logo_geo
ემზარ კვიციანი: აი, ეს გაგვიკეთა სააკაშვილმა...
- +

30 ნოემბერი. 2016. 18:53



„შევარდნაძეს რომ თავისი საპრეზიდენტო ვადა დაესრულებინა, აფხაზებთან ჩვენ ძალიან ბევრი რამის გაკეთებას მოვასწრებდით", - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ემზარ კვიციანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საუბრობს. მისი თქმით, კოდორის ხეობა, რომელსაც 1994 წლიდან ინარჩუნებდნენ, სააკაშვილმა ჩააბარა რუსეთს.


„კოდორის ხეობის ჩაბარება დაგეგმილი იყო და სწორედ მაგისთვის მოიყვანეს ეს ვითომდა რეფორმატორები ხელისუფლებაში. შევარდნაძეს რომ თავისი საპრეზიდენტო ვადა დაესრულებინა, აფხაზებთან ჩვენ ძალიან ბევრი რამის გაკეთებას მოვასწრებდით. ჩვენსა და აფხაზებს შორის ვითარება დამთბარი იყო და ერთმანეთს ვენდობოდით... აფხაზები, ფაქტობრივად, მოტრიალებულები იყვნენ ჩვენსკენ. ვერც რუსები და ვერც ვერავინ დაუპირისპირდა ამ პროცესს და ამიტომაც მოიყვანეს თავიანთი აგენტები, რომლებმაც შეასრულეს ბინძური ბრძანება.

 

შევარდნაძე მენდობოდა, რადგან იცოდა, რომ არავისგან ვიყავი მართული და ხეობას არ მივატოვებდი. კოდორი იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ყველა ბრძოლა მოვიგეთ და მტრებს კუდით ქვა ვასროლინე! დესანტის შემოსვლა იყო თუ რაც იყო, კოდორი დავიცავით... დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ 40 კილომეტრით შემოუშვა აფხაზები კოდორის ხეობაში და 2002 წელს სროლით გავყარეთ მოწინააღმდეგე.

 

1994 წლის მაისში კოდორის ხეობას ბაგრამიანის სომხური ბატალიონი მოადგა და თითქმის მთლიანად გავანადგურეთ. აი, ასე ვინარჩუნებდით კოდორს... გაიხსენეთ მიტინგები რომ იყო, სააკაშვილი უკრაინიდან რომ ჩამოდიოდა და ხალხს უერთდებოდა. მარტო უკრაინაში არ ჩადიოდა მაშინ სააკაშვილი, ბელარუსში, მინსკშიც დაბრძანდებოდა და იქაც მართავდა შეხვედრებს, ანუ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანა თავიდან ბოლომდე მხარდაჭერილი იყო როგორც რუსეთის, ისე დასავლეთის სახელმწიფოების მიერ!

 

დიახ, სააკაშვილი ორივეს აძლევდა ხელს, რადგან რუსეთი და დასავლეთი ერთმანეთში მოლაპარაკებულები იყვნენ და გაყოფილი ჰქონდათ საქართველო. კოდორის ხეობის ჩაბარების გარეშერუსეთი აფხაზეთს ვერ აღიარებდა და ვერც გალში ააშენებდა სამხედრო ქალაქს. აი, ეს გაგვიკეთა სააკაშვილმა..." -  განაცხადა ემზარ კვიციანმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი