logo_geo
ვახტანგ ხარჩილავა ელისო კილაძეზე: ამიტომ არის ასე გაპარპაშებული ეს პატივცემული მანდილოსანი?
- +

7 ივნისი. 2017. 16:14


 

„ქრონიკა+"-მა ყალბი, ფალსიფიცირებული მასალები გამოაქვეყნა და ეს გააკეთა მიზანმიმართულად და შეგნებულად, რაც, თავის მხრივ, საკმაოდ მძიმე დანაშაულია", - ამის შესახებ „საერთო გაზეთის" მთავარი რედაქტორი ვახტანგ ხარჩილავა სტატიაში - „ციანიდი ქართული ჟურნალისტიკისთვის, ანუ ვის და რას ემსახურება ელისო კილაძე და მისი იატაკქვეშა „დეპარტამენტი"? წერს. ხარჩილავა ელისო კილაძის მიერ გავრცელებულ იმ დოკუმენტებზე საუბრობს, რომლებიც „ქართული ოცნების" დეპუტატებს ჩრდილს აყენებდა.

 

„ელისო კილაძემ და მისმა გაზეთმა „საერთო გაზეთის" ყურადღება პირველად მაშინ მიიქცია, როცა „ქრონიკა+"-ში ერთიმეორის მიყოლებით გამოქვეყნდა „დოკუმენტები", რომლითაც „მტკიცდებოდა", რომ „ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატი თითქოს „ნაცმოძრაობის" დროინდელ უშიშროების სამსახურს ჰყავდა „დავერბოვკებული" და გადაბირებული, ახლა კი, როცა ეს ადამიანები „ქართული ოცნების" რიგებში აღმოჩნდნენ, თავისთავად იგულისხმებოდა, რომ ისინი მათ დავალებებს ასრულებდნენ, ვინც ისინი „დაავერბოვკა".

 

ამ „დოკუმენტების მიხედვით, ეს დეპუტატები, ფაქტობრივად, „ქართულ ოცნებაში" „ნაცმოძრაობის" მიერ ჩანერგილი აგენტები იყვნენ.

 

გამაოგნებელი, შოკისმომგვრელი ინფორმაცია იყო, რომელიც არა მარტო კონკრეტულად ამ დეპუტატებს, არამედ მთელი „ქართული ოცნების" დეპუტატთა კორპუსს აყენებდა ჩრდილს და მის რეპუტაციას სერიოზულად ლახავდა.

 

დიდად თავმოსაწონებელი არაფერია იმაში, თუ ვიტყვით, რომ სწორედ „საერთო გაზეთი" იყო პირველი, რომელმაც კილაძის ჟურნალისტური საქმიანობის კეთილსინდისიერებაში ეჭვი შეიტანა, რასაც კილაძის მხრიდან პირადად ჩემი და რედაქციის სხვა თანამშრომლების მისამართით ათასგვარი ცილისწამება და სიბინძურის ნიაღვარი მოჰყვა, რაც თითქმის ორი წელიწადი გაგრძელდა.

 

„საერთო გაზეთი" ამ „დოკუმენტების" გამოქვეყნებასთან დაკავშირებით შემდეგ კითხვას სვამდა: როგორ მოხდა, რომ დოკუმენტები, რომელთაც გრიფი „საიდუმლო" ადევს და რომლებიც შესაბამისი სახელმწიფო უწყების სეიფებში უნდა იყოს ჩაკეტილი და დაცული, კერძო პირის ხელში ხვდება, შემდეგ კი გაზეთის ფურცლებზე საჯაროვდება?

 

ჩვენ კატეგორიულად ვთხოვდით პროკურატურას, შსს-ს, სუს-ს, დაუყოვნებლივ დაეწყოთ გამოძიება და ეს ზესკანდალური საქმე საფუძვლიანად შეესწავლათ, თუმცა, ჩვენს თხოვნას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

 

არადა, საქმე ეხებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს თემას - იქ, სადაც ასე ადვილად ხელმისაწვდომია დოკუმენტების ნაწილი, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო" ადევს, რა გარანტია არსებობს იმისა, რომ სხვა, კიდევ უფრო სერიოზული მნიშვნელობის დოკუმენტები ასევე იოლად ხელმისაწვდომი და ადვილად მოსაპოვებელი არ არის ნებისმიერი მსურველისთვის.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - გაზეთში გამოქვეყნებული „დოკუმენტები" ბეჭდური სახით იყო წარმოდგენილი, არადა, როგორც ამ საქმის პროფესიონალი მცოდნეები ამტკიცებენ, პირს, რომელსაც თანამშრომლობაზე ითანხმებენ, აუცილებლად ხელით აწერინებენ ტექსტს.

 

თუ ეს ასეა, გამოდის, რომ „ქრონიკა+"-მა ყალბი, ფალსიფიცირებული მასალები გამოაქვეყნა და ეს გააკეთა მიზანმიმართულად და შეგნებულად, რაც, თავის მხრივ, საკმაოდ მძიმე დანაშაულია.

 

ჩამოთვლილ გარემოებებთან ერთად, არის კიდევ სხვა საყურადღებო დეტალები, რომლებიც ერთობლიობაში სრულ, აბსოლუტურად მოტივირებულ საბაბს იძლეოდა გამოძიების დასაწყებად.

 

ჩვენი თხოვნა ასე მთავრდებოდა  - თუ ქართული სახელმწიფო  არსებობს, ეს საქმე გამოუძიებელი არ უნდა დარჩეს.

 

- არ არსებობს სახელმწიფო, არა! - გვიპასუხა კილაძემ.

 

რა ვქნათ ახლა ჩვენ? მართლა დავუჯერიოთ ქალბატონ ელისოს და მართლა ვირწმუნოთ, რომ სახელმწიფო არ არსებობს და სწორედ ამიტომ არის ასე გაპარპაშებული ეს პატივცემული მანდილოსანი?" - წერს ვახტანგ ხარჩილავა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი