logo_geo
ვახტანგ ხარჩილავა: ელისო კილაძისა და მისი იატაკქვეშა „დეპარტამენტის“ მთავარი მიზანი „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციაა...
- +

7 ივნისი. 2017. 16:57



„იმ საქმეებს, რომლებსაც კილაძეა შეჭიდებული, ერთი ადამიანი, რაც უნდა დიდი ენერგიის და შესაძლებლობების იყოს იგი, ვერ მოერევა. ცხადია, მას ჰყავს თანამზრახველები და „პადდელნიკები", თუმცა ისინი ოფიციალურად არსად ჩანან", - ამის შესახებ „საერთო გაზეთის" მთავარი რედაქტორი ვახტანგ ხარჩილავა სტატიაში - „ციანიდი ქართული ჟურნალისტიკისთვის, ანუ ვის და რას ემსახურება ელისო კილაძე და მისი იატაკქვეშა „დეპარტამენტი?" წერს.


როგორც სტატიის ავტორი აცხადებს, ელისო კილაძისა და მისი იატაკქვეშა „დეპარტამენტის" მიზანი „ქართული ოცნების", როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის, დემორალიზება და დისკრედიტაციაა.

 

„საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებულ მასალებს თუ დავუჯერებთ, კილაძე ფულს აკეთებს თურმე, მაგრამ ამ ფულს ის ვერ გააკეთებდა, რომ არ ჰყოლოდა საქმის მიმცემები სხვადასხვა სტრუქტურებიდან, ბიზნესწრეებიდან, პოლიტიკური ჯგუფებიდან.

 

ამ ადამიანების ვინაობა ჯერჯერობით არავინ იცის, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ისინი არსებობდნენ და არსებობენ დღესაც, რომელთა ვინაობასაც, წესით და რიგით, სათანადო ორგანოები უნდა იძიებდნენ და უნდა იკვლევდნენ თუნდაც მედიაში თუ სოციალურ ქსელებში გაჟღერებული საგანგაშო ინფორმაციების მიხედვით.

 

ასეა თუ ისე, კილაძე, ამ ინფორმაციებს თუ სარწმუნოდ ჩავთვლით, საკმაოდ ფართო დანაშაულებრივი ქსელის „მეპატრონეა", რომლის მოქმედების სფეროც ასევე საკმაოდ ფართო და მასშტაბური უნდა იყოს.

 

კილაძის და მისი იატაკქვეშა „დეპარტამენტის" მომსახურებით, რომელიც, სავარაუდოდ, საკმაოდ ძვირი ჯდება, როგორც ჩანს, ბევრი სარგებლობდა.

 

კილაძის პოპულარულ „დეპარტამენტს", გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, იყენებდნენ პოლიტიკოსები პოლიტიკოსების, ზოგჯერ თავიანთი თანაგუნდელების წინააღმდეგ, ბიზნესმენები ბიზნესკონკურენტების ჩასაძირად, ესა თუ ის ჯგუფი მეორე ჯგუფის გზიდან ჩამოსაცილებლად, თუმცა ეს ყველაფერი მაინც მეორეხარისხოვანი წვრილმანებია იმ მთავარ მიზანთან და ამოცანასთან შედარებით, რასაც კილაძე და მისი „დეპარტამენტი" ემსახურებოდა და ემსახურება დღემდე.

 

ეს მთავარი მიზანი და ამოცანა კი შემდეგში მდგომარეობს - „ქართული ოცნების", როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის, დემორალიზება და დისკრედიტაცია, ცალკეული სახელმწიფო სტრუქტურების ავტორიტეტის შელახვა და მათი სრული ქმედითუუნარობის დემონსტრირება, „ქართული ოცნების" რიგებში უნდობლობის, ეჭვის, შუღლის ჩათესვა და, რაც მთავარი და უპირველესია, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში დისონანსის შეტანა და ცრუ კომპრომატებით, ცრუ ბრალდებებით იმ ადამიანებისთვის სახელის გატეხვა, რომლებიც განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩეოდნენ ბიძინა ივანიშვილის მიმართ და მისი მხრიდანაც განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდნენ.

 

ყოველივე ეს, ერთად აღებული და ერთად დაგროვილი, ცხადია, ბიძინა ივანიშვილის, როგორც პოლიტიკური ფიგურის (მაშინ, როცა ივანიშვილი ხელისუფლებაში იყო) დასასუსტებლად იყო მიმართული, რასაც კილაძე და მისი „დეპარტამენტი" ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგაც მეტ-ნაკლები წარმატებით აგრძელებს", - წერს ვახტანგ ხარჩილავა.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი