logo_geo
სენატმა უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს მხარი დაუჭირა
- +

13 თებერვალი. 2024. 17:01

 

 

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც უკრაინისთვის, ისრაელისთვის და ტაივანისთვის 95 მილიარდი აშშ დოლარის დახმარებას ითვალისწინებს. აქედან 60 მილიარდი უკრაინამ უნდა მიიღოს. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

 

ახლა კანონპროექტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას გადაეგზავნა

 

„სენატში აუცილებელი 60 ხმა მიღებულია. ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება. რაც უფრო მეტმა მისცა ხმა, მით უკეთესია, რადგანაც ეს წარმომადგენელთა პალატაში ამ საკითხის განხილვისთვის მნიშვნელოვანია“, - წერს უკრაინის უმაღლესი რადას ფინანსური კომიტეტის წევრი იაროსლავ ჟელეზნიაკი.

 

კანონპროექტის წინააღმდეგ 29 სენატორმა მისცა ხმა, ძირითადად „რესპუბლიკელებმა“. რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატაში ამ საკითხის დამტკიცებას, იქ უკვე შეიძლება სერიოზული პრობლემები შეიქმნას. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა, რომელიც „რესპუბლიკური პარტიის “ წევრია და ტრამპისტად ითვლება. ჯონსონი ამბობს, რომ წარმომადგენელთა პალატა მას მხარს არ დაუჭერს, რადგანაც სასაზღვრო-საემიგრაციო პოლიტიკის მხრივ არანაირი ცვლილება არ არის. ეს კი „რესპუბლიკელების“ ძირითადი მოთხოვნაა.

 

უკრაინისთვის, ისრაელისთვის და ტაივანისთვის ამერიკის ფინანსური დახმარების საკითხი მანამდე აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა. მას მიაჩნია, რომ საჭიროა ფულის სესხება და არა ჩუქება.

 

 

big_banner
არქივი