საფრანგეთში აღმოაჩინეს ნახატი შიშველი ქალის გამოსახულებით, რომელიც, ექსპერტების ვარაუდით, შეიძლება ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზას" ესკიზი იყოს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC News ავრცელებს.
ნახშირით შესრულებული ნახატი ცნობილი იყო როგორც „მონა ვანა" და 1862 წლიდან კონდეს მუზეუმში (შანტიი, პარიზის მახლობლად) ინახება. „მონა ვანა" აქამდე სხვა მხატვრის ნამუშევრად ითვლებოდა, თუმცა, ლუვრის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ექსპერტიზების შედეგად გაირკვა, რომ მის შექმნაში ლეონარდოს ხელიც ურევია.
კვლევების კურატორის მატიე დელდიკის განცხადებით, „მონა ლიზას" და „მონა ვანას" ზომები ფაქტობრივად ერთნაირია, ასევე მსგავსია ხელები და სახე. „ეს სავარაუდოდ იყო მზადება ზეთით ფერწერისთვის", - აღნიშნავს დელდიკი.
ლუვრის თანამშრომელი ბრუნო მოტინი ადასტურებს, რომ „მონა ვანა" ლეონარდოს დროს არის დაწერილი და გამოირჩევა მაღალი ხარისხით. თუმცა, მისივე განცხადებით, ესკიზის ნაწილი აშკარად სხვა მხატვრის მიერაა შესრულებული, რადგან დახატულია მარჯვენა ხელით, ხოლო ლეონარდო კი ცაცია იყო.