logo_geo
განვითარებად ქვეყნებში ყოველ მეოთხე ბავშვს ძილის წინ ზღაპარს არასდროს უკითხავენ
- +

22 სექტემბერი. 2017. 01:25


 

„განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები, 2-დან 4 წლამდე ბავშვების 25 % მშობლებთან ურთიერთობის დანაკლისს განიცდის", - ამის შესახებ იუნისეფ-ის მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.


კვლევის თანახმად, ეს ბავშვები თითქმის არასდროს თამაშობენ, მღერიან ან კითხულობენ წიგნს მშობელთან ერთად. გაერო-ს ბავშვთა სააგენტომ უკვე გაავრცელა გაფრთხილება, რომ ხუთ წლამდე ასაკის მილიონობით ბავშვის განვითარებას საფრთხე ემუქრება, რადგან მათ მშობლები არაინფორმირებულები არიან, ხოლო სახელმწიფო მათ სათანადოდ არ ეხმარება.


„დროისა და სახსრების დანაკლისის გამო, მშობლები უფრო მეტ ყურადღებას ბავშვების კვებას აქცევენ, ხოლო შვილებთან თამაშზე ხშირად უარს ამბობენ. ეს განსაკუთრებით იმ ქვეყნებში ხდება, სადაც კონფლიქტები გრძელდება", - აცხადებენ იუნისეფ-ში.


კვლევის ავტორებმა 64 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ჰკითხეს მშობლებს, ბოლო სამი დღის განმავლობაში შვილებთან თუ უთამაშიათ, უმღერიათ ან თუ წაუკითხავთ მათთვის ზღაპარი, რაზეც გამოკითხულთა 25%-მა უარყოფითი პასუხი გასცა.


„ჩვენ არ ვუფრთხილდებით ბავშვების ტვინს ისე, როგორც მათ სხეულს. მეცნიერები კი ამბობენ, რომ ბავშვების ტვინის და შესაბამისად, მათი მომავლის ფორმირება სწორედ ამ ადრეულ ასაკში ხდება", - აცხადებენ იუნისეფ-ში.


ამავე კვლევით დადგინდა, რომ 2-დან 4 წლამდე ბავშვების 20%-ს ხშირად უმეთვალყურეოდ დარჩენა უწევთ ან მათ 10 წლამდე ბავშვი უვლის. მცირეწლოვნების 80%-ი ერთხელ მაინც იყო ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.


კვლევის ავტორები განვითარებადი ქვეყნების ხელისუფლებას მოუწოდებენ, უფრო მეტად დაეხმარონ მშობლებს, რომლებსაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ, მათ შორის, დანერგონ ბავშვების წინასასკოლო მომზადების უფასო პროგრამა, ბავშვის დაბადებიდან პირველი ექვსი თვის განმავლობაში დედას ჰქონდეს შესაძლებლობა, სამსახური პერიოდულად დატოვოს, რათა ბავშვის ძუძუთი კვება შეძლოს. ასევე, დასაქმებულ მშობლებს ჰქონდეთ ადეკვატური პერიოდით შვებულების აღების შესაძლებლობა. კვლევის მიხედვით, 64 ქვეყნიდან 32-ში ამ პირობებიდან არც ერთი არ არის დაცული.











 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი