„დამწყები შემსრულებლისთვის კონკურსი არაჩვეულებრივი საშუალება და უფასო რეკლამაა“, - ამბობს კონკურსებთან დაკავშირებით „ჯეოსტარის“ მონაწილე ბორის ბედია და აღნიშნავს, რომ კონკურსი არაჩვეულებრივი გზაა იმისთვის, რომ ხალხს გააცნო და შეაყვარო თავი.
„კონკურსს უარყოფითი მხარეებიც აქვს. პირველი, რასაც გამოვყოფდი, ეს მათზე პოლიტიკური გავლენაა. ჩემს დროს ახალი დამთავრებული იყო 2008 წლის ომი და კონკურსზე მთლიანი აქცენტი იმაზე გაკეთდა, რომ გაემარჯვა გორის წარმომადგენელს. ეს იმთავითვე სასაცილო მიდგომა იყო, ვინაიდან ვისაც არ უნდა გაამარჯვებინო სიმღერის კონკურსში, ამით დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დაიბრუნებ, კონკურსს კი უსამართლოს გახდი. „ჯეოსტარმა“ მაინც დიდი გამოცდილება მომცა და პროფესიულად გამზარდა. მახსოვს, როცა „კარუზო“ ვიმღერე, ხალხმა ბისზე ორჯერ გამიყვანა, დაინგრა დარბაზი ტაშითა და ოვაციებით. წესით, მე უნდა გამემარჯვა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა... მიუხედავად მარცხისა, კონკურსმა ხალხის სიყვარული მაჩუქა, რაც ნებისმიერი არტისტისთვის შეუფასებელი საჩუქარია. რაც შეეხება კონკურსების გავლენას მონაწილეზე, გეტყვით, რომ ეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა და არა მხოლოდ საქართველოს, ამას კი, თავისი ლოგიკური ახსნა აქვს... ისეთი ლამაზი ჰიტები, რომლებიც 50-იან, 60-იან თუ 70-იან წლებში დაიწერა, დღეს სამწუხაროდ, აღარ იწერება. რაც დღეს ჰიტდება, ხალხი მალევე ივიწყებს, მსმენელი კი, შენგან ყოველთვის უკვდავი ნომრების შესრულებას ითხოვს და სწორედ ამიტომ გვიწევს ძველი შლაგერების შესრულება. მაგალითისთვის მოგიყვანდით 70-იანებში დადგმულ უკვდავ მიუზიკლს „ჩხიკვთა ქორწილი“, რომელიც 2018-2019 წლებში ისევ ანშლაგით ჩატარდა. ხალხს ეს გენიალური მიუზიკლი არასოდეს მობეზრდება და სწორედ ამის შედეგი იყო, „ბლექ სი არენზე“ ფეხზე მდგომი და ატირებული 10 000 ადამიანი რომ გვიკრავდა ტაშს. ის, რაც სამუდამოდ დარჩა მუსიკალურ სამყაროში, მუდამ ეყვარება მსმენელს, ამიტომ რთულია, არ შეასრულო ძველი, ოქროს ჰიტები და ხალხს ეს სიამოვნება არ მიანიჭო“, - ამბობს ბორის ბედია.
ინტერვიუ სრულად იხილეთ:
https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=218113