logo_geo
მადურომ გაიანის ტერიტორიის ნაწილი ვენესუელის პროვინციად გამოაცხადა
- +

6 დეკემბერი. 2023. 15:20

 

 

ვენესუელის ლიდერმა ნიკოლას მადურომ მეზობელი ქვეყნის, გაიანის დასავლეთ ნაწილი, ესეკიბო ქვეყნის 24-ე შტატად გამოაცხადა. მადურომ გასცა ბრძანება, რომ რესურსებით მდიდარ ამ რეგიონში ნავთობის მოპოვების ლიცენზიების გაცემა დაიწყონ. ინფორმაციას „Deutche Welle“ ავრცელებს.

 

ეს გადაწყვეტილება მადურომ ვენესუელაში ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე მიიღო. ნავთობის კომპანიებს, რომლებიც ამ ტერიტორიაზე მუშაობენ, მან მუშაობის დასასრულებლად 3 თვე მისცა.

 

„პატივი უნდა ვცეთ საერთაშორისო სამართალს, კანონებს, კეთილმეზობლობას“, - განაცხადა მადურომ. მან ასევე თქვა, რომ უახლოეს მომავალში ვენესუელის ყველა სასწავლო დაწესებულებებში ახალი რუკა გაიგზავნება, რომელზეც ვენესუელის ახალი შტატი - გაიანა-ესეკიბა იქნება აღნიშნული.

 

3 დეკემბერს ვენესუელაში საკამათო რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის მიხედვით ქვეყნის მოსახლეობის 95%-მა ვენესუელის შემადგენლობაში ესეკიბოს გაერთიანებას მხარი დაუჭირა. გაიანის პრეზიდენტმა ირფაან ალიმ ამას გაიანის ტერიტორიის ანექსიის მცდელობა უწოდა. გაიანის გენერალურმა პროკურორმა ანილ ნანდლალმა გაეროს უშიშროების საბჭოს უკვე მიმართა.

 

ესეკიბოში 125 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ვენესუელას გაიანის ამ რეგიონის მისაკუთრება უკვე 50 წელზე მეტია სურს. ეს სურვილი კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც 2015 წელს კონცერნმა „ExxonMobil“-მა ესეკიბოში ნავთობის დიდი საბადო აღმოაჩინა, რის შედეგად გაიანის ნავთობის მარაგი 10 მლრდ ბარელამდე გაიზარდა. ეს მეტია, ვიდრე აქვს ქუვეითს და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს.

 

 

big_banner
არქივი