა დავარქვა! ძალიან გემოვნებიანი ახალგაზრდები ბევრ ნაბიჯს თამამად დგამენ! ერთადერთი, ცოტა არ იყოს, ცივები არიან ურთიერთობაში... ჩემს და მათ თაობას შორის განსხვავება რაც არის, საერთოდ აღარ გააჩნიათ რომანტიკა... ცოტა ზედაპირულები, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესოები არიან.

 

- ქართველი დიზაინერების ნამუშევრებს რამდენად ეცნობით?

 

- „ბალენსიაგა“ მომწონს და ვგიჟდები, რა თქმა უნდა! საოცარი ადამიანია დემნა გვასალია, ისეთ გემოვნებიან რამეებს ქმნის, აი, ეგ არის დონე! თანაც, ბაზრის ჩანთებისგან და მსგავსი რამეებისგან... ახლა უნდა ვიკითხო, „ფეიკების“ იაფად ყიდვა შემიძლია თუ არა, თორემ მისი ბრენდის ნამდვილი ბათინკი რომ იყიდო, სახლის გაყიდვა მოგიწევს (იცინის)!

 

- დემნა გვასალიას შექმნილ ყველა სამოსს ჩაიცვამდით?

 

- ყველაფერს არც დემნასას და არც სხვა დიზაინერისას არ ჩავიცვამ... უბრალოდ, დემნას ისეთი მიღწევები აქვს და ისეთ რამეებს ქმნის, სიამაყის გრძნობით რომ იტყვი, ეს ქართველიაო... აი, ზუსტად დღევანდელ ახალგაზრდებს ახასიათებთ ისეთი ხედვა, როგორიც დემნას აქვს... ახალგაზრდების „კუმირია“!

 

ძალიან მომწონს ავთანდილ ცქვიტინიძის შემოქმედება... მის მაღაზიაში დავდივარ. ცოტა არ იყოს, ჩემთვის მაღალი ფასებია, მაგრამ ბათინკები ძალიან მომეწონა და ჩაფიქრებული მაქვს, შევიძინო...

 

- რას ურჩევთ მოსახლეობას, ამ დუხჭირ ყოფაში რომ მაინც მუდმივად გემოვნებიანად გამოიყურებოდნენ?

 

- მართლაც, დღეს რომ დუხჭირი ყოფაა, რაღა დაგიმალოთ და, არ მეგონა, ასეთ დონეზე თუ ჩავჩოჩდებოდით... თუ რამ ბრენდი არსებობს, მისი „ფეიკიც“ არსებობს. ეგეთებს ვყიდულობ, აბა, ახლა ექვსი ათასი ლარის გადახდის შანსი არ არის!

 

- მეორადებში ყოფილხართ?

 

- მეორადებში დავდივარ სულ, კვირაში ორჯერ მაინც! ძალიან ბევრი რაღაც მანდ მაქვს შეძენილი... უბრალოდ, ძალიან დიდი არჩევანია და დრო უნდა გქონდეს, რომ იბორიალო. ზოგჯერ სრულიად ჩაუცმელი სამოსია, უბრალოდ რაღაც „სტროჩკა“ აქვს არასწორად დარტყმული და ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ მეორადია...

 

- საზღვარგარეთაც ყოფილხართ მეორადი სამოსის მაღაზიაში?

 

- კი, შოტლანდიაში იყო ერთფუნტიანი მეორადები... ტანსაცმელის ცალკე იყო და ნივთების - ცალკე... ვთქვათ, ფეხების შემოსადები ტაბურეტი... ერთ ფუნტად იმდენად ლამაზი შირმა შეიძლება იყიდო, სიხარულისგან გადაირევი...

 

ინგლისში ყველაფერი გამოაქვთ, რაც სახლში აღარ სჭირდებათ და ძალიან დაბალ ფასში ყიდიან... სამწუხაროდ, საქართველოში ამის კულტურა არ არის, თორემ აქაც ძალიან საინტერესოდ შეიძლებოდა ნივთების ჩამოფასება. თუმცა, აქ ჯერ კიდევ „ტეხავს“ ამაზე ლაპარაკიც კი (იღიმის)... თუმცა, მე სახლში რაღაცებს გადავხედე და არის ნივთები, რომლებსაც შეიძლება შეველიო, დახლი გავაკეთო და ძალიან იაფად გავყიდო... არის ოჯახები, სადაც გენიალური ნივთები აქვთ და არ სჭირდებათ.

 

შეიძლება საქართველოში ეს კულტურა შევქმნათ; ამდენი ტურისტი ჩამოდის, რაღაც ნივთი შეიძლება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყოს... ისე, ცნობისთვის, ახალი რაც შემოდის, ხომ ყველაფერი კარგად დავიწყებული ძველია!

 

დაბოლოს, გემოვნების თვალსაზრისით, ყველაზე კარგი რჩევა ის არის, რომ სადაც წახვალ, იქაური ქუდი დაიხურო! სხვათა შორის, შოტლანდიაში რომ ჩავედი, მეც შოტლანდიური კაბა მეცვა.

 

 

 

big_banner
არქივი