logo_geo
The Wall Street Journal: უკრაინა თავდაცვაში გადადის - აშშ-ისა და ევროპის ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მოულოდნელად ეჭვქვეშ დგება
- +

8 დეკემბერი. 2023. 22:30

"უკრაინა თავდაცვაში გადადის - ძვირადღირებულმა და მრავალთვიანმა სამხედრო კამპანიამ, რომელიც მიზნად ისახავდა რუსული ძალების განდევნას, კულმინაციას მიაღწია ფრონტის ხაზზე მცირე ცვლილებებით," - წერს ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი.

 

 

გაზეთი აღნიშნავს, რომ აშშ-ისა და ევროპის ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მოულოდნელად ეჭვქვეშ დგება, ხოლო უკრაინაში შიდაპოლიტიკური ბზარები ფართოვდება.

 

 

"უკრაინული ძალები ახლა ემზადებიან შესაძლო ხანგრძლივი პერიოდისთვის, რათა უბრალოდ შეეცადონ, შეაჩერონ რუსეთის შემდგომი წინსვლა. დასავლელი დიპლომატები აცხადებენ, რომ ძალგამოლეულ უკრაინას დრო სჭირდება აღსადგენად და რომ 2025 წლამდე უკრაინამ შესაძლოა ვერ განახორციელოს კიდევ ერთი სერიოზული კონტრშეტევა", - ნათქვამია სტატიაში.

 

 

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ის, რაც ახლა ხდება, განწყობის მკვეთრი ცვლილებაა იმის ფონზე, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში კიევმა განიზრახა რუსული ჯარების განდევნა უკრაინის ტერიტორიის თითქმის 20%-დან.

 

 

უკრაინის მოკავშირეები იმედოვნებდნენ, რომ უკრაინა შეძლებდა რუსეთის ძალებისთვის საკმარისი ზიანის მიყენებას, რათა პრეზიდენტ პუტინს ომი უშედეგოდ ჩაეთვალა და კიევისთვის მისაღებ მოლაპარაკებებს დათანხმებოდა.

 

 

"უკრაინის შესაძლებლობა, დაიბრუნოს თავისი ტერიტორიის უფრო დიდი ნაწილი, ახლა ეჭვქვეშ დგას, ხოლო პუტინის მიერ რუსეთის ეკონომიკის ომის საფუძვლებზე გადაყვანამ გააძლიერა მისი პოზიციები ბრძოლის ველზე", - აღნიშნულია სტატიაში.

 

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების ნებისმიერი შეჩერება რუსეთს უბრალოდ მისცემს შანსს, გადაჯგუფდეს და მოემზადოს ახალი სამხედრო მოქმედებისთვის.

 

 

სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ თავდაცვით პოზიციაზე გადასვლა არ ნიშნავს ომის დასრულებას.

 

 

"ახლა ჩვენ უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ ეს იქნება ხანგრძლივი ომი", - აღნიშნა ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა.

 

 

თუ უკრაინა და მისი მოკავშირეები შეძლებენ, გაუმკლავდნენ ამჟამინდელ პრობლემებს და გააგრძელონ ჯარებისთვის მარაგის მიწოდება, დასავლელი სტრატეგები მიიჩნევენ, რომ საუკეთესო სცენარი არის ის, რომ მომავალი წელი იქნება უკრაინის არმიის აღდგენის წელი.

 

 

"ერთმა [უკრაინელმა] სერჟანტმა თქვა, რომ როდესაც ახლობლებს ესაუბრება სახლში, მათ ეუბნება, რომ ყველაფერი კარგად მიდის და არ აღწერს იმას, რასაც ხედავს ან გრძნობს, რადგან ეს არც თუ ისე ოპტიმისტურია", - დასძინა სტატიის ავტორმა.

big_banner
არქივი