logo_geo
დღეს დიდი ხუთშაბათია!
- +

13 აპრილი. 2017. 03:10



დიდ ხუთშაბათს ქრისტემ უკანასკნელი სერობა გაუმართა 12 მოციქულს. ამ მოვლენის სახარებისეული ინტერპრეტაციით: „მოძღვარმა ჯერ მათ სათითაოდ დაბანა ფეხი, შემდეგ თქვა: ერთი თქვენგანი გამცემსო. ყველა შეძრწუნდა და იკითხა: „ნუთუ მე ვარო". „სწორედ შენ", უთხრა ქრისტემ იუდას და ჩასჩურჩულა: „რომელ გეგულვების საქმედ, ჰყავ ადრე". იუდა ადგა, მღვდელმთავრებთან გაეშურა, ქრისტემ კი პური გაუტეხა მოციქულებს, მიაწოდა და უთხრა: „ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის გატეხილი", შემდეგ ღვინო დაუსხა: „ესე არს სისხლი ჩემი, თქვენთვის და მრავალთათვის დანთხეული".


დიდი ხუთშაბათის მსახურებაზე იესო ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხთა დაბანას, საიდუმლო სერობას, გეთსიმანიის ბაღში იესო ქრისტეს ლოცვას და იუდას მიერ მის გაცემას ვიხსენებთ.


ამ დღისადმია მიძღვნილი მღვდელმთავარ გაბრიელის - იმერეთის ეპისკოპოსის - დიდ ხუთშაბათს წარმოთქმული ქადაგებები, სადაც თითოეული სიმბოლური აქტის მიმართ საგანგებოდ არის ყურადღება გამახვილებული. დღეს მაცხოვარმა ფეხები დაბანა თავის მოწაფეებს. თუ რა ღრმა შინაარსი იყო ჩადებული უფლის ამ საქციელში, ბრძანებს გაბრიელ ეპისკოპოსი:


„მოციქულნი ყოველნი იყვნენ განცვიფრებულ, ოდეს მაცხოვარმან იწყო ხელითა თვისითა ბანვა ფერხთა მათთა... მართლა ერთობ საკვირველი იყო ხილვა ამ მოქმედებისა. რისთვის ჰქმნა ეს უფალმან? რისთვის დაიმდაბლა ეგოდენ მან თავი თვისი? პირველად მისთვის, რამეთუ შეიყვარნა თვისნი იგი ამა სოფელსა შინა და სრულიად შეიყვარნა იგინი (იოან. იგ, ა), ვითარცა იტყვის იოანე მახარებელი, აღმწერელი ამ შემთხვევისა. ამით მან გამოაჩინა განუზომელი თვისი სიყვარული მოწაფეთადმი და თვით საქმით მოგვცა ჩვენ მაგალითი სიმდაბლისა და თავის უარის ყოფისა. არა საკმაოდ შერაცხა მან სიტყვითა მხოლოდ სწავლა ჩვენი, არამედ მანვე პირველად აღასრულა. რასაც ასწავლიდა, სახე მიგეც თქვენ, რათა ვითარცა ესე გიყავ თქვენ, ეგრეთვე თქვენცა ჰყოფდეთ (იოან. იგ, იე), თვით უფალმან აღუხსნა მოწაფეთა თვისთა. ამიერითგან მოწაფეთა მისთა სრულიად უნდა გამოსცვალონ სახე თვისისა ყოფაქცევისა; ამიერითგან ყოველი მათი მოქმედება უნდა დაეფუძნოს სიყვარულსა და სიმდაბლესა ზედა; ამიერითგან უდიდესი მათ შორის უნდა იყოს მსახურ ყოველთა, და წინამძღვარი, ვითარცა მონა; ამიერითგან ჩვენ უნდა დავსტოვოთ, დავივიწყოთ, ყოველი ამპარტავნება, თავის მოყვარება; ამიერითგან ჩვენ ვართ ერთი მეორის ძმანი, მსახურნი... ესე თუ ჰსცანთ, ნეტარ ხართ, უკეთუ ჰყოფდეთ ამას.".


ამ დღეს აზიარა იესო მაცხოვარმა მოციქულნი თავის ხორცსა და სისხლს. ამის თაობაზე გაბრიელ ეპისკოპოსი გვაუწყებს:


„დღეს საიდუმლოსა სერობასა ზედა დააფუძნა მაცხოვარმა უმთავრესი და უმაღლესი საიდუმლო ჩვენისა სარწმუნოებისა, მეტყველმან: სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი; სვით ამისაგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი, - ის საიდუმლო, რომელიც თუ სასოებით და ღირსებით იქმნა მიღებული, გამოსცვლის ბუნებასა კაცისასა, და ისე, როგორადაც ველური ტყის ხეხილი მომცემელი მწარისა ნაყოფისა, როდესაც დაამყნევებ მას შინაურსა ზედა ტკბილსა ნაყოფს. დღეს საიდუმლოსა სერობასა ზედა თვით საქმით მისცა მან მოწაფეთა თვისთა სახე და მაგალითი იმ სიმდაბლისა და სიყვარულისა, რომელსაც მარადის ასწავლიდა სიტყვით, დაბანა რა ფერხნი მოწაფეთა თვისითა საკუთარითა თვისითა ხელითა, ბოლოს, დღეს გეთსამანიის ვენახში ჰქმნა დასაწყისი ცხოველსმყოფელებისა თვისისა ვნებისა, ვინაითდგან დღეს იქმნა იგი გაცემულ იუდასაგან და წარდგენილ წინაშე მსაჯულთა უსჯულოთა".


დაბოლოს, დიდი ხუთშაბათის ქადაგებათა ერთობლივ დასკვნად შეიძლება მივიღოთ ის მცნება, რომელსაც გაბრიელ ეპისკოპოსი გვაძლევს, ამ დღეს საკუთარი ქრისტიანული ზნეობრივი დონის შესაფასებლად:


„აჰა ესერა ჩვენ მოვახწიეთ აღსასრულსა დიდისა ამის მარხვისასა. ორნი დღენი, დაშთენილნი აღდგომამდი, არ ეკუთვნიან დიდსა მარხვასა. იგინი არიან დანიშნულ ხსენებისა და თაყვანის-ცემისათვის ქრისტეს ვნებათა. გარნა, ვინ როგორ გაატარა აწინდელი მარხვა? ეს უწყის ერთმან მხოლოდ ღმერთმან. მოინანია ვინმე ცოდვანი თვისნი, ანუ თუ ცოდვასა კვალად ცოდვა დაუმატა? გაძლიერდა მის გულში მადლი ღვთისა და სასოება, ანუ თუ სამწუხაროდ, უმეტესად დასუსტდენ იგინი? იცნო მან, ბოლოს, თავი თვისი და მიიღო მტკიცე განზრახვა ამიერითგან სიწმიდით და კრძალულებით განტარებად ცხოვრებისა მისისა, ანუ თუ დაშთა უდებ და უზრუნველ, ამას ყოველსა შეიტყობს იგივე გულთ-მეცნიერი ღმერთი და თავის დროზედ გამოგვიცხადებს ჩვენ, ძმაო ჩემო. გარნა შენც უნდა იფიქრო ამაზე, ძმაო შენი სინიდისიც უნდა იყოს ამის გამომეძიებელი! მოვაჭრე კაცს ყოველთვის წინათვე აქვს დანიშნული ერთი დღე, როდესაც იგი გულსმოდგინედ გააწყობს ანგარიშსა, რათა შეიტყოს, არის იგი მოგებასა შინა, თუ არა. უკეთუ იგი ამას იქმს ამაოისა და წუთის სიმდიდრის მოგებისათვის, შენ, რომელი ეძიებ საუკუნესა ნეტარებასა, უმეტესად არ გმართებსა მარადის გამოიკვლიო და ჰკითხო თავსა შენსა, ხარ შენ სულიერსა წარმატებასა შინა, ანუ არა?"

 

დიდი ხუთშაბათი იმითაცაა გამორჩეული, რომ ის ერთადერთი დღეა მთელი წლის განმავლობაში, როცა საჭიროების შემთხვევაში მირონის კურთხევა შეიძლება. ამ განსაკუთრებულ დღეს ყველა ქრისტიანი ცდილობს, არ დარჩეს უზიარებელი.


დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, რომლის დროსაც ე.წ. თორმეტი სახარება ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრებილი 12 ნაწყვეტი იკითხება.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი