ბოლო დროს უფრო ხშირად გვესმის, როგორ გვართმევენ რობოტები სამსახურს; თუმცა, შესაძლოა არსებობდეს გზა, რომელიც ასეთი სასტიკი მომავლისგან დაგვიცავს: თავად ვიქცეთ კიბორგებად.
უისკონსინის შტატის ერთ-ერთი კომპანია პირველი იქნება აშშ-ში, რომელიც თავის თანამშრომლებს მიკროჩიპის იმპლანტებს ჩაუდგამს. კომპანიის განცხადებით, შემდეგ კვირაში, 50 თანამშრომელი მოხალისეობრივად „დაიჩიპება".
ინიციატივა, რომელიც აბსოლუტურად არასავალდებულოა, ტექნოლოგიური კომპანია Three Square Market-ის (32M) თანამშრომელთათვის, ითვალისწინებს რადიოსიხშირული იდენტიფიკაციის (RFID) ჩიპების ჩადგმას ხელში, ცერა და საჩვენებელ თითებს შორის.
როგორც კომპანია აცხადებს, ბრინჯის მარცვლის ზომის ჩიპის ჩადგმის შემდეგ, მისი თანამშრომლები ოფისის მთელ რიგ საქმეებს სულ მარტივად, ხელიდან მომდინარე ტალღების საშუალებით გააკეთებენ.
„RFID ტექნოლოგიის გამოყენებით, გავაკეთებთ თითქმის ყველაფერს, მათ შორის -განვახორციელებთ შესყიდვებს, გავაღებთ კარებს, გამოვიყენებთ ასლგადამღებ მანქანას, შევალთ ოფისის კომპიუტერებში, განვბლოკავთ ტელეფონებს, გავუზიარებთ ბიზნეს-ბარათებს, შევინახავთ სამედიცინო ინფორმაციას და გადავიხდით სხვა RFID ტერმინალებზე", -ამბობს კომპანია 32M-ის აღმასრულებელი დირექტორი ტობ ვესტბი.
ჩიპები გამოიყენებს near-field communication-ს(NFC) დაახლოებით იგივე პრინციპით, როგორც მას უკვე იყენებს უკონტაქტო საკრედიტო ბარათები, მობილური გადახდის სისტემები და ცხოველთა საკონტროლი ჩიპები.
მსგავსი სახის ადამიანთა იმპლანტები პირველად წლის დასაწყისში გამოჩნდა, როცა ისინი საკუთარ თანამშრომლებს შვედურმა კომპანია Epicenter-მა ჩაუყენა, მაგრამ პირველი შემთხვევაა აშშ-ში, როცა მას საკუთარ თანამშრომლებს ისეთი მსხვილი ორგანიზაცია სთავაზობს, როგორიც 32M-ია; მას 85 დასაქმებული ჰყავს.
ვესტბის განცხადებით, როდესაც თანამშრომლებს ამ პროგრამის შესახებ აცნობეს, მრავალი მათგანი სიახლეს ზიზღითა და აღელვებით შეხვდა, მაგრამ საბოლოოდ, ნახევარზე მეტმა მათი ჩადგმის სურვილი გამოთქვა.
იმპლანტის ღირებულება 300$-ია ერთ ჩიპზე, რასაც კომპანია თანამშრომელთა ნაცვლად გადაიხდის. პროცესის დასრულების შემდეგ, სხვა სისტემებთან მუშაობის ან დამოწმებისათვის, მათ აღარ დასჭირდებათ გასაღებების, ID ბარათების ანდა სმარტფონების ტარება.
გამოითქვა მოსაზრებები, რომ ამ ჩიპების საშუალებით, კომპანიას საკუთარ თანამშრომელთა მოძრაობის გაკონტროლების შესაძლებლობა ექნება, მაგრამ როგორც ვესტბი აცხადებს, ჩიპებს არ აქვს GPS-ი და დაცილია დაჰაკვისგან.
„დასაჰაკი მასში ნამდვილად არაფერია, რადგან ის დაშიფრულია ზუსტად საკრედიტო ბარათის მსგავსად", - უთხრა მას ABC News-მა.
„მისი დაჰაკვის შანსი თითქმის არ არსებობს, რადგან ის ინტერნეტზე არაა მიერთებული. ერთადერთი გზა, რომ ვინმე მას მიუერთდეს, თქვენი ხელის მოჭრაა".
ტექნოლოგიის უსაფრთხოების დამტკიცების მიზნით, აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, შემდეგ კვირაში იმპლანტანტს ჩაუდგამენ მის ცოლსა და ბავშვებსაც.
თუკი მოგვიანებით თანამშრომლები აზრს შეიცვლიან, მათ იმპლანტის ამოღების შესაძლებლობა ექნებათ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩიპები GPS-ის საშუალებით ადამიანთა მდებარეობას ვერ აკონტროლებს, მაინც მისცემს დამსაქმებელს უზარმაზარ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რას და როდის აკეთებენ თანამშრომლები, მაგალითად, როდის ისვენებენ ან ბანაობენ, რა სახის პროდუქტებს ყიდულობენ და ა. შ.
თავის მხრივ, ეს ინფორმაცია შეიძლება სრულიად უსაფრთხო იყოს, მაგრამ არაა გამორიცხული, დამსაქმებლის მიერ თქვენ შესახებ შეგროვილმა ინფორმაციამ, ერთ დღესაც, პრობლემები შეგიქმნათ.
„ბევრი რაღაც სრულიად კეთილი მიზნებით იწყება, მაგრამ ხანდახან, განზრახვები იცვლება", - უთხრა ABC News-ს მონაცემთა დაცვის კომპანია CyberScout-ის დირექტორმა ადამ ლევინმა.
„მიკროჩიპების გარეშე ათასობით წელი გამოვიარეთ და გადავრჩით, როგორც სახეობა. ნუთუ ახლა მათი განსაკუთრებული აუცილებლობა დადგა? ყველამ საკუთარი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. საინტერესოა, რამდენად დაიცავენ ისინი უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობას?"
თავის მხრივ, იმ კომპანიათა ხელმძღვანელები, რომლებიც ამ ტექნოლოგიის დანერგვას აპირებენ, მსგავსი აურზაურის მიზეზს ვერ ხედავენ.
„ხალხი მეკითხება 'დაჩიპული ხარ?' და მე ვპასუხობ, 'დიახ, რატომაც არა?'", - უთხრა Associated Press-ს Epicenter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფრედრიკ კაიჯსერმა.
„ყველა მათგანი აღელვებულია პირადი მონაცემების საკითხებით. ჩემთვის, ეს დაახლოებით იმის მსგავსია, მოვსინჯო ახალი საგანი და ვნახო, არის თუ არა ის გამოსადეგი, შევამოწმო, რას მომიტანს მომავალში".
ამასობაში, 32M თავის თანამშრომელთათვის ჩიპების ჩადგმას 1 აგვისტოს დაიწყებს.