logo_geo
დონალდ ტრამპმა ტრანსგენდერებს ჯარში მსახურება აუკრძალა!
- +

30 აგვისტო. 2017. 01:39


26 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა და დღესვე გადაუგზავნა თავდაცვის სამინისტროს მემორანდუმი, რომელიც ღია ტრანსგენდერების სამხედრო სამსახურში დაქირავებას კრძალავს. ეს დოკუმენტი აუქმებს პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ ხელმოწერილ ბრძანებას, რომელმაც 2011 წელს ტრანსგენდერებს ამერიკის ჯარში მსახურების ნება დართო. მემორანდუმში ნათქვამია, რომ ბარაკ ობამას ბრძანების მოქმედება უქმდება იმ დრომდე, ვიდრე აშშ-ის თავდაცვის და უსაფრთხოების მინისტრები არ წარმოადგენენ დამაჯერებელ საპირისპირო არგუმენტებს.

 

რატომ აკრძალა ტრამპმა ტრანსგენდერებს ჯარში მსახურება?


პირველად ამ ინიციატივის შესახებ ტრამპმა 26 ივლისს, Twitter-ზე დაწერა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, ტრანსგენდერები ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ძალიან ძვირი უჯდება - იზრდება სამედიცინო ხარჯები, ხოლო არმიის ეფექტიანობა მცირდება, ამიტომ მათ უნდა აეკრძალოთ ჯარში მსახურება.


მისი გადაწყვეტილება დაკავშირებულია საბიუჯეტო დავასთან, რომელიც 2018 წელს პენტაგონის და სპეცსამსახურების 790 მილიონი დოლარით დაფინანსებას ეხებოდა. კონგრესში მსჯელობდნენ, ღირდა თუ არა ბიუჯეტის თანხების ხარჯვა ჯარში მოსამსახურე ტრანსგენდერების ოპერაციებზე და ჰორმონალურ თერაპიაზე.


საქმე ის არის, რომ ბარაკ ობამამ ტრანსგენდერებს არამხოლოდ ჯარში მსახურების ნება დართო, არამედ ისინი პენტაგონის ბიუჯეტის ხარჯზე სამედიცინო დახმარებითაც უზრუნველყო, მათ შორის სქესის შეცვლაზე ოპერაციის ჩათვლით.


რესპუბლიკელებს ჰქონდათ წინადადება, რომ ოპერაციის და თერაპიის ხარჯები თავად ტრანსგენდერებს დაეფარათ. ტრამპმა კიდევ უფრო რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო და მათი არმიაში ყოფნა საერთოდ აკრძალა.


აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მან რჩევები გენერლებისგან და მრჩევლებისგან მიიღო, თუმცა The New York Times-ი წერდა, რომ თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა ამის შესახებ ბოლო წუთს გაიგო. გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა თეთრი სახლის ბევრი თანამშრომლისთვისაც.

 

ტრანსგენდერები მართლაც ძვირი უჯდება პენტაგონს?


ტრანსგენდერები პენტაგონის ბიუჯეტის ხარჯების მართლაც დამატებითი მუხლია და მათი ოპერაციების და ჰორმონალური თერაპიის საკითხი მაშინ განიხილებოდა, როდესაც ამერიკის სამხედრო უწყება მათი ჯარში მსახურების მიზანშეწონილობას წყვეტდა. ბარაკ ობამას დროს ჩატარებული კვლევის თანახმად, სამხედრო სამსახურში ყოველწლიურად დაქირავებული ადამიანებიდან ტრანსგენდერი საშუალოდ 60 ადამიანია, ხოლო მათზე გაწეული ყოველწლიური საერთო ხარჯი 2,5-დან 8 მილიონ დოლარამდე.


2016 წელს, პენტაგონში მიიჩნიეს, რომ ეს თანხა უმნიშვნელოა და აღნიშნეს, რომ ტრანსგენდერებს, რომლებსაც აქვთ ჰორმონალური თერაპიის გავლის და სქესის შეცვლის ოპერაციის გაკეთების საშუალება, გაცილებით ნაკლებად არიან მიდრეკილი თვითმკვლელობებისა და ალკოჰოლის და ნარკოტიკის გამოყენებისკენ.

 

აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში რამდენი ტრანსგენდერია?


დაახლოებით ერთი წლის წინ ჩატარებული კვლევის თანახმად, პენტაგონში 1320-დან 6630-მდე ტრანსგენდერი მსახურობს იმ 1,3 მილიონი სამხედრო მოსამსახურიდან, რომელიც სამინისტროს შტატში ირიცხება. სხვა მონაცემებით, ტრანსგენდერთა როდენობა 15 ათასია. თერაპია და ოპერაცია ყველას არ სჭირდება - ბევრს ეს არ უნდა, ზოგიერთი ჯერ მზად არ არის, ან უკვე შეიცვალა სქესი. არიან სამხედროები, რომლებიც ღიად არ ამბობენ რომ სქესი შეიცვალეს.

 

ვინც უკვე მსახურობს ჯარში, მათ რა ელით?


ჯერჯერობით გაურკვეველია. The Washington Post-ის ინფორმაციით, ტრამპმა ამ საკითხის გადაწყვეტა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მიანდო.

 

აშშ-ში ამ თემაზე რას ფიქრობენ?


ტრამპის ინიციატივა თავიდანვე არ მოეწონათ არც დემოკრატებს და არც რესპუბლიკელების უმრავლესობას, და პირველ რიგში თავად ტრანსგენდერ სამხედროებს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ძირითადად მიესალმებიან რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები და ტრამპის ულტრამემეარჯვენე ელექტორატი.


სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის ხელმძღვანელმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ არანაირი მიზეზი არ არსებობს სამხედრო სამსახურიდან იმ ადამიანების დათხოვნისა, რომლებსაც შეუძლიათ ბრძოლა, წვრთნა და ოპერაციებში მონაწილეობა, მიუხედავად მათი გენდერული კუთვნილებისა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი