logo_geo
Facebook-ის აქციები მკვეთრად ეცემა, ცუკერბერგი მილიარდებს კარგავს
- +

21 მარტი. 2018. 13:49


მარტის შუა რიცხვებში, ბრიტანულმა The Guardian-მა და ამერიკულმა The New York Times-მა გამოქვეყნეს საგამოძიებო სტატიების სერია კომპანია Cambridge Analytica-ზე, რომელმაც Facebook-ით 50 მილიონი ამერიკელის ქცევაზე მონაცემები მოიპოვა და შემდეგ ეს მასალა მათთვის მიზნობრივი პოლიტიკური რეკლამის მიყიდვისთვის გამოიყენა. Facebook-მა მონაცემთა გაჟონვის შესახებ იცოდა, მაგრამ ზომები არ მიუღია. კომპანიის აქციები მკვეთრად ეცემა, მარკ ცუკერბერგს, რომელსაც ჯერჯერობით სკანდალზე არაფერი უთქვამს, კონგრესში დაბარებით ემუქრებიან, ევროკომისიაც გამოძიებას იწყებს. უმსხვილესი სოციალური ქსელი თავისი არსებობის განმავლობაში ყველაზე დიდ კრიზისში აღმოჩნდა.


Facebook მომხმარებლების მონაცემების გაჟონვის ფაქტს არ აღიარებს


კემბრიჯის უნივერსიტეტის თანამშრომელმა ალექსანდრ კოგანმა 2014 წელს ფსიქოლოგიური ტესტი შექმნა. მომხმარებლებს ტესტის შესავსებად ავტორიზაცია facebook-ით უნდა გაევლოთ. ტესტი აგროვებდა არამხოლოდ იმ მომხმარებლების პირად მონაცემებს, რომლებიც მას ავსებდნენ, არამედ ინფორმაციას მათი პროფილების და ყველა მათი მეგობრის „ლაიქების" შესახებ. ტესტის შევსება ფასიანი იყო. მოგვიანებით მონაცემები ბრიტანულ კომპანია Cambridge Analytica-ში მოხვდა, რომელმაც ის პოლიტიკური რეკლამის მიზნობრივ ჯგუფებზე მორგებისათვის გამოიყენა. ამგვარად, თავად მომხმარებლები მოტყუებულები აღმოჩდნენ: ტესტში მითითებული იყო, რომ მონაცემები გროვდებოდა კვლევების მიზნით და მათ მესამე პირს არ გადასცემდნენ. ტესტი, რომელიც ამერიკელებზე იყო ორიენტირებული 270 ათასმა ადამიანმა შეავსო; სწორედ მათგან გაჟონა მონაცემებმა 50 მილიონ ადამიანზე.


კომპანია Cambridge Analytica აშშ-ში თანამშრომლობდა რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატების ტედ კრუზის და დონალდ ტრამპის შტაბებთან. ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი, ასევე მისი ყოფილი მრჩეველი თეთრ სახლში - სტივ ბენონი - Cambridge Analytica-ს ვიცეპრეზიდენტია. რამდენად არსებითი გავლენა მოახდინა კამპანიამ არჩევნების მიმდინარეობაზე, დაზუსტებით ცნობილი არ არის, მაგრამ სულ ცოტა დაირღვა ამერიკული კანონები, რომლებიც უცხოელებს (Cambridge Analytica-ში მუშაობდნენ დიდწილად ბრიტანელები და კანადელები) უკრძალავს ქვეყანაში პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებულ საქმიანობას.


ცნობილ საერთაშორისო გამოცემებში გამოძიებების გამოქვეყნებიდან თითქმის ერთი კვირა გავიდა, მაგრამ Facebook-ის ხელმძღვანელ მარკ ცუკერბერგს განცხადება არ გაუკეთებია. ეს მომხმარებლების, პოლიტიკოსების და Facebook-ის თანამშრომლების უკმაყოფილებასაც იწვევს. კონგრესმენები აცხადებენ, რომ ცუკერბერგი უნდა ჩავიდეს ვაშინგტონში, კონგრესში და ჩვენება მისცეს დეპუტატებს: ბევრ მათგანს მიაჩნია, რომ ქსელი არასაკმარისად ზრუნავს თავისი მომხმარებლების მონაცემების დაცვაზე, ხოლო სოციალურ ქსელში 2 მილიარდზე მეტი ექაუნთია.


19 მარტს, ნიუ-იორკის ბირჟაზე ვაჭრობის შედეგებით, Facebook-ის აქციები 6,8%-ით დაეცა, ხოლო თავად ცუკერბერგმა, რომელიც კომპანიის ძირითადი მფლობელია, 6 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა. აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ განაცხადა, რომ Facebook-თან დაკავშირებით გამოძიებას დაიწყებს; იმავეს აცხადებენ ევროკომისიაში.

 

Facebook უსაფრთხოების მთავარმა სპეციალისტმა დატოვა

 

იმავდროულად, Facebook-ის ერთ-ერთმა წამყვანმა თანამშრომელმა, საინფორმაციო უსაფრთხოების დირექტორმა ალექს სტამოსმა განაცხადა, რომ საქმეებს სხვას გადააბარებს და 2018 წლის აგვისტოში კომპანიას დატოვებს. სტამოსი ატარებდა გამოძიებას, რომელსაც უნდა შეეფასებინა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებაში რუსული „ტროლების ფაბრიკის" წვლილი. The New York Times-ი კომპანიაში თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საინფორმაციო უსაფრთხოების დირექტორი გამჭვირვალე გამოძიებას ემხრობოდა: მას სურდა მომხმარებლებისთვის რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მიწოდება იმაზე, თუ კონკრეტულად როგორ იყენებდნენ რუსი ტროლები სოციალურ ქსელს, თუმცა Facebook-ის ხელმძღვანელების მხრიდან წინააღმდეგობა შეხვდა. რუსების ჩარევის შემსწავლელ ჯგუფში, რომელსაც სტამოსი ხელმძღვანელობდა, თავიდან 120 ადამიანი იყო, ახლა ის 3 თანამშრომლამდე შეამცირეს, ხოლო თავად სტამოსის უფლებამოსილებების ნაწილი სხვა დეპარტამენტებს გადასცეს.


სტამოსის გუნდმა ჯერ კიდევ 2016 წლის ნოემბერში აღმოაჩინა იმის მტკიცებულებები, რომ რუსეთის „ტროლების ფაბრიკა" აქტიურად ავრცელებდა facebook-ში დემოკრატიული პარტიის გატეხილი მიმოწერის შესახებ ცნობებს. The New York Times-ი წერს, რომ Facebook-ის ტოპ-მენეჯერები აქტიურად უშლიდნენ ხელს სტამოსს და სთხოვდნენ მას რუსული კვალის შესახებ არაფერი ეთქვა, ვიდრე უფრო სერიოზული მტკიცებულებები არ გამოჩნდებოდა. საბოლოო ჯამში, წინასაარჩევნო პერიოდში რუსი ტროლების აქტიურობის შესახებ ამერიკამ პრესისგან (მათ შორის რუსული მედიისგანაც) გაიგო და არა სოციალური ქსელის წარმომადგენლებისაგან.


მომხმარებლების პირადი მონაცემები ობამას შტაბმაც გამოიყენა ჯერ კიდევ 2008 წელს

 

Cambridge Analytica-ს დახმარებით მომხმარებლების შესახებ მონაცემებს პოლიტიკური მიზნით მხოლოდ ტრამპის გუნდი არ იყენებდა, ეს მეთოდი გამოიყენა 2008 წლის არჩევნების წინ ბარაკ ობამას შტაბმაც. საპრეზიდენტო არჩევნებში ობამას პირველი გამარჯვება დიდწილად სოციალურ ქსელებში ინოვაციური სარეკლამო კამპანიის დამსახურება იყო. ქსელები სწორედ იმ დროს ყალიბდებოდნენ გავლენიან პლატფორმებად. ობამას შტაბმა კანდიდატის მხარდამჭერებისთვის აპლიკაცია შექმნა, რომელიც facebook-დან აგროვებდა მონაცემებს არამხოლოდ იმის შესახებ ვინც ეს აპლიკაცია დააყენა, არამედ ყველა მის მეგობარზე.


ამ სისტემის წყალობით, არჩევნებამდე დარჩენილ რამდენიმე კვირაში ობამას გუნდმა მასობრივად შესთავაზა პოლიტიკური რეკლამა facebook-ის ახალგაზრდა მომხმარებლებს, რომლებსაც სხვაგვარად ვერ დაუკავშირდები, რადგან ახალგაზრდებს სახლის ტელეფონი ხშირად არც აქვთ.


ბარაკ ობამას შტაბის ყოფილმა თანამშრომელმა კეროლ დევიდსენმა Twitter-ზე დაწერა, რომ Facebook-ის თანამშრომლები ძალიან გაკვირვებულები დარჩნენ, როდესაც გაიგეს, რომ არსებობდა მომხარებლებზე და მათ მეგობრებზე მონაცემების იოლად მოპოვების შესაძლებლობა, თუმცა ჩარევა არ უცდიათ. სოციალური ქსელის ბევრი თანამშრომელი მხარს უჭერდა ობამას და დევიდსენის თქმით, მათ გაცნობიერებულად მისცეს ობამას შტაბს იმ მონაცემების შეგროვების საშუალება, რომელიც სხვას არავის გააჩნდა.


2015 წელს Facebook-მა ოფიციალურად აკრძალა მომხმარებლებზე მონაცემების მასობრივი გაცემა. ახლა გვერდითი აპლიკაციით შესაძლებელია წვდომა მხოლოდ მომხმარებლის საჯარო პროფილთან ანუ ინფორმაციასთან, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია თუ ადამიანი მას თავისი სურვილით ხსნის და საფოსტო მისამართთან.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი