ჩინურმა კომერციულმა რეისმა ანტარქტიდაზე 22 ტურისტი საჰაერო გზით პირველად ჩაიყვანა.
მგზავრობა ჰონგ-კონგიდან დაიწყო. 15 საათიანი ფრენის შემდეგ კი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საპორტო ქალაქ კეიპ თაუნში საწვავის შევსების მიზნით გაჩერდა, რასაც ისევ რამდენიმესაათიანი ფრენა მოჰყვა.
საბოლოოდ კი თვითმფრინავი 2.5 კილომეტრიან ყინულოვან დასაფრენ ბილიკზე დაეშვა. ერთი შეხედვით უჩვეულო ტური ტუროპერატორმა White Desert-მა განახორციელა. აღსანიშნავია, რომ ანტარქტიდაზე საჰაერო გზით ტურისტების მხოლოდ 1% ჩადის.
ეს ფაქტი, მედიის ნაწილმა, როგორც ჩინეთის ტურიზმის განვითარების მიმართულებით ახალი ერის დასაწყისი, ისე დაახასიათა.
მეშვიდე კონტინენტზე გამგზავრება გამონაკლისია, ვიდრე წესი. თითქმის ყველა ტურისტი იქ გემით არგენტინის ყველაზე სამხრეთით მდებარე პორტ უშუაიადან ჩადის.
არგენტინის გარდა, ანტარქტიდაზე მოხვედრა ახალი ზელანდიიდანაცაა შესაძლებელი. ამ მარშრუტს, ძირითადად, ისტორიით დაინტერესებული ადამიანები ირჩევენ.
ანტარქტიდაზე მოგზაურობის სეზონი ზაფხულიდან იწყება. არსებობს მეორე სეზონი, რომელიც ნოემბრიდან იღებს სათავეს და მარტის ბოლომდე გრძელდება.
ყველაზე იაფი მაინც უშუაიდან გემით მგზავრობაა. ამ შემთხვევაში ერთ ადამიანზე დაახლოებით 5 000 ამერიკული დოლარია საჭირო. ამას არგენტინაში თვითმფრინავით გამგზავრების ხარჯებიც ემატება.
როგორც ჩინური ტუროპერატორები აცხადებენ, ბოლო წლების განმავლობაში ანტარქტიდაზე ტურისტების რაოდენობამ გასულ წლებთან შედარებით იმატა. მხოლოდ გასულ სეზონზე კონტინენტს 44 367 ტურისტი სტუმრობდა.