logo_geo
დიმიტრი ქუმსიშვილი: არავინ აპირებს აკრძალოს სესხის შეთავაზება ინტერნეტში
- +

29 ნოემბერი. 2016. 23:07



ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა „პალიტრანიუსის" ეთერში ონლაინ სესხებთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ქუმსიშვილმა განაცხადა, არავინ აპირებს აკრძალოს სესხის შეთავაზება ინტერნეტში და აღნიშნა, რომ მთავრობამ ონლაინ სესხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.


„განვმარტავ, რომ არავინ აპირებს აკრძალოს სესხის შეთავაზება ინტერნეტში. ჩვენ ონლაინ სესხები დავარქვით ისეთ ბიზნესმოდელს, სადაც წლიური საპროცენტო განაკვეთი არის 200-დან 1000%-მდე. საბოლოო ჯამში გუნდში ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი ბიზნესმოდელი ქვეყანაში არ ქმნის იმდენ დამატებით ღირებულებას, რამდენიც მოაქვს უარყოფითი ჩვენი მოსახლეობისთვის, რომელთა უფლებების დაცვაც არის სახელმწიფოს ვალდებულება. სწორედაც რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით ვიხელმძღვანელებთ და დიდი ალბათობით მოხდება ამ მიმართულებით პაკეტის შეთავაზება. ანუ საუბარია, რომ ბიზნესმოდელში უნდა არსებობდეს გონივრული ზღვარი, რომელიც უნდა იყოს დადგენილი", - განმარტა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


მთავრობის სხდომის შემდეგ ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ონლაინ სესხები ეკონომიკისთვის არაჯანსაღია, შესაბამისად, მმართველი გუნდი მივიდა დასკვნამდე, რომ ასეთი ტიპის ბიზნესმოდელი არ უნდა მუშაობდეს. თუმცა, ფინანსთა მინისტრის თქმით, ეს არ ეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს.


„რა თქმა უნდა, რეკლამის განთავსება ინტერნეტში მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ აეკრძალება, თუმცა ის ბიზნესმოდელი, რომელიც დღეს მუშაობს, როდესაც საპროცენტო განაკვეთები არის უსაზღვროდ მაღალი და მასში გათვალისწინებულია ძალიან მაღალი ალბათობა გამსესხებლის მხრიდან სესხის დაკარგვის, იქნება შეზღუდული", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


 

 

 

big_banner
არქივი