logo_geo
გიორგი ბერეჟიანი: იმ დღეს გული ცუდს მიგრძნობდა და ამიხდა კიდეც...
- +

30 ნოემბერი. 2016. 16:54



სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი, ბლოგერი და მწერალი გიორგი ბერეჟიანი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა დააპატიმრა, გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ციხეში ყოფნის პერიოდს იხსენებს. მისი თქმით, ჯალათები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტად დაეტანჯათ პატიმრები. აქვე, ბერეჟიანი იხსენებს ჯალათს, სახელად „ბიდონას", რომელმაც სასტიკად სცემა მისი ერთ-ერთი თანამესაკნე ერეკლე ხომასურიძე.


„ჩემს მოთხრობებში ნახსენებია ერთი განსაკუთრებულად კაცთმოძულე ჯალათი, მეტსახელად „ბიდონა". ასე შევარქვით, რადგან ცხვირი მართლაც ჩაჭეჭყილ ბიდონს მიუგავდა. ვინაობა დღემდე არ ვიცი. „ბიდონამ" მრავალი ახალგაზრდა დაასახიჩრა. მათ შორის ერთ-ერთ საკანში გაცნობილი ჩემი უმცროსი მეგობარი ერეკლე ხომასურიძე, რომელსაც პლანის მოწევის გამო დიდი სასჯელი ელოდა. ვინ იცის, „ბიდონასგან" გამწარებულებს რამდენჯერ გვინატრია მისთვის სამაგიეროს გადახდა!

 

როცა ერეკლეს სასამართლო პროცესები დაეწყო, ჩვენ ერთ საკანში ვისხედით. ჯალათები უშრეტ ფანტაზიას ავლენდნენ, რათა, რაც შეიძლება მეტად დავეტანჯეთ. საკნებში პური დილის 8 საათზე რიგდებოდა და სპეციალურად იმ მიზნით, რომ პატიმარი დაემშიათ, სასამართლო პროცესზე დილის 7 საათზე მიჰყავდათ! 50-მდე პატიმარს დილაუთენია პატარა საკანში შეყრიდნენ, სადაც დასაჯდომი ადგილიც არ იყო და მშიერ-მწყურვალები რამდენიმე საათს ელოდებოდნენ, ვიდრე სათითაოდ გაიხმობდნენ სასამართლო პროცესებზე. სიგარეტის მოწევის უფლებაც არ გვქონდა. პატიმრები ზოგჯერ ახერხებდნენ, ფარულად რამდენიმე ღერი გაეყოლებინათ, თუმცა, თუ ბადრაგი აღმოუჩენდა, დიდი პრობლემები ელოდათ. საფრთხის მიუხედავად ერეკლემ მაინც გარისკა. სიგარეტი „ტორპედოთი" (საკუთარი სხეულით) წაიღო. იმ დღეს გული ცუდს მიგრძნობდა და ამიხდა კიდეც. საღამოს საკანში ერეკლე სასიკვდილოდ დალეწილი შემოაგდეს - ჩხრეკის დროს, თურმე, სიგარეტი უპოვეს და დასასჯელად „ბიდონას" მიუგდეს. ამ ჯანიანმა ბადრაგმა გამეტებით სცემა პატარა ტანის ერეკლე. 45 ზომა ფეხი ჰქონდა, სამხედრო ბათინკებს ატარებდა და უხეში ქუსლი სულ ხერხემალში ურტყა. საკანში რომ დააბრუნეს, დავათვალიერეთ - ბავშვს ტანზე და წელის არეში უზარმაზარი ჩალურჯებები და ჰემატომები ჰქონდა, თირკმელიც დაუზიანეს და მთელი ღამე სისხლზე გადიოდა... მერე მე ქსნის კოლონიაში გადამიყვანეს და გვიან შევიტყვე, რომ ერეკლეს მდგომარეობა დამძიმებულა, საავადმყოფოშიც მოხვედრილა და ცალი თირკმელი ამოუჭრიათ", - განაცხადა გიორგი ბერეჟიანმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი