logo_geo
ოპრა უინფრის არაჩვეულებრივი გამოსვლის ტექსტი ქართულ ენაზე
- +

9 იანვარი. 2018. 20:42



ცოტა ხნის წინ „ოქროს გლობუსის" რიგით 75-ე დაჯილდოების ცერემონიალი დასრულდა. ოპრა უინფრის სესილ ბი დემილის საპატიო ჯილდო გადაეცა. ცნობილმა ტელეწამყვანმა და მსახიობმა სცენიდან საოცარი სიტყვა წარმოთქვა და დარბაზის მხურვალე ოვაციები დაიმსახურა.


გთავაზობთ მისი გამოსვლის სრულ ტექსტს ქართულად:

 

„მახსოვს, როგორ ვუყურებდი ოსკარებს დედაჩემის სახლში 1964 წელს, ლინოლეუმის იატაკზე ჩამომჯდარი, მილოუკიში. ანე ბანკროფტმა საუკეთესო მსახიობის ნომინაცია წარადგინა, კონვერტი გახსნა და თქვა ოთხი სიტყვა, რომელმაც, პირდაპირი გაგებით, ისტორია შეცვალა: "გამარჯვებული არის სიდნი პოიტიე". სცენაზე ყველაზე ელეგანტური კაცი გამოვიდა, ვინც კი მინახავს. მახსოვს, რომ თეთრი ჰალსტუხი ეკეთა, მისი კანი კი... შავი იყო. მანამდე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ შავკანიან მამაკაცს შეიძლება ასეთი ტაშით შეხვედროდნენ. ბევრჯერ მიცდია, სხვებისთვის ამეხსნა, რას ნიშნავდა ეს მომენტი იმ პატარა გოგოსთვის - ბავშვისთვის, რომელიც დაჯილდოებას ყველაზე იაფფასიანი ადგილიდან უყურებდა სწორედ მაშინ, როცა დედამისი სხვა ადამიანების სახლების ლაგებისგან ქანცგაწყვეტილი ბრუნდებოდა სახლში. ვუყურებდი და ვფიქრობდი: ამინ. ამინ.

 

1982 წელს სიდნიმ ზუსტად ამ სცენაზე მიიღო სესილ ბი დემილის სახელობის ჯილდო. ახლა, როცა ამავე ადგილას ვდგავარ, წამითაც არ მავიწყდება, რომ უამრავი პატარა გოგო მიყურებს. ვიცი, რას ფიქრობენ, როცა ხედავენ, რომ ეს ჯილდო პირველად გადაეცა აფროამერიკელ ქალს. ჩემთვის დიდი პატივია ამ მომენტის თქვენთან ერთად გაზიარება. დარბაზში უამრავი ადამიანია, ვინც შთამაგონა, გამოწვევების გადალახვაში დამეხმარა და შესაძლებელი გახადა ამ სცენამდე გზის გამოვლა. მადლობა დენის სვენსონს, რომელმაც A.M. Chicago-ში როლზე დამამტკიცა, მადლობა ქუინსი ჯონსს, რომელმაც პირველად ამ შოუში მნახა და სტივენ სპილბერგს, რომელმაც თქვა, რომ სწორედ მე უნდა ვყოფილიყავი სოფია იისფერში, გეილს, რომელიც მეგობრის განმარტებაა და სტედმენს, რომელიც მუდმივად მიჭერს მხარს. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

 

მინდა მადლობა გადავუხადო ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციას, რადგან ყველამ იცის, როგორი წნეხის ქვეშ უწევთ მუშაობა დღესდღეობით. ისინი ყოველდღიურად იბრძვიან იმისთვის, რომ აღარასდროს დავხუჭოთ თვალი კორუფციაზე, უსამართლობაზე, საიდუმლოებსა და ტყუილებზე.

 

მინდა გითხრათ, რომ პრესას ასეთ რთულ მომენტებში ყველაზე მეტად ვაფასებ. ზუსტად ვიცი, რომ სიმართლე ყველაზე ძლევამოსილი იარაღია. სწორედ ამიტომ, მინდა მადლობა გადავუხადო იმ ქალებს, რომლებმაც წელს საკუთარი პირადი ისტორიები გაგვიზიარეს. თითოეული ჩვენგანი ამ დარბაზში იმ ამბების გამო მოხვდა, რომლებიც მოგვიყოლია. დღეს კი თავად ვართ ასეთი ამბები. ეს ისტორია მხოლოდ გასართობ ინდუსტრიას არ ეხება. ეს არის ისტორია, რომელიც ყველა წარმომავლობის, სფეროს, გეოგრაფიის, რასის, რელიგიის თუ პოლიტიკური შეხედულებების ქალს აერთიანებს. მინდა უდიდესი პატივისცემა გამოვხატო იმ ქალების მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში უძლებდნენ დამცირებასა და ძალადობას, რადგან მათ დედაჩემის მსგავსად, ჰყავდათ გამოსაკვები შვილები, ჰქონდათ გადასახდელი ქვითრები და მისაღწევი მიზნები. ეს ის ქალები არიან, რომელთა სახელებსაც ჩვენ ვერ შევიტყობთ. ისინი მუშაობენ სხვების სახლებში, ფერმებში, ქარხნებში, რესტორნებში, აკადემიებში, ტექნოლოგიებში, პოლიტიკაში, ბიზნესში...

 

კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ: რეისი ტეილორი. ეს სახელი და გვარი მე კარგად ვიცი და მგონია, რომ თქვენც უნდა იცოდეთ. 1942 წელს რეისი ახალგაზრდა ქალი და დედა იყო და წირვიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა ექვსმა შეიარაღებულმა თეთრკანიანმა გაიტაცა, გააუპატიურა და გზის პირას დატოვა. ისინი დაემუქრნენ, რომ მოკლავდნენ, თუ ამ ამბავს ვინმეს მოუყვებოდა. საბოლოოდ ეს შემთხვევა მაინც მისწვდა უფლებათადამცველებს. ერთ-ერთი მუშაკი, სახელად როზა პარკსი, მისი საქმის მთავარი გამომძიებელი გახდა და თავდაუზოგავად იბრძოდა სამართლიანობის აღსადგენად - მაგრამ მაშინ, ჯიმ ქროუს კანონების ეპოქაში (საუბარია რასობრივ სეგრეგაციაზე) სამართლიანობა ვარიანტადაც არ განიხილებოდა. რეისი ტეილორი 10 დღის წინ გარდაიცვალა, 98 წლის ასაკში. მან ძალიან ბევრი წელი იცხოვრა კულტურაში, რომლის სადავეებიც მოძალადე კაცებს ჰქონდათ ხელში. დიდი ხნის განმავლობაში ქალების ხმა არავის ესმოდა, მათი არავის სჯეროდა. მინდა გითხრათ, რომ იმ კაცების დრო ამოიწურა. იმედი მაქვს, რეისი ტეილორი ისე გარდაიცვალა, რომ იცოდა საკუთარი სიმართლე, იმ ქალების სიმართლე, რომლებიც უამრავი წლის განმავლობაში იტანჯებოდნენ და ახლაც იტანჯებიან. ეს სიმართლე იცოდა როზა პარკსმაც, როცა 11 წლის შემდეგ გადაწყვიტა, მონტგომერიში იმ ავტობუსში ფეხიც არ მოეცვალა (საუბარია როზა პარკსის პროტესტზე - მას მოსთხოვეს, ადგილი გაეთავისუფლებინა ავტობუსის ცენტრში, რათა მის ნაცვლად თეთრკანიანი მგზავრი დამჯდარიყო, რაზეც როზამ უარი განაცხადა). ეს სიმართლე ყველა იმ ქალის მხარესაა, ვისაც უთქვამს "მეც" და ყველა იმ კაცის მხარეს, ვინც აირჩია, ჩვენთვის მოესმინა. მთელი ჩემი კარიერის მანძილზე, მუდმივად ვცდილობდი, ტელევიზიითა თუ ფილმებით, ადამიანებისთვის ამეხსნა, როგორ იქცევიან სინამდვილეში კაცები და ქალები: როგორ განიცდიან სირცხვილს, სიყვარულს, ბრაზს... როგორ ეცემიან, იხევენ უკან, მერე კი ფეხზე დგებიან და ბრძოლას აგრძელებენ.

 

მინდა ყველა იმ გოგოს ვუთხრა, ვინც ახლა მიყურებს: ჰორიზონტზე ახალი დღე ჩანს და როცა ეს დღე, ბოლოს და ბოლოს, გათენდება, ეს იმ არაჩვეულებრივი ქალების დამსახურება იქნება, რომლებიც აქ სხედან. ასევე იმ კაცების, რომლებიც იბრძვიან იმისთვის, რომ შექმნან მომავალი, სადაც აღარავინ იტყვის "მეც" (#metoo). დიდი მადლობა".


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი