logo_geo
ვახტანგ ხარჩილავა: ელისო კილაძის განცხადებები გამიზნული იყო ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტის შესალახად
- +

7 ივნისი. 2017. 16:58


 

„ელისო კილაძე ბიძინა ივანიშვილს ებრძოდა მაშინაც კი, როცა მის მხარდამჭერად და მეგობრად ასაღებდა თავს", - ამის შესახებ „საერთო გაზეთის მთავარი რედაქტორი ვახტანგ ხარჩილავა სტატიაში „ციანიდიქართული ჟურნალისტიკისთვის, ანუ ვის და რას ემსახურება ელისო კილაძე და მისი იატაკქვეშა „დეპარტამენტი?" წერს.

 

„ელისო კილაძის პუბლიკაციები, მისი მოსაზრებები და განცხადებები, იმ ფორმით და შინაარსით, როგორც ამას ეს ქალბატონი აკეთებდა, იყო ზედმიწევნით ზუსტად გათვლილი კომპრომატი, გამიზნული ივანიშვილის ავტორიტეტის შესალახად.

 

გახსოვთ, ალბათ, "ქრონიკა+"-ის ფურცლებზე გამოქვეყნებული მისი წერილები, სადაც ქალბატონი ელისო საქმეს ისე წარმოაჩენდა, თითქოს ივანიშვილთან და მის უახლოეს გარემოცვასთან  იმდენად დაახლოებული პირი იყო, რომ ზუსტად იცოდა, რა ხდებოდა სახელისუფლო კულუარებში _ ვის ხსნიდნენ, ვის ნიშნავდნენ, ვის უპირებდნენ დაჭერას, რა ცვლილებებს გეგმავდნენ და ა. შ.

 

ეს ყველაფერი კი ისეთი ქვეტექსტებით და მინიშნებებით იყო მიწოდებული საზოგადოებისთვის, თითქოს ყოველდღე თუ არა, კვირაში ერთხელ მაინც ქ-ნი ელისო და ბატონი ბიძინა ერთად მიირთმევდნენ ჩაის და სამთავრობო ცვლილებებს და ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებს ერთად, ერთმანეთთან შეთანხმებით წყვეტდნენ.

 

გადაფურცლეთ ბოლო წლების პრესა, წაიკითხეთ კილაძის ინტერვიუები, გაეცანით მის პოლიტიკურ „ხილვებს" და „წინასწარმეტყველებებს", მის ანალიზს, მის პროგნოზებს და დამეთანხმებით, რომ ის საუბრობს, როგორც „მეფესთან" განდობილი პირი, მისი პირველი ვაზირი, მისი მთავარი მესაიდუმლე.

 

- მე ბიძინა ივანიშვილის ხმა ვარ! - ხუმრობანარევი კილოთი ამბობდა თურმე ქ-ნი ელისო კოლეგა ჟურნალისტებთან, პოლიტიკოსებთან, ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენლებთან და ისინიც იჯერებდნენ, რომ ქ-ნი ელისო კი არ ხუმრობდა, სიმართლეს ამბობდა, ოღონდ ხუმრობის ფორმით.

 

აი, რატომ იდგა კილაძის რედაქციის კარებთან „შემომწირველთა", საქმის ჩაწყობის მსურველთა რიგი, როგორც ამას „რეპორტიორის" ერთ-ერთი რესპონდენტი ამტკიცებს", - წერს ვახტანგ ხარჩილავა.


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი