logo_geo
ვინ არის ნიკოლოზ ნაყოფია, რომელსაც საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი, 20 000 დოლარი აქვს?!
- +

16 ნოემბერი. 2016. 12:11


გაზეთი „პრაიმტაიმი" სტატიაში „კვარციტის" სამეთვალყურეო საბჭოს სკანდალური ოქმი" ბიზნესმენ კობა ნაყოფიასა და მისი შვილის ნიკოლოზ ნაყოფიას შესახებ წერს. გამოცემის ინფორმაციით, „მადნეულისა" და „კვარციტის" თანამშრომლები ხშირად მართავდნენ აქციებს ხელფასის მომატების მოთხოვნით, თუმცა კობა ნაყოფია მათ მოთხოვნებს უყურადღებოდ ტოვებდა.



„მადნეულსა" და „კვარციტში" დასაქმებულები ხშირად მართავდნენ საპროტესტო აქციებსა და გაფიცვებს ხელფასების მომატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. კობა ნაყოფია არც ამ კომპანიების ხელმძღვანელის და არც დეპუტატის რანგში ამ პრობლემებზე არ რეაგირებდა და ირწმუნებოდა, რომ მუშების პროტესტი არაადეკვატური გახლდათ. სამაგიეროდ ის სრულიად ადეკვატურად მიიჩნევდა ხელმძღვანელ პირებზე კოლოსალური ხელფასებისა და პრემიების გაცემას. დოკუმენტით, რომელიც ჩვენ მოგვაწოდეს, ირკვევა, რომ მხოლოდ „კვარციტის" მენეჯმენტზე პრემიის სახით თვეში 25-25 ათასი ლარია გაცემული. ეს გახლავთ „კვარციტის" სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს პირადად კობა ნაყოფია აწერს", - წერს გამოცემა.


გამოცემის ინფორმაციით, ამავე დოკუმენტის საშუალებით გახდა ცნობილი, რომ კობა ნაყოფიამ თავისი შვილი ნიკოლოზ ნაყოფია „კვარციტში" კონსულტატის თანამდებობაზე დანიშნა და თვეში 20 ათასი დოლარი და 100 ათასი ლარი, პლუს 1300 ლიტრი საწვავის ლიმიტი დაუწესა.



„ამავე დოკუმენტით ცნობილი ხდება „კვარციტის" სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება კობა ნაყოფიას ვაჟის დასაქმების შესახებ. 19 წლის ნიკოლოზ ნაყოფია მამამისმა „კვარციტში" კონსულტატის თანამდებობაზე გაამწესა და შეიძლება ითქვას, საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ანაზღაურებაც დაუნიშნა - თვეში 20 ათასი დოლარი და 100 ათასი ლარი, პლუს 1300 ლიტრი საწვავის ლიმიტი. ანუ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კობა ნაყოფიას ვაჟი საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი კონსულტატი გახლდათ, რომლის გასამრჯელო, საერთო ჯამში, 200 ათას ლარს აჭარბებდა (თუ საწვავის ღირებულებასაც ჩავთვლით). ეს იმ ფონზე, როდესაც უფროსი ნაყოფია მუშების სრულიად სამართლიან პროტესტს ხელფასების მატების შესახებ, ერთ ყურში უშვებდა, მეორედან ატარებდა", - წერს „პრაიმტაიმი".



„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით „კვარციტის" თანამშრომლები სხვადასხვა კომენტარს აკეთებდნენ.


 

„სხვადასხვა დროს გამართულ აქციებზე დასაქმებულები აი, ასეთ კომენტარებს აკეთებდნენ:

 

„დირექტორებს 40 000 ლარზე ნაკლები ხელფასი არ აქვთ. უფრო მეტიც, ზოგს დოლარებში აქვს ხელფასი: 40 000, 60 000 და 100 000-ებს თვითონ იღებენ".


„მოვუწოდებ აქედან მთავრობას, რომ ცოტა მეტი ყურადღება მიაქციოს ამ ხალხს, თორემ არ ვიცი, შეიძლება უმართავი პროცესი წავიდეს და ამაზე, ჩვენ, საგაფიცვო კომიტეტი პასუხისმგებლობას ვიხსნით".

 

„კობა ნაყოფიას ბიჭს, აქ ყველამ იცის, თვეში ჰქონდა 220 000 ლარი! მამამისს რა ექნებოდა, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ნაყოფიას ბიჭი აქ არავის უნახავს. რას აკეთებდა და წარმოადგენდა, არავინ იცის. 2013 წელს, აგერ პროფკავშირების ინფორმაციით, კომპანიის მოგებამ 161 მილიონი შეადგინა და ამის საპასუხოდ 184 კაცი გამოგვიგდეს გარეთ", - წერს გამოცემა.



როგორც „პრაიმტაიმი" იუწყება, კობა ნაყოფიას პარლამენტშიც უნდოდა შვილის შეყვანა, მაგრამ ამ საკითხს „ნაციონალური მოძრაობის" შიგნით დიდი დაპირისპირება მოჰყოლია.


„სხვათა შორის, ამბობდნენ იმასაც, რომ კობა ნაყოფიას პარლამენტში საკუთარი ვაჟის შეყვანაც სურდა, თუმცა „ნაციონალების" გუნდში ამ საკითხს დიდი დაპირისპირება მოჰყოლია. უფროსი ნაყოფიაც მხოლოდ იმიტომ ჩასვეს სიაში, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" მისი ფინანსური რესურსი სჭირდება, თორემ მსოფლმხედველობითი საერთო გიგა ბოკერიასა და კობა ნაყოფიას შორის ძნელად თუ მოიძებნება. მოკლედ, პირდაპირ რომ ვთქვათ, „ნაციონალებს" ნაყოფიას ფული სჭირდებათ, თავად ნაყოფიას კი - დეპუტატის იმუნიტეტი, ვინაიდან, როგორც ჩვენთვის ცნობილია, საგამოძიებო ორგანოები კვლავაც არკვევენ „მადნეულსა" და „კვარციტში" არსებულ ფინანსურ დარღვევებს.

 

აღსანიშნავია, რომ წინა მოწვევის პარლამენტში ის ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გახლდათ. იქ, სადაც მისი საწარმოებია განთავსებული და დასაქმებული მუშახელიც ძირითადად ბოლნისიდან გახლავთ. როგორც ჩანს, ნაყოფიამ ბოლნისელები ისე გაანაწყენა, რომ იქ კენჭისყრა ვეღარ გაბედა და ბოლო არჩევნებზე სენაკის მაჟორიტარობისთვის იბრძოდა, თუმცა ის „ქართული ოცნების" კანდიდატთან დამარცხდა და დეპუტატის მანდატს პროპორციული სიით დაეუფლა. „ნაციონალების" საარჩევნო სიაში ის გიგა ბოკერიას შემდეგ, მე-16 ადგილს იკავებდა. ამბობენ, რომ გარანტირებული დეპუტატობისთვის პარტიულ ყულაბაში მან საკმაოდ სოლიდური შემოწირულობა გაიღო", - წერს გაზეთი „პრაიმტაიმი".

 


 

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი