logo_geo
მაკა ბულეიშვილი: კოვიდისა და სეზონური ვირუსების გამოხატული სიმპტომები ძალიან ჰგავს ერთმანეთს
- +

17 ნოემბერი. 2023. 17:34

 

 

ექიმი მაკა ბულეიშვილი „რეპორტიორს“ ვირუსების სეზონის შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ სეზონური ვირუსების გარდა, კოვიდიც ფართოდაა გავრცელებული. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელმა შემოდგომამ თბილი ამინდებით გაგვანებივრა, ვირუსები ოქტომბრის ბოლოდან აქტიურად ცირკულირებს და, როგორც წესი, ვირუსების სეზონი აპრილის ბოლომდე, ან მაისის შუა რიცხვებამდეც კი გრძელდება ხოლმე.

 

„ახლა ვირუსული ინფექციების გავრცელების ყველაზე აქტიური პერიოდია, განსაკუთრებით, სასუნთქი სისტემის პათოლოგიის მქონე ადამიანებისთვის. ამ ეტაპისთვის გავრცელებულია რინო ვირუსი, ადენო ვირუსები, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, გრიპის „A“ ტიპის ვირუსი და ამის პარალელურად, კოვიდთანაც გვიწევს თანაცხოვრება. კოვიდის ეპიზოდები არა მხოლოდ ახლა, რთულ სეზონზე, არამედ ზაფხულის პერიოდშიც კი ვლინდებოდა. მისი და სხვა ვირუსების გამოხატული სიმპტომები შეიძლება ძალიან ჰგავდეს ერთმანეთს: ცემინება, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი, უძლურება, ტემპერატურის მატება, ოფლიანობა, ცხვირიდან გამონადენი, ასევე ხველა, რომელიც ვირუსის მოქმედების არეალიდან გამოსვლის შემდეგაც გარკვეული პერიოდი რჩება ხოლმე. ხშირად, ჩამოთვლილ სიმპტომებს ემატება დიარეა. სიმპტომები სტანდარტულად ხუთი დღის განმავლობაშია ხოლმე გამოხატული და, კოვიდის შემთხვევაში, ადამიანი გამოჯანმრთელებულად ითვლება კიდეც ხუთი დღის შემდეგ (თუკი მას არ აქვს თანმდევი დაავადებები). მაგრამ აქვე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუკი დაავადება  გრძელდება 7-10 დღის შემდგომაც და რჩება გამოხატული სიმპტომები (რომლებიც შესაძლოა ფილტვების სხვადასხვა სახის პათოლოგიებში გადაიზარდოს), ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გვქონდეს ექიმთან კონტაქტი, რადგან თუკი დაავადება უკვე რესპირატორულია და სისტემის ანთებითი პროცესია დაწყებული, მოხდეს მისი დროული აღმოფხვრა. აუცილებელია განსაკუთრებულად ფრთხილად და ყურადღებით იყვნენ ქრონიკული პათოლოგიის მქონე ადამიანები, ასაკობრივი ჯგუფები, ბავშვები და ისინი, ვისაც იმუნური სისტემა აქვს დაქვეითებული, რადგან სწორედ იმუნური სისტემაა პასუხისმგებელი იმაზე, როგორ გადავიტანთ ამა თუ იმ დაავადებას“, - ამბობს ექიმი.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=218895  

 

 

big_banner
არქივი